საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124010109983
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №83აპ-26 5 მაისი, 2026 წელი
მ–ე ვ., №83აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. მ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. მ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 12 აგვისტოს, ღამის საათებში, თ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვ. მ–ეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფ, ნ. ტ–თან და შ. კ–ესთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით ორი პირის განზრახ მკვლელობის მიზნით სახლიდან წინასწარ წამოღებული დანებით ნ. ტ–ს ორი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა კისრის არეში და ერთი ნაკვეთი ჭრილობა თავის მარჯვენა არეში, ხოლო შ. კ–ეს ერთი ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა გულმკერდის არეში და სახის მარცხენა ყვრიმალის არეში. ვ. მ–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებები შეწყვეტილი იქნა შემთხვევის ადგილზე მყოფ ნ. ჩ-ს მეშვეობით, რის გამოც ვ. მ–ემ ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა. დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი ნ. ტ–ი და შ. კ–ე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით გადაყვანილი იქნენ „......... ცენტრში“, სადაც დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მაისის განაჩენით, ვ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა ვ. მ–ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე, ალტერნატივის სახით კი, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ვ. მ–ე ცნობილ იქნეა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2025 წლის 24 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. მ–ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. რ–ემ, რომლებმაც მოითხოვეს ვ. მ–ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე და სასჯელის, ამ მუხლის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორთა პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ვ. მ–ეს დაზარალებულთა მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. მას თავდაპირველად თავს დაზარალებულები დაესხნენ. იგი დანას უმისამართოდ, თავდაცვის მიზნით, იქნევდა, რა დროსაც გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. სამი პირი ეჩხუბებოდა და აშკარა უპირატესობას ფლობდნენ, შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა დანა, რომლითაც დაზიანება მხოლოდ ორს მიაყენა. საიდანაც ერთ-ერთს მსუბუქი ხარისხის დაზიანება აქვს. ამდენად, დაცვის მხარის პოზიციით, ვ. მ–ემ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადააცილა, რის გამოც მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს ამ მუხლის სანქციის ფარგლებში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ. მ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, ვ. მ–ის მიერ დაზარალებულთათვის დანით მრავლობითი ჭრილობების მიყენების ფაქტი. აღნიშნული მსჯავრდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ მას დაზარალებულთა მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. დაზარალებულები თავს დაესხნენ, ჰქონდათ უპირატესობა და სწორედ ამიტომ გამოიყენა დანა. იგი იცავდა თავის სიცოცხლეს მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისაგან. მან მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადააცილა.
5.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება: დანაშაულის იარაღი (მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი), დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, რა ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, ის, რომ მსჯავრდებულს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, ასევე დამნაშავისა და მსხვერპლთა ურთიერთდამოკიდებულება, ასევე დანაშაულის ჩადენის შემდგომ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები.
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს აუცილებელია თავდასხმა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. აღნიშნული სტრუქტურულად გამოიხატება უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებასა და თავდაცვის სურვილში. ხელყოფა გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, იგი უნდა იყოს ასევე მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. ასევე გადაცილებული არ უნდა იქნეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. იმისათვის, რომ სახეზე გვქონდეს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება – აუცილებელი მოგერიება აუცილებელია დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური მდგომარეობა, რომელიც მიმართული უნდა იყოს მხოლოდ სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით და არა შურისძიებით.
5.6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულთა მოკვლის განზრახვა არ ამოძრავებდა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიებისა და თავდაცვის მიზნით დაარტყა დანა სხეულის სხვადასხვა არეში, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. დაზარალებულთა ნ. ტ–ისა და შ. კ–ის ჩვენებებით, ასევე მოწმე დ. ჩ-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ კონფლიქტი დაიწყო ეზოში, მაშინ როდესაც ვ. მ–ე იმყოფებოდა საკუთარი ბინის აივანზე და ეზოში ორი დანით, მომზადებულ მდგომარეობაში ჩავიდა, რის შემდეგაც მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება. განსაკუთრებით საგულისხმოა, დაზარალებულთათვის მიყენებული დაზიანებების მდებარეობა და რაოდენობა, კერძოდ, სამედიცინო დოკუმენტაციის და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: შ. კ–ეს ჭრილობები აღენიშნებოდა, ცხვირის, ყვრიმალის, მარჯვენა ყურის ნიჟარისა და გულმკერდის მიდამოში, ასევე, მარჯვნივ მე-5 ნების ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა ცდომით, ხოლო ნ. ტ–ს, ჭრილობები თხემის, კისრისა და ნიკაპის მიდამოში. სწორედ, მსჯავრდებულის წინარე მოქმედებები, დაზიანებათა ლოკალიზაცია და რაოდენობა გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას დანის უმისამართოდ ქნევასთან მიმართებით და მიუთითებს არა თავდაცვის მიზანზე, არამედ მსჯავრდებულის მიზანმიმართულ და გააზრებულ ქმედებაზე. ამასთან, ჭრილობები მიყენებულია თავის, გულმკერდისა და კისრის მიდამოებში, რაც მათი ლოკალიზაციიდან გამომდინარე ნათლად მიუთითებს, რომ ვ. მ–ის მიერ განხორციელებული მოქმედებებით რისკი იმისა, რომ დაზიანებულიყო ადამიანის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები - მაღალი იყო.
5.7. საკასაციო სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დაზარალებულთა რაოდენობრივ უპირატესობას, თუმცა საკასაციო სასამართლო ამ ვითარებაშიც კი ვერ მიიჩნევს ამ გარემოებას მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ყოფნის დამადასტურებლად, ვინაიდან დგინდება, რომ კონფლიქტი მხოლოდ მას შემდეგ გადაიზრდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაც მსჯავრდებული სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ ეზოში დანებით ჩავიდა, შესაბამისად, იმ დროს, როდესაც ვ. მ–ემ დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა დაზარალებულებს, იმყოფებოდა არა თავდაცვის, არამედ – თავდასხმის მდგომარეობაში, რაც მიუთითებს მკვლელობის განზრახვაზე, რომელიც მსჯავრდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზით ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის – დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.
5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, არის იმწუთიერი და რეალური, რაც კონკრეტული საქმის ფარგლებში არ დადგენილა, შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც არ დგინდება პირის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებაზე.
5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მტკიცებულებების შინაარსი გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას მსჯავრდებულის თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნის თაობაზე.
5.10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. მ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე