საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1130აპ-25 28 მაისი, 2026 წელი
მ–ი ფ., №1130აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. მ–ის ადვოკატის – ხ. გ–ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ფ. მ–ს (დაბადებულს ...., პირადი №..........) ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით.
1.2. ფ. მ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 25 მარტს, დაახლოებით, 13:20 საათზე, თ–ში, ა–ს ქუჩაზე, ა–ს ქუჩის მხრიდან მ–ს მიმართულებით, დაახლოებით, 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ფ. მ–ი „მანის“ მარკის სატვირთო ავტომობილით, სარეგისტრაციო ნომრით – ..... ა–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობისას, ფ. მ–მა ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო გზაზე და შეეჯახა თავის სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილ „ფორდ-ტრანზიტს,“ სარეგისტრაციო ნომრით – ......, რომელსაც მართავდა ს. ბ–ი. აღნიშნულით ფ. მ–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები. ფ. მ–ის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ს. ბ–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მისი მგზავრი – პ. ბ–ი – სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი დაზიანებების შედეგად, 2024 წლის 27 მარტს, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ივნისის განაჩენით, ფ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 19 სექტემბრიდან; მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ფ. მ–მა და მისმა ადვოკატმა – პ. მ–მა, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.3. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – მარინე ლომიძემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ფ. მ–ის და მისი ადვოკატის, პ. მ–ის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ფ. მ–ის ადვოკატი – ხ. გ–ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არაობიექტურად შეაფასა. რეალურად, საქმეში წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერტიზის დასკვნები, რომელთაგან დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად ადასტურებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა რესორის დაზიანებამ გამოიწვია. შესაბამისად, ფ. მ–ს, აღნიშნულ შემთხვევასთან მიმართებით, ბრალი არ მიუძღვის.
3.3. ადვოკატის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – მარინე ლომიძემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, დაშვების შემთხვევაში კი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2024 წლის 25 მარტს, დაახლოებით, 13:20 საათზე, თ-ში, ა–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობისას, ფ. მ–ის მართული „მანის“ მარკის სატვირთო ავტომობილი (სარეგისტრაციო ნომრით – ...), გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო გზაზე და შეეჯახა თავის სამოძრაო ზოლში მოძრავ „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომობილს (სარეგისტრაციო ნომრით – ...), რა დროსაც, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ს. ბ–მა, ხოლო მისი მგზავრი – პ. ბ–ი – სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი დაზიანებების შედეგად, 2024 წლის 27 მარტს, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ფ. მ–მა სატვირთო ავტომობილის მართვისას დაარღვია თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
4.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური ნორმაა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის შეფასებისას სახელმძღვანელოა საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ფ. მ–მა დაარღვია აღნიშნული კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რომლებიც მძღოლს ავალდებულებს, იმოძრაოს უსაფრთხო სიჩქარით, აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება და საგზაო პირობების გათვალისწინებით, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
4.4. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმის დადგენა, დაარღვია თუ არა ფ. მ–მა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, შეეძლო თუ არა მას ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მან კანონით გათვალისწინებული ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. ამდენად, სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ექსპერტიზის დასკვნას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის განაჩენი №462აპ-16). განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარე სადავოდ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს და მიუთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობით – რესორის ფირფიტის გატეხვით, რამაც, ფ. მ–ისგან დამოუკიდებლად გამოიწვია ავტომობილის საპირისპირო ზოლში გადასვლა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომანქანასთან შეჯახება.
4.5. მოცემულ შემთხვევაში, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, პალატა შეაფასებს სპეციალური ცოდნის მქონე ავტოტექნიკური ექსპერტების ჩვენებებსა და მათ მიერ გაცემულ დასკვნებს.
4.6. ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზის №.... დასკვნითა (15.04.2024) და ექსპერტ ლ. მ–ის ჩვენებით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილი „MAN“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – ........) საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულია. ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილი „FORD“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – .......) საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან, მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.
4.7. სატრანსპორტო-ტექნიკურ ტრასოლოგიური და ვიდეო-ექსპერტიზის №............. დასკვნითა (24.06.2024) და ექსპერტების – ი. ლ–ს, ლ. ა–ს და ბ. ჩ–ს – ჩვენებებით დგინდება, რომ კვლევაში მითითებული გარემოებების გამო, წარდგენილი ვიდეოჩანაწერები არ არის ვარგისი მასში ასახული ავტომობილების მოძრაობის სიჩქარის დასადგენად. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სატვირთო ავტომობილი „MAN“ (სარეგისტრაციო ნომრით – .......), წარდგენილი სახით ტექნიკურად გაუმართავია. ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი ტექნიკურად გამართულია. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, თუ რამ გამოიწვია წინა მარცხენა საკიდის ლითონის დრეკადი ნაწილის (რესორის) ზედა ფირფიტის გატეხვა, ამ ეტაპზე დადგენა შეუძლებელია. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს რესორის ავტომობილისაგან განცალკევებას და ექსპერტიზაზე წარდგენას. მოცემულ საგზაო სიტუაციაში, სატვირთო ავტომობილ „MAN“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – .....) მძღოლის, ფ. მ–ის მოქმედებაში აღინიშნება თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, ამ ეტაპზე დადგენა შეუძლებელია. მოცემულ საგზაო სიტუაციაში, სატვირთო ავტომობილ „FORD TRANSIT“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – .....) მძღოლს, ს. ბ–ს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
4.8. ავტოსატრანსპორტო და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №....... ..... დასკვნის (12.07.2024) და ექსპერტების – ლ. ფ–ს და გ. ჩ–ს – ჩვენებებით დგინდება, რომ ავტომობილი „MAN“ (სარეგისტრაციო ნომრით – .....), საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე მოძრაობდა დაახლოებით, 49 კმ/სთ სიჩქარით. ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის №....... დასკვნის თანახმად: „ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილი „MAN“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – .....) საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია“. შესაბამისად, წინა მარცხენა საკიდარის ლითონის დრეკადი ნაწილის (რესორის) ზედა ფირფიტის გატეხვას არ გამოუწვევია ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ფ. მ–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მძღოლ ს. ბ–ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
4.9. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №....... დასკვნით (13.11.2024) და ექსპერტების – დ. გ–ს, ლ. ა–ს და ბ. ჩ–ს – ჩვენებებით დგინდება, რომ ავტომობილ „MAN“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – .....) მძღოლი, ფ. მ–ი ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევა, არ აღინიშნება.
4.10. დაცვის მხარის მიერ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, დაინიშნა კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზა. ვინაიდან, ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადაწყვეტისას ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტებს შორის გამოიკვეთა განსხვავებული აზრი, დასკვნები გაიცა ცალ-ცალკე, კერძოდ:
4.11. ავტოსატრანსპორტო და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №....., ...... დასკვნით (25.03.2025) და ექსპერტების – ლ. ფ–ს, გ. თ–ს და გ. ჩ–ს – ჩვენებების თანახმად:
სს საქმეში არსებული ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზის №...... დასკვნის და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილი „MAN“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – .....) საჭით მართვის მექანიზმი ტექნიკურად გამართულია. შესაბამისად, წინა მარცხენა საკიდარის ლითონის დრეკადი ნაწილის (რესორის) ზედა ფირფიტის გატეხვას არ გამოუწვევია ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა. ასევე, სს საქმეში არსებული შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის №..... დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილი „MAN“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – .....) სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულია.
ექსპერტიზაზე არ არის წარდგენილი ავტომობილი „MAN“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – .....) გატეხილი წინა მარცხენა საკიდარის ლითონის დრეკადი ნაწილის (რესორის) ზედა ფირფიტა. დადგენა იმისა, თუ როდის და რის ზემოქმედების შედეგად შეიძლება გატეხილიყო რესორის ფირფიტა, შეუძლებელია. აღნიშნული საკითხის დასადგენად საჭიროა მეტალოგრაფიული კვლევის ჩატარება.
ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილ „MAN“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – .....) წინა მარჯვენა საბურავთან განთავსებულია სამი რესორის ფირფიტა, ხოლო მარცხენა საბურავთან განკომპლექტებულია და დღეის მდგომარეობით განთავსებულია მხოლოდ ორი რესორის ფირფიტა, რომლებსაც დაზიანება არ აღენიშნება.
კონსტრუქციულად ლითონის დრეკადი ნაწილი (რესორი), რომელიც მოთავსებულია ძარასა და ღერძს შორის და მოქმედებს როგორც ზამბარა (მოძრაობის დროს წარმოქმნილი ვერტიკალური ბიძგების შესარბილებლად).
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად: „მძღოლი ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა.“ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ფ. მ–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ს. ბ–ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
4.12. ვიდეოექსპერტიზის და სატრანსპორტო-ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის №......... დასკვნის (11.04.2025) და ექსპერტების – დ. გ–ს, ბ. ჩ–ს, ლ. მ–ის და ლ. ა–ს – ჩვენებების თანახმად:
გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის საყრდენი ფირფიტის, რესორის გატეხვა ტექნიკური თვალსაზრისით, გამოიწვევდა ღერძის ძარასთან ჩამაგრების მთლიანობის დარღვევას, რა დროსაც ავტომობილის ექსპლუატაციის დროს წარმოქმნილი დინამიური ძალების ზემოქმედების შედეგად, წინა ღერძის მარცხენა ნაწილი – წინა მარცხენა თვალი დაიწყებდა უკან გადაადგილებას, რაც ტექნიკური თვალსაზრისით, გამოიწვევდა ავტომობილის მარცხნივ მოგეზვას. მოცემულ შემთხვევაში, თუ მძღოლი გამოიყენებდა მუხრუჭს ავტომობილის წინა ღერძის მარცხენა ნაწილი კიდე უფრო მყისიერად დაიწყებდა უკან გადაადგილებას და ავტომობილის წინა ნაწილი უფრო მეტად მოიგეზებოდა მარცხნივ და ფაქტობრივად ავტომობილი გახდებოდა უმართავი, ისე როგორც მოცემულ შემთხვევაში. ამ მომენტისთვის მძღოლი საჭის მართვის მექანიზმის გაკონტროლებას ვერ შეძლებდა.
მოცემულ კონკრეტულ პირობებში, თუ როდის წარმოიქმნა რესორის შუა ნაწილის სტრუქტურული რღვევა, დადგენა შეუძლებელია, თუმცა, იგი დაზიანებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ გარკვეული დროით ადრე, ხოლო რესორის გარეთა შრეებზე არსებული ტეხი განვითარებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის წინა საკიდარზე დამონტაჟებულია სამი ლითონის ფირფიტა, რომელთაგან ჩარჩოზე ჩამაგრებულია ზევიდან პირველი, კონკრეტულად, ის ფირფიტა, რომელიც გატყდა.
კონსტრუქციულად რესორი წარმოადგენს წინა თვლების დაკიდების მაკომპლექტებელ დეტალს, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს საჭის მართვის მექანიზმთან. მოცემულ შემთხვევაში, საყრდენი ფირფიტის – რესორის – გატეხვა, ტექნიკური თვალსაზრისით, გამოიწვევდა ღერძის ძარასთან ჩამაგრების მთლიანობის დარღვევას, რა დროსაც ავტომობილის ექსპლუატაციის დროს წარმოქმნილი დინამიური ძალების ზემოქმედების შედეგად, წინა ღერძის მარცხენა ნაწილი – წინა მარცხენა თვალი დაიწყებდა უკან გადაადგილებას, რაც, ტექნიკური თვალსაზრისით, გამოიწვევდა ავტომობილის მარცხნივ მოგეზვას. ამ მომენტისთვის, მძღოლი საჭის მართვის მექანიზმით ავტომობილის გაკონტროლებას ტექნიკურად ვერ შეძლებდა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მძღოლი ვალდებულია გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, მაგრამ მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის რესორის მწყობრიდან გამოსვლა მოხდა უშუალოდ უსწორმასწორო რელიეფის გავლის დროს, რის მიზეზიც გახდა რესორის შიგთავსის ფარული დაზიანება, რომლის აღმოჩენას მძღოლი ტექნიკური თვალსაზრისით ვერ შეძლებდა.
საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. შემთხვევაში მონაწილე ავტომობილს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ გავლილი ჰქონდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, შესაბამისად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილი იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.
მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილ „MAN“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – .....) მძღოლი, ფ. მ–ი ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევა, არ აღინიშნება.
მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილ „FORD“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – .....) მძღოლს, ს. ბ–ს, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
კვლევაში მითითებული გარემოებების გამო ავტომობილის სიჩქარის დადგენისთვის საჭირო მონაცემების მოპოვება ვიდეოჩანაწერიდან შეუძლებელია.
4.13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ვიდეოექსპერტიზისა და სატრანსპორტო-ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის №....... დასკვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ რესორის ფირფიტის გატეხვის შემდეგ, მძღოლის მიერ მუხრუჭის გამოყენების შემთხვევაში, იგი ვერ შეძლებდა საჭის მართვის მექანიზმის კონტროლს. ასეთ ვითარებაში ავტომობილის წინა ღერძის მარცხენა ნაწილი კიდევ უფრო მყისიერად დაიწყებდა უკან გადაადგილებას, ხოლო ავტომობილის წინა ნაწილი მეტად გადაიხრებოდა მარცხნივ, რის შედეგადაც ავტომობილი, ფაქტობრივად, უმართავი გახდებოდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ არის ერთმნიშვნელოვანი და არ შეიცავს კატეგორიულ მითითებას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ საგზაო ვითარებაში მძღოლი ვალდებული იყო, უპირობოდ გამოეყენებინა მუხრუჭი: „...თუ მძღოლი გამოიყენებდა მუხრუჭს [...] ავტომობილი გახდებოდა უმართავი, ისე როგორც მოცემულ შემთხვევაში. ამ მომენტისთვის მძღოლი საჭის მართვის მექანიზმის გაკონტროლებას ვერ შეძლებდა.“
4.14. სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზით ვერ დადგინდა რესორის დაზიანების წარმოშობის ზუსტი დრო, თუმცა ამავე დასკვნით ირკვევა, რომ რესორის შუა ნაწილის სტრუქტურული რღვევა და გარეთა შრეებზე არსებული ტეხი ავტოსაგზაო შემთხვევამდე გარკვეული დროით ადრე არსებობდა, ხოლო რესორის გარეთა შრეებზე არსებული ტეხი განვითარებული იყო შემთხვევამდე, რამაც, ექსპერტთა შეფასებით, გამოიწვია მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ექსპერტები ცალსახად ვერ მიუთითებენ, კონკრეტულად როდის დაზიანდა რესორი. შესაბამისად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და მისი გამცემი ექსპერტების ჩვენებების საფუძველზე, საკასაციო პალატისთვის შეუძლებელია რესორის დაზიანების ზუსტი დროის დადგენა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ავტოსატრანსპორტო და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №......; ........ დასკვნით ცალსახად დადგენილია, რომ რესორის ტეხვის ხანდაზმულობა და გამომწვევი მიზეზები უნდა დადგენილიყო მეტალოგრაფიული ექსპერტიზით, რომელიც ამ საქმეზე არ ჩატარებულა.
4.15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №........, ........ კატეგორიულ დასკვნას, რომლის თანახმად, ავტომობილი „MAN“-ის (სარეგისტრაციო ნომრით – .....) წინა მარცხენა საკიდარის ლითონის დრეკადი ნაწილის (რესორის) ზედა ფირფიტის გატეხვას არ გამოუწვევია ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მძღოლ ფ. მ–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
4.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ ფ. მ–მა სატრანსპორტო საშუალების მართვისას დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულად აქვს ნამსჯელი მსჯავრდებულის ქმედების დანაშაულებრიობასა და მისთვის დანიშნული სასჯელის კანონიერებაზე, რის გამოც, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4.17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41).
4.18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ფ. მ–ის ადვოკატის – ხ. გ–ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე