საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 120100124010526691
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №109აპ-26 4 მაისი, 2026 წელი
ბ–ი ნ., №109აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ – გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ბ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბ–ს მუნიციპალიტეტის დაბა ა–ში მდებარე ნ. ბ–ის და მისი ძმის გ. ბ–ის საცხოვრებელ სახლში მდებარე ნ. ბ–ის საძინებელ ოთახში გ. ბ–ის და ნ. ბ–ის მიერ ურთიერთშელაპარაკებისას განხორციელებული ძიძგილაობის დროს, ნ. ბ–ის მიერ გ. ბ–ის მიმართ სანადირო თოფიდან შემთხვევითი გასროლის შედეგად გ. ბ–მა მუცლის არეში მიიღო სასიკვდილო ჭრილობები და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენით, ნ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 1 წლითა და 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დაკავებაში ყოფნის (2024 წლის 8 ივლისიდან 2025 წლის 14 მარტის ჩათვლით, 250 დღე) ვადის გათვალისწინებით, ნ. ბ–ს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა შინაპატიმრობა 49 დღის ვადით.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ბ–ის მიმართ სასჯელის დამძიმება – თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ბ–ის მიმართ სასჯელის დამძიმება – თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათს და სიმძიმეს. სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად ბრალდების მხარე ასევე მიიჩნევს ქმედების ჩადენას იარაღის გამოყენებით. პროკურორის შეფასებით არასააპტიმრო სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების, მათ შორის – კერძო და ზოგადი პრევენციის – მიღწევას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ნ. ბ–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და უცვლელად დატოვა ნ. ბ–ისთვის დანიშნული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ხასიათდება დადებითად, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ. ბ–ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა და ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენისას იყო შეზღუდული შერაცხაობის მდგომარეობაში), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 531-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. ბ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომელიც აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.7. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. შესაბამისად, ვინაიდან ნ. ბ–ი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ზემოხსენებული შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი – შინაპატიმრობა, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციულია. ამასთან, არ არსებობს სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის უკიდურესი საჭიროება, მით უფრო მაშინ როდესაც, დამნაშავის რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის მიზნები მიღწევადია ალტერნატიული სასჯელის მოხდით.
5.8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ – გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე