დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.05.2026
საქმის ნომერი
2კ-24-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№24I-26 თბილისი

კ-ი ა./ა., 24I-26 18 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა./ა. კ-ის (A. K.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2026 წლის 1 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2025 წლის 16 აპრილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გიორლიცის ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოიცა ა. კ-ის დაკავების ბრძანება №10 Gs 534/25 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გერმანიის ტერიტორიაზე ცხოვრების შესახებ კანონის 4 I, 14 I No 2, 95 I No 3 და 96 I No 1b, II No 5 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობის ორი ეპიზოდი, საიდანაც ერთი მოიცავდა სიცოცხლისათვის საშიშ მოპყრობას) შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.

2025 წლის 11 სექტემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გიორლიცის ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოიცა ა. კ-ის დაკავების ბრძანება №10 Gs 1379/25 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გერმანიის ტერიტორიაზე ცხოვრების შესახებ კანონის 4 I, 14 I No 2, 95 I No 3, 96 I No 1 a და b და 96 II No 1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობის სამი ეპიზოდი) შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.

2025 წლის 25 აპრილიდან ა. კ-ი იძებნება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის არხებით.

2. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებანი 2025 წლის 16 აპრილის დაკავების ორდერის მიხედვით:

2023 წლის 23 ივნისს არტიომ კ-ი დაეხმარა მესამე სახელმწიფოს ხუთ მოქალაქეს, რომელთაც სჭირდებოდათ ვიზები, გერმანიის ტერიტორიაზე შესვლაში. მან დაავალა ა. კ-ს აღნიშნული პირების გერმანიის ტერიტორიაზე შეყვანა, 500 ევროს სანაცვლოდ.

2023 წლის 1 ივლისს არტიომ კ-ი დაეხმარა მესამე სახელმწიფოს ცხრა მოქალაქეს, რომელთაც სჭირდებოდათ ვიზები, გერმანიის ტერიტორიაზე შესვლაში. მან დაავალა ა. კ-ს აღნიშნული პირების სლოვაკეთიდან გერმანიის ტერიტორიაზე შეყვანა, 1000 ევროს სანაცვლოდ. მანვე გაუგზავნა ა. კ-ს მარშრუტის საწყისი ლოკაცია ბრატისლავას სიახლოვეს და, ამავდროულად, მისთვის ცნობილი იყო, რომ 2 მიგრანტი იძულებული იყო, ემგზავრა ავტომაქანის საბარგულში და ავტოსაგზაო შემთხვევისას ისინი აღმოჩნდებოდნენ მყისიერი საფრთხის წინაშე.

3. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2025 წლის 11 სექტემბრის დაკავების ორდერის მიხედვით:

2023 წლის 16 მარტს არტიომ კ-ი დაეხმარა მესამე სახელმწიფოს ხუთ მოქალაქეს, რომელთაც სჭირდებოდათ ვიზები, გერმანიის ტერიტორიაზე შესვლაში. მან დაავალა

დაკავებულ ბობომუროძოდას აღნიშნული პირების გერმანიის ტერიტორიაზე შეყვანა.

2023 წლის 19 მარტს ა. კ-ი დაეხმარა მესამე სახელმწიფოს სამ მოქალაქეს, რომელთაც სჭირდებოდათ ვიზები, გერმანიის ტერიტორიაზე შესვლაში. მან დაავალა დაკავებულ ბობომუროძოდას აღნიშნული პირების სლოვაკეთიდან გერმანიის ტერიტორიაზე შეყვანა. მანვე გაუგზავნა კ-ს მარშრუტის საწყისი ლოკაცია ბანსკა-ბისტრიცას სიახლოვეს. გერმანიის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ისინი გადაამოწმა ფედერალურმა პოლიციამ.

2024 წლის 1 ივლისს ა. კ-ი დაეხმარა, მინიმუმ, მესამე სახელმწიფოს ოც მოქალაქეს, რომელთაც სჭირდებოდათ ვიზები, გერმანიის ტერიტორიაზე შესვლაში. მან დაავალა ვინმე ციგლერს აღნიშნული პირების ავსტრიიდან გერმანიის ტერიტორიაზე შეყვანა. 7 მგზავრი ავსტრიის ტერიტორიაზე უცნობ ადგილას ჩამოვიდა „ფორდის“ მარკის ავტომობილიდან, რომელსაც ციგლერი ატარებდა, ხოლო ციგლერმა და დანარჩენმა ცამეტმა მგზავრმა გერმანიის საზღვარი გადაკვეთეს.

4. მოცემულ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია შუამდგომლობის მე-4 და მე-5 პარაგრაფში მითითებული მუხლებით. ამასთან, მითითებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით.

5. 2025 წლის 20 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. კ-ი.

6. 2025 წლის 22 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ა. კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 30 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით. აღნიშნული თანხა იმავე დღეს გადახდილია მაია კ-ის მიერ და ა. კ-ი გათავისუფლდა პატიმრობიდან.

7. 2025 წლის 7 ოქტომბერს და 30 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შუამდგომლობა ა. კ-ის ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული მასალები.

8. 2026 წლის 28 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ა. კ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გიორლიცის ადგილობრივი სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის №10 Gs 534/25 და 2025 წლის 11 სექტემბრის №10 Gs 1379/25 დაკავების ბრძანებებში მითითებული დანაშაულების შესაძლო ჩადენისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორცილების მიზნით.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 1 მაისის განჩინებით პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დასაშვებად იქნა ცნობილი ა. კ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გიორლიცის ადგილობრივი სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის №10 Gs 534/25 და 2025 წლის 11 სექტემბრის №10 Gs 1379/25 დაკავების ბრძანებებში მითითებული დანაშაულების შესაძლო ჩადენისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორცილების მიზნით.

10. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. კ-ის – ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: ა. კ-ი ლეგალურად ცხოვრობს საქართველოში, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი; ცოლად ჰყავს საქართველოს მოქალაქე; ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი დაავადებულია აუტიზმის უმძიმესი ფორმით და მჭიდროდაა მიჯაჭვული მამაზე, მამის გარეშე ყოფნით ადგება მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა; ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ა. კ-ია. მისი განმარტებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მისთვის წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლო და განზრახ დამძიმებულია, არ შეესაბამება მის რეალურ ქმედებებს, რაც, თავისთავად, გულისხმობს იმას, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, მას დაერღვევა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. ა. კ-ი საქართველოში თავშესაფრის მაძიებელია, მის მიმართ არ დასრულებულა თავშესაფრის მაძიებლის პროცედურები, რის გამოც, დაუშვებელია მისი ექსტრადიცია.

11. პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ა. კ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 1 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ა. კ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 20 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს: ექსტრადიციის შემთხვევაში, დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ა. კ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.

5. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).

6. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ევროპის კავშირისა და ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოა. ევროპის კავშირის წევრობისათვის კი სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია, როგორც „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, რომელთა თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა „უსაფრთხო სახელმწიფოა“, რომელშიც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. ამდენად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. კ-ის მიმართ განხორციელდება დევნა, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი.

7. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო.

8. საექსტრადიციო მასალების შესწავლით ასევე ირკვევა: ა. კ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ დაირღვევა უფლებები, მათ შორის – სამართლიანი სასამართლოს უფლება, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული ა. კ-ის უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ა. კ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის უკრაინის მოქალაქე.

10. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო ითხოვს. ა. კ-ი უკრაინის მოქალაქეა, ხოლო მის ექსტრადიციას ითხოვს მესამე, არაწარმოშობის სახელმწიფო – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. შესაბამისად, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. დაცვის მხარის განმარტებასთან დაკავშირებით, რომ ა. კ-ი საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირია და მის მიმართ არ დასრულებულა თავშესაფრის მაძიებლის პროცედურები, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო ფაზის დასრულება დასაშვებად მიიჩნევა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობისას. ამავდროულად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე არ უნდა აღსრულდეს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის კონვენციით ნაგულისხმევი ვალდებულებებიდან გამომდინარე.

11. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (Non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ა. კ-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ა. კ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და Non bis in idem-ის პრინციპის დარღვევა.

12. 2025 წლის 16 აპრილის დაკავების ორდერში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, 3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, მიგრანტის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

13. 2025 წლის 11 სექტემბრის დაკავების ორდერში აღწერილი ქმედების საქართველოს

იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, 3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

14. ამრიგად, ზემოხსენებული ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ბრალდებულია ა. კ-ი, დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით.

15. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ა. კ-ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილია 2023-2024 წლებში, ხოლო 2025 წელს გამოცემულია ა. კ-ის დაკავების ბრძანებები. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის და შეჩერებულია. ამასთან, ა. კ-ის ძებნის მასალების მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა, მითითებულ დანაშაულებთან მიმართებით, ასევე არ არის გასული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვითაც.

16. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ა. კ-ისათვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ იხილავს ა. კ-ის ბრალეულობის საკითხს. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სურვილი.

17. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს. ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (King v. The United Kingdom), N9742/07, 26/01/2010, §29).

18. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ა. კ-ი არის უკრაინის მოქალაქე და არ გააჩნია საქართველოში მუდმივად ცხოვრების კანონიერი საფუძველი. ამასთან, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა საქართველო. მართალია, საქართველოში ცხოვრობენ ა. კ-ის მეუღლე და შვილი, მაგრამ მისი ექსტრადიცია მოთხოვნილია ორი სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ინტერნაციონალური და ორგანიზებული ხასიათის დანაშაულებისათვის, რომელთათვისაც განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ხანგრძლივი ვადით. ასეთ ვითარებაში, ცალსახაა, რომ იმ დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათის, სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროებისა და დამდგარი ზიანის გათვალისწინებით, რომლებისთვისაც მოითხოვება ა. კ-ის ექსტრადიცია, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი იმთავითვე გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს, ასეთი ჩარევა რომც ხორციელდებოდეს. ამდენად, ა. კ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2026 წლის 1 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა./ა. კ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გიორლიცის ადგილობრივი სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის №10 Gs 534/25 და 2025 წლის 11 სექტემბრის №10 Gs 1379/25 დაკავების ბრძანებებში მითითებული დანაშაულების შესაძლო ჩადენისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორცილების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა./ა. კ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2026 წლის 1 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი