საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100125011503469
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1137აპ-25 ქ. თბილისი
კ. დ. 1137აპ-25 15 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ნ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: დ. კ–ს, – დაბადებული 19.. წელს, პასპორტის №............, ...ს ფედერაციის მოქალაქე, – ბრალად ედებოდა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2025 წლის 28 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, რ–ს გამზირისა .... ქუჩების კვეთაზე ყოფნისას, დ. კ–მა ხელის დარტყმით განზრახ დააზიანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი „Hyundai Staria“-ს მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით: .....) უკანა საქარე მინა, რამაც 1 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის განაჩენით:
2.1. დ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით;
2.2. დ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2025 წლის 30 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი როინ ხინთიბიძე ითხოვდა ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში – მსჯავრდებულ დ. კ–ისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;
3.2. მსჯავრდებულ დ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ. მ–ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა დ. კ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით ან საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ნ–მ. კასატორი ითხოვს დ. კ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ სასჯელის სახით 2 000 ლარი ჯარიმის გამოყენებას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011).
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს დ. კ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
9.1. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს დ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი რათა მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს, მათ შორის, „ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
11. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
12. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენით, დ. კ–ისთვის სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა როგორც დ. კ–ის აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ზიანის ანაზღაურება, ასევე მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, ჩადენილი ქმედების ხასიათი, დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანის განზრახ დაზიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა – შესრულებისას), დ. კ–ის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ (დანაშაულის ჩადენისთანავე მიმალვის და დანაშაულის კვალის დაფარვის (ტანთცმული ქურთუკის და ნიღბად გამოყენებული ნაქსოვი ქუდის გადადგება) მცდელობა), რის საფუძველზეც, განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს.
13. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს უფლებას გადასინჯოს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი მხოლოდ მისი მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).
14. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia, no.42371/08, par. 77, ECtHR, 18/03/2021).
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ნ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე