საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.05.2026
საქმის ნომერი
2კ-57აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №57აპ-26 18 მაისი, 2026 წელი

კ–ე ი., №57აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. კ–ეს (დაბადებულს .... პირადი №..........) ბრალად ედებოდა:

1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

1.1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).

1.2. ი. კ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2020 წლის აგვისტოში, ქ–ს მუნიციპალიტეტში, დაბა ჩ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. კ–ემ იძალადა თავისი ოჯახის წევრის, ორსული მეუღლის – ც. კ–ის – მიმართ. კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, ც. კ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.2.2. 2022 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ბ–ში, ....ის მე.. ჩიხის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. კ–ემ იძალადა თავისი ოჯახის წევრის, მეუღლის – ც. კ–ის – მიმართ. კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, ც. კ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.2.3. 2023 წლის იანვარში, დაახლოებით, 15:00 საათზე, ბ–ში, .... მე.. ჩიხის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. კ–ემ იძალადა თავისი ოჯახის წევრის, მეუღლის – ც. კ–ის – მიმართ. კერძოდ, საფერფლე ესროლა თავის არეში, რის შედეგადაც, ც. კ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.2.4. 2023 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე, ბ–ში, რ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. კ–ემ იძალადა თავისი ოჯახის წევრის, მეუღლის – ც. კ–ის – მიმართ. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, ც. კ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის განაჩენით:

ი. კ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

ი. კ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

ი. კ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

ი. კ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ი. კ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილ დანაშაულთა ჩადენას.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – დემეტრე ზუბაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. კ–ის დამნაშავედ ცნობა, ასევე – თითოეული დანაშაულისთვის მისთვის უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრა.

2.4. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ი. კ–ის ადვოკატმა – ტ. ნ–მ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი – დემეტრე ზუბაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. კ–ის მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; ასევე – მისთვის თითოეული დანაშაულისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულის მამხილებელი ჩვენების არარსებობის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. კ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულმა – ც. კ–ემ – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – ი. კ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება.

4.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ი. კ–ისთვის წარდგენილ ბრალდებას უტყუარად ვერც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ადასტურებს. კერძოდ, მოწმე ბ. კ–ს (დაზარალებულის მამა) და ო. ც–ს (დეტექტივი) უდავო გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია ირიბია, რადგან ეფუძნება დაზარალებულის მონათხრობს. შესაბამისად, აღნიშნული პირების გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია, პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

4.5. მხარეთა მიერ პრეიუდუციად მიჩნეული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ ც. კ–ეს 2023 წლის 9 სექტემბერს, მართლაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებანი, თუმცა, ჩვენების მიცემაზე მისი უარის გათვალისწინებით, უტყუარად ვერ დადგინდება, თუ ვის მიერ და რა ვითარებაში მიიღო მან აღნიშნული დაზიანებანი. იგივე ითქმის შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმზე, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო ამ უკანასკნელს ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია სასამართლოში არ დაუდასტურებია.

4.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს, დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 დეკემბრის განაჩენი ი. კ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში, დანაშაულის ოთხივე ეპიზოდთან მიმართებით, კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე