საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№50აპ-26 თბილისი
ლ. ვ., 50აპ-26 21 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანისა და მსჯავრდებულ ვ. ლ–ოს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ვ. ლ–ო (პირადი №............), დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ პუნქტით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 9 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ვ. ლ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2024 წლის 9 მაისს, დილის საათებში, გ–ს რაიონის სოფ. ....–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვ. ლ–ომ ცივი იარაღის (დანის) გამოყენებით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა მეუღლეს – ე. ო–ს, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი ხატია გოგრიჭიანი საკასაციო საჩივრით ითხოვს ვ. ლ–თვის საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ პუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას.
5. მსჯავრდებულ ვ. ლ–ოს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ვ. ლ-ოს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე, ხოლო ალტერნატიული მოთხოვნის სახით – საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ერთი მეოთხედის პირობითად მსჯავრად ჩათვლას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ლ–ოს კანონიერად დაედო მსჯავრი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ვ. ლ–ოს მიერ ე. ო–ს მოკვლის განზრახვა. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის – სიკვდილის – დადგომა, ასევე – მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
10. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, განზრახ ქმედებად ითვლება დანაშაული, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. ამდენად, ქმედების არაპირდაპირი განზრახვით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სამი კომპონენტის არსებობა, კერძოდ: ა) პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა; ბ) უნდა ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის
დადგომის შესაძლებლობას; გ) არ უნდა სურდეს აღნიშნული შედეგი, თუმცა შეგნებულად უნდა უშვებდეს ან გულგრილად უნდა ეკიდებოდეს მის დადგომას.
11. ქმედების განზრახ მკვლელობად (არაპირდაპირი განზრახვით) დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია, დადგინდეს დამნაშავის მიზანმიმართული ქმედება, მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და მისი დამოკიდებულება შედეგის მიმართ, რომლის თანახმადაც, შეგნებულად უნდა უშვებდეს დამდგარ შედეგს ან გულგრილად უნდა
ეკიდებოდეს მის დადგომას. არაპირდაპირი განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ
უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანების ხასიათი, როგორ ვითარებაში იქნა მიყენებული და სხვა.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის – ექსპერტ ბ. მ–ის ჩვენებითა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნით დადგინდა, რომ ე. ო–ს სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული გულმკერდის ბრმა ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობით შინაგანი ორგანოების დაზიანების შედეგად. გვამზე აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირის მარცხენა ნახევარზე, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვისა და ფილტვის მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანებით, ჭრილობების არხის მიმართულებაა: წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, ქვემოდან ზემოთ. ექსპერტიზის დასკვნა დეტალურად ასახავს დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციას, მიყენების ხასიათს, მიმართულებას, ასევე – ადასტურებს ვ. ლ–ოს მხრიდან მოკვლის განზრახვას.
13. სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ ვ. ლ–ოს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა (ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობის მიყენება); ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგომის შესაძლებლობას (მიყენებული დაზიანების, ასევე თავად დაზარალებულის შესაძლებლობების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს ერთმნიშვნელოვნად ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, გაეცნობიერებინა, რომ მის ქმედებას შესაძლოა, მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი); შესაძლებელია, ვ. ლ–ოს არ სურდა აღნიშნული შედეგის დადგომა, თუმცა იგი გულგრილად მოეკიდა მის დადგომას (კერძოდ, იმის ნაცვლად, რომ გამოეძახებინა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ან, თუნდაც მეზობლებისთვის ეთხოვა სასწრაფოში დარეკვა, მსჯავრდებულმა თავიდან მოიშორა დანაშაულის იარაღი და დაიძინა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა მსჯავრდებულის ქმედების არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობისთვის დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი სამივე ნიშანი. რაც შეეხება მიზეზობრივი კავშირის არსებობას, პალატა მიუთითებს, რომ ვ. ლ–ოს მიერ დანის დარტყმამ განაპირობა კონკრეტული შედეგი – ე. ო–ს სიკვდილი და სწორედ აღნიშნული დარტყმა წარმოადგენდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ეს შედეგი არ დადგებოდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჭრილობა არის შემავალი, შემავალი ჭრილობის მიყენება კი საჭიროებს ძალდატანებას და მისი მიყენება შეუძლებელია იმ ვერსიით, რომელსაც დაცვის მხარე ავითარებს. ამდენად, ზემოხსენებული გარემოებები ცალსახად მიუთითებს ადვოკატის პოზიციის უსაფუძვლობაზე, რომ ვ. ლ–ს ე. ო–ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, პირიქით, უტყუარად დასტურდება, რომ ქმედების ჩადენისას ვ. ლ–ო, სულ მცირე, გულგრილად ეკიდებოდა სასიკვდილო შედეგის დადგომას.
14. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სხვა სიტუაცია იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა ბრალდებულის ყოფნა ალკოჰოლური თრობით გამოწვეულ შეურაცხად მდგომარეობაში, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა. სტაციონარული სასამართლო ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის (უდავო მტკიცებულება) მიხედვით, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ვ. ლ–ო არ იმყოფებოდა ფსიქოლოგიური აფექტის ან სხვა, არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო, არსებითი გავლენა მოეხდინა მის ცნობიერებასა და ქცევაზე. რაც შეეხება ამავე ექსპერტიზით დადგენილ ვ. ლ–ოს შეზღუდულ შერაცხადობას, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სრულწლოვან პირთან მიმართებით, შეზღუდული შერაცხადობა შემამსუბუქებელი გარემოება, ანუ – შერაცხადობის ნაირსახეობაა. შესაბამისად, სრულწლოვანი შეზღუდული შერაცხადობის დროს ჩადენილი დანაშაულისათვის არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რადგან შეზღუდული შერაცხადობა არის არა შეურაცხადობის, არამედ – შერაცხადობის ნაირსახეობა. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას აფასებს ბრალის (პასუხისმგებლობის ხარისხის) თვალსაზრისით, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტი თავის დასკვნაში დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ პირი ფსიქიკურად დაავადებულია და ქმედების ჩადენისას ნაწილობრივ მოშლილი ჰქონდა ცნობიერება ან ნება, სასამართლო ამ ფაქტს გაითვალისწინებს სასჯელის დანიშვნისას, როგორც შემამსუბუქებელ გარემოებას (სუსგ №1224აპ-24).
15. ამდენად, საკასაციო პალატას სასამართლო სხზდომაზე გამოკვლეული, ასევე – უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ. ლ–ომ ჩაიდინა მეუღლის განზრახ მკვლელობა, ხოლო საწინააღმდეგო გარემოებების არსებობა არ დასტურდება რაიმე უტყუარი მტკიცებულებით.
16. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები (მოწმეების: დ. წ–ს, ვ. ო–ს, ე. ხ–ს, ტ. ნ–ს, პ.ნ–სა და სხვათა ჩვენებები, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №......, ბიოლოგიური ექსპერტიზის №......, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №........, სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ვ. ლ-ოს სახლის ჩხრეკის ოქმები და სხვ.) სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან, აგრეთვე – მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვ. ლ–ოს ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენაში.
18. ამდენად, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). საკასაციო საჩივრებში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №518აპ-22, №949აპ-24). საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
19. რაც შეეხება სასჯელს: სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. ლ–ოს, მის პიროვნულ მახასიათებლებზე, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით, სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განუსაზღვრა კანონით დადგენილი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ, მსჯავრდებულის პიროვნებიდან, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან, მის მიმართ არსებული დამამძიმებელ გარემოებათაგან გამომდინარე, ვ. ლ–ოს მიმართ გამოყენებული სასჯელის ზომა ვერ უზრუნველყოფს მის რესოციალიზაციას, დანაშაულის პრევენციას და არ გამორიცხავს გათავისუფლების შემდეგ დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხეს, რის გამოც, მსჯავრდებულის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული უფრო მკაცრი სასჯელი.
20. სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ. ლ–ოსათვის დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის პირობით მსჯავრად ჩათვლასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. როგორც პირველი ინსტანციის, ისე – სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებული ვ. ლ–ო თავს დამნაშავედ არ სცნობდა მისთვის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით წარდგენილ ბრალდებაში. მან მხოლოდ აღიარა, რომ თავის მეუღლეს დანის გამოყენებით ნამდვილად მიაყენა გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა, თუმცა განაცხადა, რომ მას ე. ო–ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და დანა სხეულის დაზიანების მიზნით მოუქნია. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს მსჯავრდებულის აღიარებას, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს. ამრიგად, პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს მსჯავრდებულ ვ. ლ–ოსათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას. ამასთან, აღიარების შემთხვევაშიც კი, დანაშაულის სიმძიმისა და მისი საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა სრულიად უბრალო მოტივის გამო განზრახ მოუსპო სიცოცხლე საკუთარი ოჯახის წევრს, სასამართლოს მსჯავრდებულისთვის გამოყენებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანისა და მსჯავრდებულ ვ. ლ–ოს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე