დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/785 16 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: რაიონული პროკურატურიდან რესპუბლიკურ პროკურატურაში გაგზავნილი წარდგინების გაუქმების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი :
ზ. მ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა რაიონული პროკურატურიდან რესპუბლიკის პროკურატურაში გაგზავნილი მოხსენებითი ბარათის, რომელიც გახდა საფუძველი მისი პროკურატურის სისტემიდან დათხოვნის, გაუქმება შემდეგი საფუძვლით: 1997 წლის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ბრძანებით დაინიშნა ოზურგეთის რაიონის პროკურატურის .....-ად. 1998 წლის 25 სექტემბერს ჩატარდა ატესტაცია, ატესტაციის შედეგები ცნობილი არ იყო, 1998 წლის 2 ოქტომბრიდან გავიდა კუთვნილ შვებულებაში. შვებულებაში ყოფნის დროს გახდა ავად, რის გამოც შვებულებიდან სამუშაოზე ვეღარ გავიდა, რის შესახებაც იცოდნენ პროკურატურაში იმის გამო, რომ იყო ავად და ოჯახში ჰქონდა მძიმე მდგომარეობა. გადაწყვიტა დროებით პირადი განცხადების საფუძველზე წამოსულიყო პროკურატურიდან და დარჩენილიყო კადრების რეზერვში, რის შესახებაც ორჯერ მიმართა პროკურატურას, მაგრამ მისი განცხადებები დაიკარგა. 1999 წლის 7 აპრილს კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ რაიონისა და ოლქის პროკურორის წარდგინებების საფუძველზე გენერალური პროკურორის მიერ გამოცემულ იქნა მისი დასჯის ბრძანება. მოსარჩელე მოითხოვს რაიონის პროკურატურის წარდგინების გაუქმებას.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გურიის საოლქო პროკურატურის 1998 წლის 16 ნოემბრის წარდგინება რომელსაც წინ უსწრებდა ოზურგეთის რაიონის პროკურორის იმავე წლის 12 ნოემბრის ინფორმაცია _ მოხსენებითი ბარათი საოლქო პროკურატურისადმი, რათა გენერალურ პროკურატურაში დაეყენებინათ საკითხი მოსარჩელის სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო ......-ის მოვალეობისაგან მისი გათავისუფლების შესახებ, კანონიერია და ეყრდნობა რეალურ ფაქტებსა და გარემოებებს. რაიონულმა სასამართლომ, ასევე გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ გარემოება თუ რამდენად საკმარის საფუძველს წარმოადგენს მოხსენებითი ბარათი დასჯის შესახებ გენერალური პროკურორის 1998 წლის 12 დეკემბრის ბრძანების კანონიერად ცნობისათვის სასამართლოს მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ. მ-ძემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ზ. მ-ძის სარჩელი. გაუქმდა გურიის საოლქო პროკურორის 1998 წლის 16 ნოემბრის გენერალური პროკურორის სახელზე დაწერილი მოხსენებითი ბარათი ¹505გ-98.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ-ძეს პროკურატურაში წარდგენილი ჰქონდა ავადმყოფობის ცნობა და რომ პროკურატურისათვის ცნობილი იყო მ-ძის ავადმყოფობის შესახებ, ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზ. მ-ძემ ორჯერ მიმართა გენერალურ პროკურორს გათავისუფლების შესახებ განცხადებით. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2000 წლის 13 აპრილის განჩინებით. იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა “პროკურატურის შესახებ” კანონის რომელი მუხლით იხელმძღვანელა გადაწყვეტილების გამოტანის დროს. საქმის ხელახალი განხილვისას ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 აგვისტოს განჩინებით, ზ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. მ-ძემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მას დაპირისპირება ქონდა პროკურორთან, რის გამოც იგი არ დადიოდა სამსახურებში, გარდა ამისა მან ორჯერ მიმართა გენ. პროკურორს განცხადებით გათავისუფლების შესახებ მაგრამ ეს განცხადებები გაქრა.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი :
დადგენილია, რომ მოსარჩელე შვებულებაში იმყოფებოდა 1998 წლის 5 ნოემბრამდე. შვებულების შემდეგ იგი სამუშაოზე აღარ გამოცხადებულა. მისი განმარტებით იყო ავად თუმცა საქმეში წარმოდგენილია მისი ამბულატორული მკურნალობის შესახებ ცნობა რომელიც მხოლოდ 1998 წლის 3 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. თვითონ მოსარჩელეც არ უარყოფს, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგაც იგი სამუშაოზე არ გამოცხადებულა. სააპელაციო სასამართლომ მოწმის თ. დ-ძის, ვ. ვ-ძის, ლ. მ-ძის და მ. მ-ძის ჩვენებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზ. მ-ძემ არასაპატიო მიზეზით გააცდინა სამუშაო პროკურატურის შესახებ კანონის 34-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად კი პროკურატურის მუშაკს სამსახურიდან დაითხოვენ სამსახურებრივი დისციპლინის უხეშ ან სისტემატური დარღვევისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა პროკურატურის შესახებ კანონის 34-ე მუხლის “ე” პუნქტი და საქმეზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 აგვისტოს განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.