საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.05.2026
საქმის ნომერი
2კ-158აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100125011699402

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №158აპ-26 5 მაისი, 2026 წელი

ჭ–ა ი., 158აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ ქეთელაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით, ი. ჭ–ა, – დაბადებული .... – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ჭ–ამ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2025 წლის 30 მაისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ქ. ქ–ში, .... ქუჩის №..-ის მიმდებარედ, სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად წარმოშობილი უთანხმოების საფუძველზე, ი. ჭ–ამ ხელების თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით, იძალადა ი. ბ–ზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა – მარიამ ქეთელაურმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ი. ჭ–ას მიმართ სასჯელის გამკაცრებას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა – მარიამ ქეთელაურმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ი. ჭ–ას მიმართ სასჯელის გამკაცრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა, რამეთუ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის შეფარდებისას გასათვალისწინებელია ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, დაზარალებულის პოზიცია – ი. ბ–ი უკმაყოფილოა განაჩენით, ასევე – იმსახურებს თუ არა მსჯავრდებული ყველაზე მსუბუქ სასჯელს და მისი თავისუფლება, რამდენად საფრთხისშემცველი შესაძლოა, იყოს დაზარალებულისათვის.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. ბრალდების მხარის მიერ სადავო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

10. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ი. ჭ–ას განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი სასჯელი – ჯარიმის სახით, რომლის სახის ან ზომის გამკაცრების აუცილებლობა, მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის საკასაციო საჩივრის კვალდაკვალ, არ არის დასაბუთებული. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ ქეთელაურის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე