საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №5აპ-26 25 მაისი, 2026 წელი
დ–ი ა., №5აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. დ–ს (დაბადებულს ...., პირადი №...........) ბრალად ედებოდა:
1.1.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
1.1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარ შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
1.1.3. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
1.2. ა. დ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2024 წლის 14 აპრილს, დილის საათებში, დ–ს რაიონის სოფელ ხ–ში, მეგობრობის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშლაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტისას, ა. დ–ი სიტყვიერად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (გადაადგილება მხოლოდ ორი ხელჯოხის გამოყენებით შეეძლო) ბებიას – ზ. დ–ას, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.2. 2024 წლის 14 აპრილს, დილის საათებში, დ–ს რაიონის სოფელ ხ–ში, მეგობრობის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშლაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტისას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ა. დ–მა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (გადაადგილება მხოლოდ ორი ხელჯოხის გამოყენებით შეეძლო) ბებიას – ზ. დ–ას, კერძოდ, ლითონის ხელჯოხი ჩაარტყა მარჯვენა მაჯაში. აღნიშნულის შედეგად, ზ. დ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.3. 2024 წლის 14 აპრილს, დაახლოებით, 12:00 საათზე, დ–ს რაიონის სოფელ ხ–ში, მეგობრობის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტისას, ა. დ–ი სიტყვიერად, ასევე დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 15 წლის შვილს – ს. დ–ს, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 აპრილის განაჩენით:
ა. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
ა. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. დ–ას ეპიზოდი);
ა. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ს. დ–ის ეპიზოდი).
2.2. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ა. დ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილ დანაშაულთა ჩადენას.
2.3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მიშიკო ჯანგულაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. დ–ის მიმართ არსებული პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად, სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მსჯავრდებულისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.4. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ა. დ–ის ადვოკატმა – ა. ტ–მა – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენით, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი – მიშიკო ჯანგულაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. დ–ის მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; ასევე – მისთვის თითოეული დანაშაულისთვის სამართლიანი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულთა მამხილებელი ჩვენების არარსებობის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, ა. დ–ის ადვოკატმა – ა. ტ–მა – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების ყველა ეპიზოდში ა. დ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულებმა – ზ. დ–ამ და ს. დ–მა – ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის – ა. დ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნულ პირთა მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას და საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (მართალია, ზ. დ–ას მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მითითებულია, რომ ჩატარდა ვითარების აღდგენის მიზნით, თუმცა, აღნიშნული ექსპერიმენტი თავისი არსით წარმოადგენს ჩვენების ადგილზე შემოწმებას) და, მით უფრო – მათზე განაჩენის დაფუძნება.
4.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ა. დ–ისთვის წარდგენილ ბრალდებას უტყუარად ვერც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ადასტურებს. კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნის თანახმად, ზ. დ–ას მარცხენა წინამხრის დისტალურ ნაწილში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა, რომელიც განვითარებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, თუმცა, აღნიშნული დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ აღნიშნული დაზიანება მიყენებული იყო შემთხვევის დღეს, მით უფრო – ა. დ–ის მიერ.
4.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მოწმეთა – ქ. ა–ს, თ. ბ–ს, ვ. გ–ს, ვ. შ–ს და ქ. გ–ს – ჩვენებებთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პირთაგან დანაშაულის უშუალო შემსწრე არცერთი ყოფილა. მართალია, თამაზ ბუთხუზი მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა ოთახში ჩაკეტილი ზ. დ–ა, თუმცა მისი ჩვენების სხვა მტკიცებულებებით გაუმყარებლობის პირობებში, შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს, რომ ზ. დ–ა ა. დ–ის მხრიდან ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი გახდა.
4.6. ამდენად, ხსენებული მოწმეთა ჩვენებები, დანაშაულებრივი ფაქტისა და დამნაშავის დადასტურების თვალსაზრისით, ირიბია და პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
4.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს, დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენი ა. დ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში, დანაშაულის ყველა ეპიზოდთან მიმართებით, კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე