საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100123007296136
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1147აპ-25 1 აპრილი, 2026 წელი
ა–ი ა., №1147აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ნ–ისა და ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ა–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 13 აპრილს, ღამის საათებში, ქ.ბ–ში, .... ქუჩა N..-ში, მდებარე N.. საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ა. ა–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ. ბ–ას, კერძოდ, ხელები დაარყა სახეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ფიზიკური ძალადობის შედეგად მ. ბ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურებული ვერ იქნა ა. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ჩადენა.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის განაჩენით, ა. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით გამართლდა.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ და მოითხოვა ა. ა–ის დამნაშავედ ცნობა და მის მიმართ მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის გამამართლებელი განაჩენი ა. ა–ის მიმართ. ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით და სასჯელის სახედ ზომად განესაღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 13 აპრილიდან 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით, ა. ა–ს ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და საბოლოოდ, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 საათი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, ა. ა–ის მიერ მ. ბ–ას მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და შესაბამისად დადგენილად არ სცნო ქმედების ამ ნიშნით ჩადენა.
3.2. 2025 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა მსჯავრდებულ ა. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – თ. ნ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. 2025 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით ასევე მომართა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ თორნიკე გოგეშვილმა და მოითხოვა ა. ა–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებით, კერძოდ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის დადგენა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. განაჩენი ემყარება იმ სახის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებას. იმის გამო, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, ვერ იქნა დადგენილი, რომ ა. ა–მა იძალადა დაზარალებულზე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დანარჩენ მტკიცებულებებს ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან მათი პირველწყარო დაზარალებულია, რომელმაც არ დაადასტურა მათი ავთენტურობა. შესაბამისად, განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ერთ მტკიცებულებას – მოწმე მ. ბ–ას ჩვენებას, რაც არაა საკმარისი გამამყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, განაჩენი ეფუძნება დაუშვებელ მტკიცებულებას, რაც საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევაა, რის გამოც კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა გაუქმდეს.
4.2. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია დასკვნისათვის, რომ ა. ა–მა გენდერული ნიშნით იძალადა ყოფილ მეუღლეზე. რის გამოც, მას მსჯავრი უნდა დაედოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენაში და დანიშნოს შესაბამისი, მკაცრი სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს პირის გამართლება/გამტყუნებას ან კვალიფიკაციის შეცვლას, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს თითოეული მუხლით/მუხლის ნაწილით პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის უკანონობა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები ვერ უთითებენ სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის დამადასტურებელ გარემოებებზე.
5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ა–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.4. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.
5.5. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დაზარალებულმა – მ. ბ–ამ – სასამართლოში ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის – ა. ა–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც, შეუძლებელია მისი გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება, თუმცა, დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია არტურ აკორპიანის მიერ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად. კერძოდ, სასამართლომ უშუალოდ მოუსმინა ფაქტის თვითმხილველ მოწმეს – მ. ბ–ას, რომელმაც დაადასტურა ყოფილი სიძის – ა. ა–ის მიერ მისი შვილის მიმართ ძალადობა. ამასთან, პოლიციის თანამშორომლებმა რ. ბ–მ და ი. შ–მ, შემთხვევიდან მალევე იხილეს აღელვებული დაზარალებული, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები სახეზე, კისერზე აღენიშნებოდა სიწითლე და განმარტავდა, რომ ისინი მისმა მეუღლემ ა. ა–მა მიაყენა. მათი ჩვენებები კი, გამყარებულია შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით, ასევე სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნულ მტკიცებულებებში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ დაზარალებული დაზიანების მიმყენებლად ა. ა–ს ასახელებს. ის ფაქტი, რომ ძალადობის შედეგად დაზიანება მიიღო მ. ბ–ამ დგინდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N........ დასკვნით, რომლის თანახმად, სამედიცინო შემოწმებისას (13.04.2023 წელი) მ. ბ–ას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
5.6. ამასთან, მართალია, ჩვენების მიცემაზე დაზარალებულის უარის გამო, სასამართლოსთვის უცნობია მისი განმარტება ძალადობის შედეგად განცდილ ფიზიკურ ტკივილთან მიმართებით, თუმცა ამგვარ მოცემულობაში, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, რადგან „ოჯახური ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის – ფიზიკური ტკივილის – განცდის დადგენა შესაძლებელია, როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე – საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №443აპ-20 განაჩენი).
5.7. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ძალადობისას მ. ბ–ამ განიცადა ტკივილი.
5.8. შესაბამისად, საქმეში არსებული ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.9. საკასაციო პალატა ყურადღებას ამხვილებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება დაუშვებელ მტკიცებულებას და მიუთითებს, რომ აღნიშნული არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობის გამო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივნისისა და 15 ივნისის სასამართლო სხდომების ოქმებისა და 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით ირკვევა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი სრულად, როგორც სადავო მტკიცებულებები. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოს წინაშე არ უშუამდგომლია, ბრალდების მხარის რომელიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაცვის მხარის აღნიშნული მოთხოვნაც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5.10. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის 2025 წლის 4 აპრილიდან მოქმედი რედაქცია, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის“ ნაცვლად, სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის ჩადენას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“. საგულისხმოა, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის“ ამოღება არ გულისხმობს „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“ ჩადენილი დანაშაულებისთვის დამამძიმებელი გარემოების სამართლებრივი სტატუსის მოხსნას. აღნიშნული ცვლილება უმთავრესად ემსახურება ტერმინის „გენდერის“ შეცვლას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის“ კონსტიტუციური ტერმინით. შესაბამისად, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი“, ავტომატურად არ გამოიწვევს განაჩენების გადასინჯვას და სასჯელის შეცვლას, რადგან პირის მიერ ჩადენილი ქმედება და მისი მოტივი არა სიტყვასიტყვით, არამედ შინაარსობრივად უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N30აპ-25 გადაწყვეტილება).
5.11. საკასაციო პალატის შეფასებით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივი გამოიხატება ქალსა და მამაკაცს შორის არსებული უთანასწორო ძალაუფლებრივი მდგომარეობით, ქალის/მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინების სურვილით, რაც დადასტურებული უნდა იქნეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, არ დასტურდება, რომ ა. ა–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა ამ მოტივით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს ბრალდების მხარის მიერ საქმეში წამოდგენილი მტკიცებულებები.
5.12. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ა. ა–ს განუსაზღვრა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.13. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებზე დაყრდნობით, ა. ა–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
5.15. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.
5.16. საკასაციო საჩივრების საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020.
5.18. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ნ–ისა და ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე