საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.06.2026
საქმის ნომერი
2კ-1101აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1101აპ-25 ქ. თბილისი

ა. ჯ., 1101აპ-25 9 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ჯ. ა-ის და ო. ა-ის -– მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2020 წლის მარტში ჯ. ა-ე და ო. ა-ე უძრავი ქონების მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, მისი თანხმობის გარეშე, უკანონოდ შევიდნენ თ-ში, მ-ს მე-- მ/რ, -- კორპუსის №- ბინაში. 2021 წლის მაისში ი. მ-ის მინდობილი პირის რ. ხ-ის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, რომ დაეტოვებინათ მისი შვილის საკუთრება, ჯ. ა-ე და ო. ა-ე გამოსახლებამდე არ ტოვებდნენ ი. მ-ის საკუთრებას და განაგრძობდნენ უკანონოდ ცხოვრებას აღნიშნულ ბინაში, რითაც არღვევდნენ ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ჯ. ა-ემ და ო. ა-ემ ჩაიდინეს – ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა და სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის განაჩენით:

2.1. ჯ. ა-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. ო. ა-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ჯ. და ო. ა-ეებს განემარტათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. აპელანტმა მოითხოვა ჯ. ა-ისა და ო. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. კასატორი ითხოვს გამართლებულების – ჯ. ა-ისა და ო. ა-ის – დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს ჯ. ა-ისა და ო. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

8. ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას, რაც გულისხმობს მესაკუთრის მკაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ ბინაში ან სხვა მფლობელობაში უკანონო შესვლას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ითვლება სხვა პირის ბინასა და სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნა, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ შევიდეს ბინაში თუ სხვა მფლობელობაში“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის N856აპ-21 განჩინება).

9. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 ივნისის N--- წერილის თანახმად, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 15 აგვისტომდე რეგისტრირებული იყო თ. რ-ეზე, 2020 წლის 15 აგვისტოდან – ი. მ-ზე (ტ. N1; ს.ფ. 124), ხოლო მოწმე თ. რ-ის ჩვენებით (მას შემდეგ, რაც ჯ. ა-ე და მისი ოჯახის წევრები გამოასახლეს თ. რ-ის ბინიდან, ისინი კვლავ შევიდნენ მის ბინაში) დგინდება, რომ ჯ. ა-ე და ო. ა-ე სადავო ბინაში შევიდნენ მაშინ, როდესაც ბინა ჯერ კიდევ თ. რ-ის საკუთრებაში იყო.

9.1. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით მსჯავრდებისათვის უნდა დასტურდებოდეს პირის განზრახვა. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ის გარემოება, რომ გამართლებულებს ჰქონდათ განზრახვა უკანონოდ დარჩენილიყვნენ/ყოფილიყვნენ ი. მ-ის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.

10.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

12. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე, ჯ. ა-ისა და ო. ა-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე