საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100125010739309
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №89აპ-26 11 მაისი, 2026 წელი
ნ–ი ხ., №89აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ხ. ნ. (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. რ–ი, მე-.. მ/რ-ნი, №...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ხ. ნ–მა, საყოფაცხოვრებო კონფლიქტით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, მარცხენა ლოყაზე ხელის დარტყმითა და თმაზე ხელის მოქაჩვით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისი შვილის ქმრის დას – რ. ა–ას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ხ. ნ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განაჩენით ხ. ნ–ხ. ნ– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილო ბრალდებით.
2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ხ. ნ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2026 წლის 16 იანვარს, რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ხ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან არ ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ იქნა სამი მოწმე, რომლებიც ფაქტის თვითმხილველნი არიან. მათ შორის, დაზარალებული, თუმცა სასამართლომ უკანონოდ უგულებელყო მათი ჩვენებები. საქმეზე, ასევე, გამოკვლეულ იქნა სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერები. ჩანაწერში ჩანს, რომ ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს კვლავ დახვდათ კონფლიქტური სიტუაცია. ადგილზე მყოფი პირები – რ. ა–ა, ს. ნ–ა და ს. ა–ა განმარტავდნენ, რომ ხ. ნ–მა ხელი გაარტყა და თმებზე მოქაჩა რ. ა–ას. ზემოხსენებული მტკიცებულებების სწორი და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, ხ. ნ– მიმართ გამოტანილი უნდა ყოფილიყო გამამტყუნებელი განაჩენი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. პროკურორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობაზე.
5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა, შესაძლოა, ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევით, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („in dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.
5.4. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ სამართლებრივად მცდარად შეაფასა საქმეში შეკრებილი მტკიცებულებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტები.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ხოლო ამავე მუხლის, მესამე ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.10. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა ხ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ხ. ნ–ს დამნაშავეობაში და არ გააჩენდა კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
5.11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ხ. ნ–ს მიმართ არ წარმოდგენილა არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება. მართალია დაზარალებულმა და მისი ოჯახის წევრებმა სასამართლოში ისაუბრეს ხ. ნ–ს მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკურ ძალადობის შესახებ, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხ. ნ–ხ. ნ– და მისი შვილი – ნ. ნ. . ნ–ს კატეგორიულად უარყოფენ გამართლებულის მხრიდან რაიმე ფორმით ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამდენად, სწორედ ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია ნეიტრალური მტკიცებულები, რომლებიც გაამყარებს დაზარალებულის ჩვენებას და სანდოობის მეტ ხარისხს შესძენს მას. პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაცია ან აქციოს იგი არასანდოდ, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობაში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ.
5.12. აღსანიშნავია, რომ თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობების არსებობისას, სასამართლომ ცხადად უნდა განმარტოს მიზეზები, რის გამოც იზიარებს ერთ მტკიცებულებას და გამორიცხავს მეორეს ან წარმოაჩინოს ის საფუძვლები, რომელთა გამოც უარს აცხადებს თითოეული მათგანის გაზიარებაზე. როდესაც საქმე ეხება მოწმეთა მიკერძოებულობის საკითხს, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზიანებებთან დაკავშირებით რ. ა–ა გარდა საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერებისა, არსად არ უთითებს ხ. ნ–ზე, აღნიშნულის საპირისპიროდ განმარტავს, რომ დაზიანებები მიიღო რძალთან ჩხუბის დროს, კერძოდ, 2024 წლის 1 დეკემბერს გამომძიებელ შ. ნ–ს მიერ შედგენილი, რ. ა–ას ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, რ. ა–ამ მას დაუფიქსირა მარჯვენა ლოყისა და ყელის არეში მრავლობითი ნაკაწრები და განუმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მისმა ძმის ცოლმა – ნ. ნ–მა ფიზიკური შეურაცხყოფისას.
5.13. ამასთან, საგულისხმოა რ. ა–ას, ს. ა–სა და ს. ნ–ს ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, რომელიც არსებითი ხასიათისაა მტკიცების საგანთან მიმართებით და ეწინააღმდეგება, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც უშუალოდ ძალადობის ფაქტს არ ასახავს, თუმცა საეჭვოს ხდის მოწმეთა მიერ გაკეთებულ განმარტებებს. ვიდეოჩანაწერით არ დადასტურდა, რომ ხ. ნ–ს ბინის დატოვების შემდეგ კვლავ დაბრუნდა ბინაში; ასევე არ დადასტურდა რ. ა–ას განმარტება თითქოს ხ. ნ. პოლიციელებმა გაიყვანეს ბინიდან; აღნიშნულის საპირისპიროდ დადასტურებულია, რომ პოლიციის თანამშრომლებს გამართლებული დახვდა ეზოში. ასევე წინააღმდეგობრივია ბრალდების მხარის მოწმეთა მიერ განმარტებული გარემოება, რომ კონფლიქტს არავინ შესწრებია. ვიდეოჩანაწერში ცხადად ჩანს, რომ კონფლიქტისას ბინა დატოვა რამდენიმე პირმა, ასევე სამართალდამცავებს ბინაში დახვდათ ს. ნ–ს მეუღლე, რომელიც არცერთმა მოწმემ არ დაასახელა, ამდენად, ამ და კიდევ სხვა წინააღმდეგობების გათვალისწინებით, რაზეც ვრცლადაა საუბარი სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, სასამართლოს არ გააჩნდა ბრალდების მხარის მტკიცებულების გაზიარებისა და თანაბარი ძალის მქონე მეორე მხარის მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო, რომ მხარეები დაპირისპირებულნი იყვნენ. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერსა და სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-იდან“ გამოთხოვილ ინფორმაციას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვერც აღნიშნული მტკიცებულებები დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, მათში არსებული მწირი ინფორმაციის გათვალისწინებით.
5.14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ხ. ნ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ.
5.15. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც ყველა მითითებული საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან, ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
5.16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის პროკურორის მოადგილის ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე