საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1145აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100123007468498

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1145აპ-25 23 აპრილი, 2026 წელი

თ–ა რ., №1145აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ქ–ა (პირადი ნომერი: ........) და რ. თ–ა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. სსიპ ეროვნულ სააგენტოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ი. ქ–ა 2018 წლის 15 აგვისტოდან იკავებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ...........ის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობას, ხოლო რ. თ–ა 2014 წლის 25 მარტიდან იკავებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ..... რეგიონული სამმართველოს უფროს ინსპექტორის თანამდებობას. სსიპ ეროვნულ სააგენტოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, მ. დ–ია და ნ. დ–ია სურსათის ეროვნულ სააგენტოში იკავებდნენ ვეტერინარის თანამდებობას, ხოლო მ. პ–ა და მ. ყ–ა იკავებდნენ ვეტერინარ ტექნიკოსის თანამდებობას. მ. დ–მ, ნ. დ–იამ, მ. ყ–ამ და მ. პ–ამ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში, ჩ–ს მუნიციპალიტეტში განახორციელეს ცხოველთა ვაქცინაცია-იდენტიფიკაცია, ხოლო მათ მიერ ჩატარებული სამუშაოს მონიტორინგი განახორციელეს ინსპექტორებმა: ი. ქ–ამ და რ. თ–ამ. 2022 წლის 22 მარტს ი. ქ–ამ და რ. თ–ამ, გამოყენების მიზნით დაამზადეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი „ბრუცელოზის ვაქცინაციის და იდენტიფიცირებული მონიტორინგის ფორმა“, რომელშიც ჩაწერეს ცრუ ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების შესახებ. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნეს, რომ მ. ყ–ამ და მ. პ–ამ სოფელ ლ–ში მცხოვრებ ბ. მ–ას კუთვნილ მსხვილფეხა პირუტყვთაგან 17 სულს ჩაუტარეს მხოლოდ იდენტიფიკაცია, ხოლო აცრა არცერთ ცხოველს არ ჩატარებია. ამავე დოკუმენტში აღნიშნეს, რომ მ. ყ–ამ და მ. პ–ამ სოფელ ლ–ში მცხოვრებ ი. ბ–ას კუთვნილ მსხვილფეხა პირუტყვთაგან 4 სულს ჩაუტარეს მხოლოდ იდენტიფიკაცია, ხოლო აცრა არცერთ ცხოველს არ ჩატარებია. აღნიშნულ ყალბ დოკუმენტზე ბ. მ–ას და ი. ბ–ას სახელით შესრულებული ხელმოწერები შესრულებულია ი. ქ–ას მიერ. ამასთან ი. ქ–ამ და რ. თ–ამ დაამზადეს თითქოსდა ბ. მ–ას მიერ ხელმოწერილი „განმარტება N..“, რომელშიც ბ. მ–ა თითქოსდა განმარტავს, რომ მ. ყ–ამ და მ. პ–ამ მის საკუთრებაში მყოფ მსხვილფეხა პირუტყვის მხოლოდ იდენტიფიკაცია მოახდინეს და არა ვაქცინაცია. აღნიშნულ განმარტებაზე ბ. მ–ას სახელით შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია ი. ქ–ას მიერ. ასევე ი. ქ–ამ და რ. თ–ამ დაამზადეს თითქოსდა ი. ბ–ას მიერ ხელმოწერილი „განმარტება N..“, რომელშიც ი. ბ–ა თითქოსდა განმარტავს, რომ მ. ყ–ამ და მ. პ–ამ განახორციელეს მის საკუთრებაში მყოფი მსხვილფეხა პირუტყვის მხოლოდ იდენტიფიკაცია და არა ვაქცინაცია. აღნიშნულ განმარტებაზე ი. ბ–ას სახელით შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია ი. ქ–ას მიერ. ასევე, რ. თ–ამ გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – თითქოსდა მ. დ–იას და ნ. დ–იას მიერ სოფელ ჭ–ში მცხოვრებ ვ. ჯ–თან შედგენილი „სტატუსის განახლების ფორმა N..“ (დათარიღებული 2022 წლის 14 მარტით), რომელშიც რ. თ–ამ ნ. დ–ს და მ. დ–იას სახელით ჩაწერა არასწორი ინფორმაცია, ჩაწერა ცხოველის საიდენტიფიკაციო არასწორი ნომრები. აღნიშნულ დოკუმენტზე მ. დ–იას, ნ. დ–იას და ვ. ჯ– სახელით შესრულებული ხელმოწერები შესრულებულია რ. თ–ას მიერ. ი. ქ–ამ და რ. თ–ამ, მათ მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტები წარუდგინეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ........ რეგიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ბ. ჟ–ს. ამასთან, 2022 წლის 8 აპრილს და 15 აპრილს ი. ქ–ამ და რ. თ–ამ, მათ მიერ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ბ. ჟ–ს მიმართეს მოხსენებითი ბარათებით, რომლებშიც აღნიშნეს, რომ ჩაატარეს მონიტორინგი და სამმართველოს ვეტერინარების: ნ. დ–იას, მ. დ–იას, მ. პ–ას და მ. ყ–ას მიერ 2022 წლის მარტის თვეში „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის დროს აღმოაჩინეს მთელი რიგი დარღვევები. ასევე მოხსენებითი ბარათით მოითხოვეს, რომ აღმოჩენილი დარღვევების გამო ვეტერინარებს არ გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულება და არ მიეცათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება. თავის მხრივ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ...........ის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბ. ჟ–მ, ი. ქ–ას და რ. თ–ას მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათის და მათივე დამზადებული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, წერილობით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფროსს და მოითხოვა, რომ ნ. დ–იას, მ. დ–იასთვის, მ. პ–ასთვის და მ. ყ–ასთვის არ მიეცათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელფასო სარგო, რადგან მათ ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება. ი. ქ–ას და რ. თ–ას მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ნ. დ–იას, მ. დ–იას, მ. პ–ას და მ. ყ–ას არ მიეცათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება. კერძოდ, მ. დ–იას 1300 ლარი, ნ. დ–იას 1300 ლარი, მ. პ–ას 1170 ლარი და მ. ყ–ას 1170 ლარი. ასევე 2022 წლის 31 მარტს მათ არ გაუგრძელდათ შრომითი ხელშეკრულება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი. ქ–ას და რ. თ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისის განაჩენით, ი. ქ–ა და რ. თ–ა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ.

2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ი. ქ–ას და რ. თ–ას წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 11 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ი. ქ–ას და რ. თ–ას წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან არ ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. რ. თ–ა და ი. ქ–ა დასაქმებულები არიან სახელმწიფოს მიერ, შესაბამის სამსახურში – სურსათის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ისინი ახორციელებენ სახელმწიფოს მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას, არიან ინსპექტორები და ევალებათ სააგენტოში დასაქმებული ვეტერინარების მიერ ჩატარებული სამუშაოს მონიტორინგი, რომლის შედეგებსაც ასახავენ სააგენტოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში - ,,ბრუცელოზის ვაქცინაციის და იდენტიფიცირებული მონიტორინგის ფორმა“ (დანართი 9); სადავო გარემოება არაა, რომ მათი უფლებამოსილება იყო ვეტერინარების მიერ ჩატარებული ღონისძიებების – ცხოველთა ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის მონიტორინგი, რაც ჩაატარეს კიდეც. ისინი ვალდებულნი იყვნენ მონიტორინგის ფორმაში სწორად და ჯეროვნად ჩაეწერათ მონიტორინგის შედეგები, ვინაიდან აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენდნენ სააგენტოს და საბოლოოდ, სააგენტო ხელმძღვანელობდა და გადაწყვეტილებას იღებდა სწორედ აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე. ხსენებული, ასევე დადასტურებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის გ. ბ–ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ მათ მონიტორინგის შედეგები ასახეს შესაბამის მონიტორინგის ფორმაში, რომელიც წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს და რომლითაც საბოლოოდ ხელმძღვანელობს სააგენტო. მოცემულ შემთხვევაში, უტყუარადაა დადასტურებული, რომ რ. თ–ამ და ი. ქ–ამ მონიტორინგის ფორმაში შეიტანეს არასწორი ინფორმაცია, თითქოს ვეტერინარებმა მ. დ–იამ, ნ. დ–იამ, მ. ყ–ამ და მ. პ–ამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბ. მ–ას და ი. ბ–ას კუთვნილ მსხვილფეხა პირუტყვს არ ჩაუტარეს ვაქცინაცია. აღნიშნულს ადასტურებენ სასამართლოს წინაშე დაკითხული ბ. მ–ა და ი. ბ–ა, რომლებმაც სასამართლოს წინაშე განმარტეს, რომ ვეტერინარები იყვნენ მათ საცხოვრებელ მისამართზე და ნამდვილად ჩაატარეს ცხოველთა ვაქცინაცია. აღნიშნულს ასევე ადასტურებენ თავად მ. დ–ია, ნ. დ–ია, მ. ყ–ა და მ. პ–ა, რომლებმაც სასამართლოს წინაშე დეტალურად ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებების მიმდინარეობაზე, პირობებზე და შედეგებზე. აღნიშნული ასევე დაადასტურეს მოწმეებმა ა. წ–მ, ლ. ჯ–მ, ზ. ტ–მ და სხვებმა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელებმა ი. ო–მა და ი. ჩ–მა, განმარტეს, რომ მათ მიერ ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა, რის საფუძველზეც შეადგინეს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ვეტერინარებმა ნამდვილად ჩაატარეს ცხოველთა ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია. სასამართლოს წინაშე გამოკვლეულ იქნა განმარტებები N.. და N.. - თითქოსდა ბ. მ–ას მიერ ხელმოწერილი ,,განმარტება N..“, რომელშიც ბ. მ–ა თითქოსდა განმარტავს, რომ მ. ყ–ამ და მ. პ–ამ განახორციელეს მის საკუთრებაში მყოფი მსხვილფეხა პირუტყვის მხოლოდ იდენტიფიკაცია და არა ვაქცინაცია (აღნიშნულ განმარტებაზე ბ. მ–ას სახელით ხელმოწერა შესრულებულია ი. ქ–ას მიერ) და ასევე, თითქოსდა ი. ბ–ას მიერ ხელმოწერილი ,,განმარტება N..“, რომელშიც ი. ბ–ა თითქოსდა განმარტავს, რომ მ. ყ–ამ და მ. პ–ამ განახორციელეს მის საკუთრებაში მყოფი მსხვილფეხა პირუტყვის მხოლოდ იდენტიფიკაცია და არა ვაქცინაცია (აღნიშნულ განმარტებაზე ი. ბ–ას სახელით ხელმოწერა შესრულებულია ი. ქ–ას მიერ). ის ფაქტი, რომ განმარტებები ხელმოწერილია არა მოქალაქეთა, არამედ ი. ქ–ას მიერ, დადასტურებულია გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით და თავად აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მსგავს განმარტებაზე მათ ხელი არ მოუწერიათ და არც მის შინაარსს ეთანხმებიან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული არც თავად ი. ქ–ამ უარყო, მან განმარტა, რომ განმარტებები არ წარმოადგენს რაიმე ოფიციალურ დოკუმენტებს, არამედ ისინი შეადგინა თავისთვის, თუმცა შემდეგ შემთხვევით გაიპარა სხვა დოკუმენტებთან ერთად და აღმოჩნდა სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. პროკურორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე.

5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევაში, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („In dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.

5.4. საკასაციო საჩივრის თანახმად, პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტები.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“.

5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ხოლო ამავე მუხლის, მესამე ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.10. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა ი. ქ–ას და რ. თ–ას ქმედებების საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ი. ქ–ას და რ. თ–ას დამნაშავეობაში და არ გააჩენდა კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

5.11. აღსანიშნავია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი).

5.12. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე გამართლებულებს ედავება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გამოყენების მიზნით და გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, ი. ქ–ას და რ. თ–ას მიმართ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის ნეიტრალური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბრალადწარდგენილი დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნებს. უპირველეს ყოვლისა, საგულისხმოა, რომ ერთი და იმავე პირების, მათ შორის, საქონლის მესაკუთრეების მიერ დადასტურებულია ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის შემცველი დოკუმენტების სისწორე, რაც შეუძლებელს ხდის მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტის დადგენას. მით უმეტეს, რომ დოკუმენტების სისწორე მათივე თქმით, წაუკითხავად დაადასტურეს. სხვა ნეიტრალური მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ჩატარდა თუ არა ცხოველთა ვაქცინაცია, თუ მხოლოდ იდენტიფიკაციაა ჩატარებული – წარმოდგენილი არ ყოფილა. ბუნებრივია, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებები ვერ მიიჩნევა საკმარისად საქონლის აცრისა თუ აუცრელობის დასადასტურებლად დამატებითი, ობიექტური და სარწმუნო მტკიცებულების გარეშე. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ქ–ას და რ. თ–ას გამართლების ნაწილში და თვლის, რომ ნეიტრალური მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლოს არ აქვს ერთი მხარის მტკიცებულების გაზიარებისა და მეორე მხარის თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

5.13. აღსანიშნავია, რომ თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობების არსებობისას, სასამართლომ ცხადად უნდა განმარტოს მიზეზები, რის გამოც იზიარებს ერთ მტკიცებულებას და გამორიცხავს მეორეს ან წარმოაჩინოს ის საფუძვლები, რის გამოც უარს აცხადებს თითოეული მათგანის გაზიარებაზე. როდესაც საქმე ეხება ბრალდებულთა მიკერძოებულობის საკითხს, რაზეც ბრალდების მხარე მიუთითებს, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში თავად დაზარალებულთა მხრიდანაც გამოიკვეთა არაერთი უზუსტობა, ხოლო უდავოდ ცნობილი კომისიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ თ. კ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ სტატუსის განახლების ფორმაზე ნ. და მ. დ–ების სახელით შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის არა რ. თ–ას, არამედ ნ. დ–იას. ამდენად, სწორედ ამგვარ სიტუაციებში მნიშვნელოვანია ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება და შეფასება ბრალდების მხარის პოზიციის გასამყარებლად და ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

5.14. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე