საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100125011434340
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №91აპ-26 4 მაისი, 2026 წელი
მ–ი კ., №91აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. კ. მ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე პერიოდში, ქ. ქ–ში, ........ სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. მ–ი შურისძიების მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ვ. დ–ას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2025 წლის 15 მარტს, დღის საათებში, ქ. ქ–ში, .... გამზირი N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. მ–ი შურისძიების მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ. დ–ას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2025 წლის 29 მარტს, დღის საათებში, ქ. ქ–ში, ..... გამზირი N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. მ–ი შურისძიების მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ. დ–ას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენით, კ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 15 მარტის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.
კ. მ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2025 წლის 29 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1200 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, კ. მ–ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ და მოითხოვა კ. მ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებებით და დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 21 ნოემბერს, ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ თორნიკე გოგეშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კ. მ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კ. მ–ის გამართლების ნაწილში უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ მის მიერ ბრალადწარდენილი ყველა ეპიზოდის ჩადენას. ამასთან, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კ. მ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს კ. მ–ს მიერ 2025 წლის 29 მარტს ჩადენილი მუქარის ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ 2024 წლის 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე პერიოდში და 2025 წლის 29 მარტს ჩადენილი მუქარები. ასევე კ. მ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის კანონიერება.
5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს პირის გამართლება/გამტყუნებას ან კვალიფიკაციის შეცვლას, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს თითოეული მუხლით/მუხლის ნაწილით პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის უკანონობა. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ვერ უთითებს სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის დამადასტურებელ გარემოებებზე.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება კ. მ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ 2024 წლის 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე პერიოდში და 2025 წლის 29 მარტის მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობაში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლებიც მიუთითებდა კ. მ–ის მიერ ზემოხსენებულ ეპიზოდებში დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებების ჩადენას სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება, ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია სულ მცირე ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა.
5.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.7. რაც შეეხება კ. მ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე