საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.04.2026
საქმის ნომერი
2კ-35აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124009994682

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№35აპ-26 ქ. თბილისი

გ–ე ო., 35აპ-26 27 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო–იის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენით ო. გ–ე, – დაბადებული 19...– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ო. გ–ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2024 წლის 13 ივნისს, საღამოს, ქ. თ–ში, ს–ს ქუჩის №..-ის მიმდებარედ, ო. გ–ემ ურთიერთშელაპარაკების გამო, მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, კისრისა და გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა მ. წ–ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო–იის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. მ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო–იის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. მ–ემ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ო. გ–ის მსჯავრდება არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, არამედ – მხოლოდ ვარაუდებს, შესაბამისად, გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. კასატორის მითითებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა წერილობითი და ვიდეომტკიცებულებები, დაკითხა მოწმეები, თუმცა ვერ შექმნა უტყუარ სამხილთა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ო. გ–ის ბრალეულობას, კერძოდ: ათეულობით მოწმიდან ვერცერთმა ვერ დაადასტურა მკვლელობის ფაქტი, რამეთუ ბრალადშერაცხილ ქმედებას არ ჰყავს თვითმხილველი, ხოლო სასამართლოში დაკითხული მოწმეები გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებს. მოწმეები – ი. ხ., თ. ხ., ბ. კ. და ი. ა., ადასტურებენ, რომ ო. გ–ე, მას შემდეგ, რაც მ. წ–ი გაერიდა მას, უკან აღარ გაჰკიდებია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, რასაც ცხადყოფს გამოკვლეული ვიდეჩანაწერიც. საინტერესოა გამომძიებელ ა. ჟ–ის ჩვენება, რომლის მიხედვით, ო. გ–ის თქმით, მ. წ–მა სცემა, მაშინ, როდესაც არც ბრალდების მხარე უარყოფს და სამედიცინო ექსპერტიზითაც დადგენილია, რომ მსჯავრდებულს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ფონოსკოპიური ექსპერტის – ზ. ო–ს ჩვენების მიხედვით, მან გაშიფრა კრებსითი ამონაწერი, მხოლოდ აუდიო ნაწილი, თუმცა, ვინ საუბრობდა – ამაზე პასუხი არ ჰქონია. სამედიცინო ექპერტმა – ს. გ–ამ განაცხადა, რომ ექსპერტიზა ვერ იმსჯელებდა, როდის ჰქონდა მიყენებული მ. წ–ს დაზიანებები. შ. დ–ის ჩამწერი მოწყობილობიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერთან დაკავშრირებით ბრალდების მხარემ თავად განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ო. გ–ე ურტყამს დანას მ. წ–ს და ჩანაწერში გაჟღერებული ხმებიც საკუთარი ინტერპრეტაციით შეაფასა. სინამდვილეში, არცერთი მტკიცებულებით არ გამოირიცხა და, მეტიც, გამოიკვეთა, რომ სრულიად შესაძლებელია, თუკი დავუშვებთ, რომ მ. წ–ს ჭრილობები ო. გ–ემ მიაყენა, მსჯავრდებულის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებების გათვალისწინებით, შესაძლოა, იგი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში

ყოფილიყო. დასკვნის სახით, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, მოწმეების ნაწილი ადასტურებს მხოლოდ, რომ გარდაცვლილი მ. წ–ი ჩამორბოდა ქუჩიდან, რომელსაც, მათი შეფასებით, უკან მოჰყვებოდა ო. გ–ე, რომელსაც, სავარაუდოდ, ეჭირა დანა, თუმცა მისი რეალურად არსებობა და ო. გ–ესთან შემხებლობა არ არის დადგენილი; მეორე მხრივ, მოწმეების აბსოლუტური უმრავლესობის მონათხრობი ირიბია და ეფუძნება სხვათ პირთა მონათხრობს. ამდენად, ბრალდების მხარემ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ო. გ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა – ს. გ–ამ, დადგენილია: მ. წ–ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი და ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ფილტვის, წელისა და ზემო ფარისებრი არტერიის დაზიანებით. მ. წ–ის გვამს გამოკვლევისას აღენიშნებოდა: სხეულის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი და ნაკვეთი ჭრილობები კისრის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში, რომელიც გადადიოდა ირიბ-განივად მარცხენა გვერდით ზედაპირზე, ზედა მესამედში, ტერფის ძირიდან 150 სმ დაშორებით, აზიანებდა კანს, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, კისრის კუნთებსა და მარცხენა, ზემო ფარისებრ არტერიას სრულად; გულმკერდის მარცხენა, გვერდით ზედაპირზე, იღლიის წინა ხაზზე, მე-5 და მე-6 ნეკნებს შორის, ტერფის პირიდან 130 სმ დაშორებით, აზიანებდა კანს, კანქვეშა ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილს, მიემართებოდა მარჯვნივ, შედიოდა გულმკერდის ღრუში, აზიანებდა მარცხენა ფილტვის ზედა წილის ქვედა მესამედს, პერიკარდს და მარცხენა პარკუჭის წინა, გვერდითა კედელს, სადაც აღინიშნებოდა სწორკიდეებიანი ჭრილობა, სიგრძით 4X1,5 სმ. ჭრილობის არხი მიმართულებით ირიბად, მარცხნიდან მარჯვნივ, წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ. ჭრილობის არხი სიგრძით – 6,5 სმ; დაზიანებები იყო სიცოცხლისდროინდელი, მიზეზობრივად დაკავშირებული დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა ბრალადშერაცხილი ქმედების თარიღს. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა, გვერდით ზედაპირზე, განვითარებული ოყო რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, ხოლო ნაკვეთი ჭრილობა, კისრის წინა ზედაპირზე – რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად. გვამზე არსებული დაზიანებები ერთობლივად მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს – როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

9. ბრალდების მხარის მტკიცებით, ო. გ–ემ ხელთ ნაქონი დანით მ. წ–ს მისი განზრახ მოკვლის მიზნით მიაყენა ორი ჭრილობა, ხოლო დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ უტყუარად ვერ დაადასტურა ო. გ–ის მიერ მ. წ–ის განზრახ მკვლელობა ან, უკიდურეს შემთხვევაში, იმის დაშვებით, რომ გარდაცვლილს მსჯავრდებულმა მიაყენა ჭრილობები, ო. გ–ე შესაძლოა, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფილიყო.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, თითქოსდა, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით უტყუარად არ დგინდება, რომ მ. წ–ს სასიკვდილო დაზიანებები სწორედ ო. გ–ემ მიაყენა, რამეთუ საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი არაერთი სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებით, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს ო. გ–ის მიმართ, წარდგენილი კვალიფიკაციით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, მოწმე ბ. კ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის საღამოს, როდესაც შინ ბრუნდებოდა, შემოესმა ყვირილი და დაინახა მამაკაცი, რომელიც დაღმართზე ჩამორბოდა და გულზე იკიდებდა ხელს, უკან კი მისდევდა მამაკაცი, რომელსაც დანა ეკავა ხელში. როდესაც პირველი მამაკაცი ასფალტზე დაეცა, მისმა მდევარმა დანა იქვე მყოფ სხვა მამაკაცს მოუღერა და შემდეგ გაერიდა შემთხვევის ადგილს; ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი ცხადყოფს, რომ ბ. კ–ემ მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო ო. გ–ე, რომელიც შემთხვევის დროს ნახა დანით ხელში; ბ. კ–ის ჩვენება, თავის მხრივ, თანხვდენილია მსჯავრდებულისა და გარდაცვლილის მეზობლების – ი. ხ–სა და თ. ხ–ის – მონათხრობთან. აქედან, თ. ხ–ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო განხილვის დროს) დასტურდება, რომ შემთხვევის საღამოს იმყოფებოდა ი. ხ–სთან ერთად. ქუჩიდან შემოესმათ მ. წ–ის ყვირილი, გარეთ გასულებმა კი ნახეს, როგორ ჩამორბოდა ქუჩაზე მ. წ–ი, რომელსაც გულზე ეკიდა ხელი, მაისური სისხლით ჰქონდა დასვრილი და ამბობდა, რომ ო–მა დაჭრა. მას უკან მისდევდა ო. გ–ე, რომელსაც მარჯვენა ხელში ეკავა დანა. ო. გ–ემ დაინახა თუ არა, ჯერ მისკენ გაიწია, ხოლო, მას შემდეგ, რაც მან თავი აარიდა – ი. ხ–სკენ, რომელმაც ეზოში შევარდნით უშველა თავს; თავის მხრივ, ი. ხ–ს ჩვენების მიხედვით, დაინახა დაჭრილი მ. წ–ი, რომელსაც გულზე ედო ხელი, ქუჩაზე ჩამორბოდა და ყვიროდა, ო–მა დამჭრაო. მას უკან მოჰყვებოდა ო. გ–ე, რომელსაც ხელში ეკავა დანა. მსჯავრდებულს დაუძახა, დანა დაეგდო, რომელიც მისკენ გამოემართა, რამაც შეაშინა, ეზოში შევარდა და კარი ჩაკეტა. ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებები თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, რამეთუ, ერთი მხრივ, ზედმიწევნით თანხვდენილია ერთმანეთთან, ხოლო, მეორე მხრივ, არც საკასაციო საჩივრიდან იკვეთება და არც საქმის მასალებით დადგენილა, რატომ უნდა ემხილათ ამ მოწმეებს ცრუდ ესოდენ მძიმე, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ო. გ–ე, რომლის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ ჰქონიათ; იმავდროულად, საქმეში წარმოდგენილია შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც, ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობიდ ძალიან მაღალი ფასი აქვს და რომელიც ცხადყოფს, როგორ გარბის მ. წ–ი ქუჩაზე, აცვია სახლის ჩუსტები, რომლებიც სირბილის დროს ძვრება და წინდებით განაგრძობს სირბილს. ამ დროს, მარცხენა ხელს იკიდებსგულზ ე. იმავდროულად, ქუჩაში გამოდიან – თ. ხ–ი და ი. ხ–. ჩანს ო. გ–ც, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მისდევს უკან მ. წ–ს. მსჯავრდებული მარცხენა ხელით ეწევა სიგარეტს, ხოლო მარჯვენა ხელში უკავია დანა. ნახევრად მოხრილი მ. წ–ი ცდება ი. ხ–ს და ვარდება ძირს. ო. გ–ეს წინ გადაუდებიან მეზობლები – ი. ხ– და თ. ხ–ი. მსჯავრდებული დანით ხელში, სწრაფად მიემართება ჯერ თ. ხ–ისკენ, რომელიც გარბის და შორიახლოს ჩერდება, თან რაღაცას იძახის ხულების ჟესტიკულაციით. ო. გ–ე ანებებს მას თავს, ტრიალდება ი. ხ–სკენ და ახლა მისკენ მიდის დანით აგრესიულად. ი. ხ. უკუსვლით მიემართება სახლისკენ, სადაც შედის და ხურავს კარს. ო. გ–ე მიდის დაკეტილ კართან და შემდეგ ბრუნდება აღმართზე. ერთ ხელში ისევ უჭირავს დანა, ხოლო მეორე ხელით ისევ ეწევა სიგარეტს. უკეთია სათვალე და სახეზე არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნება. სახლიდან გამორბის ო. გ–ის ქალიშვილი – ა. გ–ე და მიდის მამისკენ. ქუჩაში კი ხალხი გროვდება; აქვე საყურადღებოა მოწმე ი. ა–ას ჩვენება, რომლის თქმით, შემთხვევის დღეს შეესწრო, როგორ ჩამორბოდა ქუჩაზე ორი მამაკაცი, რომელთაგან პირველს გულზე ეკიდა ხელი და იძახდა – „დამჭრესო“, ხოლო მის უკან მომავალს მარჯვენა ხელში ეკავა დანისმაგვარი საგანი, ისევე, როგორც – მსჯავრდებულის ოჯახში სტუმრად მყოფი ა. ჩ–ს მონათხრობი, რომლის მიხედვით, ქუჩიდან შემოესმათ მსჯავრდებულის მეუღლის ყვირილის ხმა და დაინახა ო. გ–ე, რომლისკენაც გაიქცა მისი ქალიშვილი. მსჯავრდებულს ხელში ეკავა დანისმაგვარი საგანი, ხოლო მიწაზე იწვა უცნობი მამაკაცი; ასევე საინტერესოა ფონოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა – ზ. ო–ემ და რომლის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილ ჩანაწერში: „..........“ საუბრობს ძირითადად 2 დიქტორი: დიქტორი 1 (მამაკაცი ო. გ–ე) და დიქტორი 2 (ქალი – ო. გ–ის შვილი, ა. გ–ე): 1: „– რა გინდა,.. რა?!“ 2: „ – რა ხდება? მამა, გთხოვ, მამა! მამა, გთხოვ, რატო აკეთებ?!... რა გააკეთე?“ ჩანაწერში „........-......“ საუბრობს ძირითადად 3 დიქტორი: დიქტორი 1 (მამაკაცი მ. წ–ი), დიქტორი 2 (ქალი – ო. გ–ის შვილი, ა. გ–ე), დიქტორი 3 (მამაკაცი ო. გ–ე). 3: „– ... გამოიხედე...“ 1“ „– გადი! ვახ! შენი!“ 2: „ – მამა! .... რატო აკეთებ? ... მამა, რა გააკეთე?“ 3: „– არაფერი“. 2: „– მამაა, ...მამაა“. 3: „ – არაფერი. 2: „ – ... ვინ დაჭერი, მამა?“. სასამართლოში გამოკვლეულია შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ცხადყოფს, როგორ მიდის კუთვნილი ავტომანქანით ო. გ–ე გარდაცვლილის სახლთან, იძახის, რომ გამოხედონ, რის შემდეგაც ისმის გარდაცვილის შეძახილი: „ – ვახ, ჩემი...“ და გაქცევის ხმა. ასევე – სხვა ადამიანის ხმა: „ – რა გინდა ო–?“, რასაც თან სდევს მსჯავრდებულის ხმამაღალი საუბარი თავის ქალიშვილთან, რა დროსაც ა. გ–ე ეუბნება: „ – მამა, რატომ ქენი? რა დღეში ჩაგვაგდე?“, რაზეც იგი პასუხობს: „ – არავის მივცემ ჩვენი ოჯახის ...“. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულმა ო. გ–ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, ხოლო მისმა მეუღლემ – ნ. ჯ–მა და ქალიშვილებმა – ს. და ა. გ–ებმა, გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს მათი ოჯახის წევრის საწინააღმდეგო ჩვენებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა, რომ მ. წ–ს სასიკვდილო დაზიანებები სწორედ ო. გ–ემ მიაყენა და არ არსებობს საპირწონე მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან თუნდაც საეჭვოს გახდიდა მის მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.

12. დანაშაულის ჩადენის დროს, მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღის (მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის), გარდაცვლილისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, ლოკალიზაციისა და ხარისხის (სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჭრილობები, სიცოცხლისათვის მეტად სახიფათო – გულმკერდისა და კისრის არეებში), ისევე, როგორც – მსჯავრდებულის დანაშაულის ჩადენამდე და მისი შემდგომი ქცევის გათვალისწინებით, როდესაც ო. გ–ემ განზრახვის აღსასრულებლად, შეიარაღებულმა მიაკითხა შინ ნ. წ–ს, ხოლო მისთვის ჭრილობების მიყენების შემდეგ, ქუჩაში სდია, მანამ, სანამ იგი უგონოდ არ დაეცა მიწაზე, ხოლო შემთხვევის ადგილზე მყოფ ადამიანებს არ მისცა მასთან და გარდაცვლილთან მიახლოების შესაძლებლობა, ცალსახად გამორიცხავს მის გაუფრთხილებლად მოქმედებას და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მას სურდა მ. წ–ის სიცოცხლის განზრახ მოსპობა ან, როგორც მინიმუმ, ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №593აპ-15 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4). შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით ნათლად იკვეთება, რომ სწორედ ო. გ–ემ მიაკითხა შინ მყოფ მ. წ–ს, რომელსაც სიცოცხლისათვის მეტად სახიფათო არეებში მიაყენა ჭრილობები და, მეტიც, ფეხშიშველს სდია, სანამ მისი მსხვერპლი უგონოდ არ დაეცა და არ გარდაიცვალა, უპირობოდ გამორიცხულია გარდაცვლილის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის მოგერიებისას მისი დაზიანება და, შესაბამისად, ო. გ–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა.

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა შესაბამისად შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ.: მაგალითად: Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ო. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე