საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 120100121005346284
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №140აპ-26 ქ. თბილისი
ბ–ი თ., 140აპ-26 13 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ–ისა და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ არსენიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ბ–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 16:25 საათზე, ქ. ბ–ში, რ–ს ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. ბ–მა ი. კ–ეს ურთიერთშელაპარაკებისას, ხის ჯოხი შეურჭო მკერდის არეში, ასევე თმაში ჩაავლო ხელი და მძლავრად მოჰქაჩა, ხოლო შემდეგ მუშტი არაერთხელ დაარტყა თავის არეში. ძალადობრივი ქმედების შედეგად, ი. კ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენით თ. ბ–ი, − დაბადებული 19..წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა − 600 ლარი.
გაუქმდა თ. ბ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ თ. ბ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმება.
ü მსჯავრდებულ თ. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. მ–მა მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ. ბ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ. ბ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
ü პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ თ. ბ–ისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას. პროკურორის მოსაზრებით, თ. ბ–ისთვის შეფარდებული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და მსჯავრდებულის რესოციალიზაციას. კასატორი უთითებს, რომ თ. ბ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული, მას არ გამოუვლენია სინანული და არ არის შერიგებული დაზარალებულთან. დაზარალებული ითხოვს მის დასჯას, ხოლო მხარეებს შორის სამეზობლო დავა არ ამოწურულა. მხედველობაში აგრეთვე მისაღებია ჩადენილი ქმედების შედეგის სიმძიმე.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და სწორად დაასკვნა, რომ თ. ბ–ის ბრალეულობა დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
9. დაზარალებულმა ი. კ–ემ დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა მსჯავრდებულთან კონფლიქტის − კაკლის ბერტყვის გამო წარმოშობის მიზეზი, შემდეგ თ. ბ–ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი მოქმედებები, რაც გამოიხატა მისთვის გულმკერდის არეში ხის წვეტიანი ჯოხის შერჭობით, თმაში ხელის ჩავლებითა და კეფის არეში რამდენჯერმე დარტყმით. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნული ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
10. დაზარალებულის მონათხრობს ამყარებს შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმის – ა. მ–ს ჩვენება. აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, რომ ი. კ–ესა და თ. ბ–ს შორის მოხდა დაპირისპირება; მოწმემ მიუთითა, რომ ინდირამ შემთხვევით ურიკა გადააბრუნა, რომელიც თ–ს მოხვდა, რის გამოც, იგი გაბრაზდა და ხის ნაჭერი მარცხენა მხარეს შეარჭო ი. კ–ეს, ასევე მოჰქაჩა თმა და თავში ხელი ჩაარტყა.
11. საყურადღებოა მოწმე მაია ჩქარეულის ჩვენებაც, რომელიც, მართალია, უშუალოდ ფიზიკური ძალადობის მომენტს არ შესწრებია, მაგრამ მან დაადასტურა შემთხვევის შემდგომი ვითარება: გაიგო ჩხუბის ხმა, ი. კ–ე ამბობდა, რომ ეშველათ მისთვის; ადგილზე მისვლისას დაზარალებული ტიროდა და ეუბნებოდა, რომ თ. ბ–მა სცემა; მას აღენიშნებოდა დაზიანებები − ყურიდან სისხლი მოსდიოდა, მკერდის არეში ჰქონდა დარტყმის კვალი და ნაკაწრი.
12. დაზარალებულ ი. კ–ის ჩვენებას სრულად შეესაბამება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული ინფორმაციაც. საგამოძიებო მოქმედებისას, დაზარალებულმა მიუთითა შემთხვევის ადგილზე, ურიკასა და იმ ადგილზე, სადაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აგრეთვე ხის ჯოხზე, რომელიც, მისი განმარტებით, თ. ბ–მა გულმკერდის არეში შეურჭო.
13. გარდა ამისა, დაზარალებულ ი. კ–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება შემდეგი: დაზარალებულს ობიექტური გასინჯვით, აღენიშნებოდა მარცხენა მხრის ზემო მესამედის წინა მედიალურ ზედაპირზე ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი, მარცხენა ყურის ნიჟარის ზედაპირზე მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი; ი. კ–ეს აღენიშნებოდა სხეულის ზედაპირული დაზიანება, სტრესული მდგომარეობა, ადაპტაციის დარღვევები; სასწრაფო სამედიცინო ბარათისა და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით, ი. კ–ის სხეულზე არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად: პირადი გასინჯვის მონაცემებით, დაზარალებული უჩიოდა თავის ტკივილს, ტკივილს მარცხენა ზემო კიდურის არეში, ტკივილს კისრის არესა და მარჯვენა მუხლის არეში; დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია დადგინდეს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, როგორც თ. ბ–ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობრივი ქმედებები − ხის ჯოხის გულმკერდის არეში შერჭობა, თმის მოქაჩვა და თავის არეში დარტყმა, ისე − აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა.
15. ამდენად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად, ქმნის ლოგიკურ, თანმიმდევრულ და ურთიერთშემავსებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მათ შორის არ იკვეთება ისეთი არსებითი წინააღმდეგობა, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა თ. ბ–ის ბრალეულობას ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.
16. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სათანადოდ შეაფასა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, საგამოძიებო მოქმედებათა შედეგები და ექსპერტიზის დასკვნა, რის შედეგადაც, პირველი ინსტანციის განაჩენი კანონიერად დატოვა უცვლელად.
17. რაც შეეხება პროკურორის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.
21. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ თ. ბ–ისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები. ამასთან, სააპელაციო პალატამ განაჩენში იმსჯელა როგორც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე, ისე მსჯავრდებულის პიროვნებაზე, სასჯელის მიზნებზე, პროპორციულობასა და ინდივიდუალიზაციაზე.
22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა დანაშაულის ჩადენით დამდგარი შედეგი და ქმედების ძალადობრივი ხასიათი, რადგან ცემა თავისთავად მოიცავს აგრესიულ ქმედებებს ფიზიკური ზემოქმედების სახით; ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. რაც შეეხება დაზარალებულთან შეურიგებლობასა და სინანულის არარსებობას, აღნიშნული გარემოებები, მართალია, სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელია, თუმცა ისინი არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს და თავისთავად არ ქმნის უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების საფუძველს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის ასაკს, იმ გარემოებას, რომ იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.
23. აღნიშნული გარემოებები, დანაშაულის ხასიათთან, დამდგარ შედეგთან და მსჯავრდებულის პიროვნულ მონაცემებთან ერთობლივად, იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას და სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე − მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ–ისა და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ არსენიშვილის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე