საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №263აპ-26 11 ივნისი, 2026 წელი
ა-ი გ., №263აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ა-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 1 მაისს, დაახლოებით 10:45 საათზე, თ-ში, წ-ის გამზირის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ა-მა თანნაქონი დანა, განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე მოუქნია მ. ჭ-ეს და სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა ხუთი ჭრილობა, მათგან სამი ჭრილობა მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას – მუცლის არეში, რომელთაგან ერთ-ერთი იყო შემავალი მუცლის ღრუში და დააზიანა ღვიძლი, ერთი ღია ჭრილობა მიაყენა ზურგის არეში და ერთი ჭრილობა – მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე. გ. ა-მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან მასთან მყოფმა მეგობარმა შეაკავა და შემთხვევის ადგილს განარიდა. მ. ჭ-ე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 150 საათი. განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. ა-მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეიძინა ცივი იარაღი – დანა, რომელსაც 2024 წლის 1 მაისს, დაახლოებით, 10:45 საათზე, ქ. თ-ში, წ-ის გამზირის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენით:
გ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 6 თვით.
2.2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2024 წლის 1 მაისს, დაახლოებით 10:45 საათზე, თ-ში, წ-ის გამზირის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ა-მა თანნაქონი დანისმაგვარი საგანით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ. ჭ-ეს სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა სამი ჭრილობა, მუცლის წინა კედელზე 2 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი სისხლმდენი ჭრილობა: 1) მახვილისებური მორჩის ქვემოთ, პარასტერნალურ ხაზზე მარცხნივ და ებჯინება მახვილისებურ მორჩს; 2) ლავიწშუა ხაზზე მარცხნივ, ნეკნთა რკალის დონეზე, შედის მუცლის ღრუში და აზიანებს ღვიძლს. გულმკერდის უკანა ზედაპირზე ზომიერად სისხლმდენი არაშემავალი ნაკვეთი ჭრილობა, მარჯვენა ბეჭის ძვლის მედიალურ ქვედა კიდესთან, პარავერტებრალურ ხაზზე მარჯვნივ. გ. ა-მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან შეაკავა და შემთხვევის ადგილს განარიდა მასთან ერთად მყოფმა მეგობარმა. მ. ჭ-ე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ამასთან, სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია გ. ა-ის მიერ ცივი იარაღის ტარება.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანჟელა გეთიამ და მსჯავრდებულ გ. ა-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ბ-მ. დაცვის მხარემ მოითხოვა გ. ა-ისათვის ბრალადწარდგენილი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო ალტერნატივის სახით – სასჯელის შემსუბუქება. ბრალდების მხარემ მოითხოვა გ. ა-ის დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ გაითხოვა სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლა საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ა-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. მ-მა. დაცვის მხარემ მოითხოვა გ. ა-ისათვის ბრალადწარდგენილი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ალტერნატივის სახით კი – სასჯელის შემსუბუქება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში. იმავდროულად, ადვოკატმა ნ. მ-მა დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების საქმეზე დართვის შუამდგომლობით მომართა უზენაეს სასამართლოს.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ადვოკატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. ა-ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, მის ქმედებაში არ იკვეთება სიცოცხლის მოსპობისათვის მიმართული ნებელობა. ადვოკატის განმარტებით, ქმედება განვითარდა კონფლიქტის ნიადაგზე, ატარებდა სპონტანურ ხასიათს და არ შეიცავდა წინასწარი დაგეგმვის ნიშნებს. ამასთან, კასატორის მტკიცებით, არ დგინდება მიზანმიმართული ზემოქმედება სასიცოცხლო ორგანოებზე და არც ისეთი ინტენსივობა ან განმეორებადობა, რაც მიუთითებდა შედეგზე ორიენტირებულ ქმედებაზე. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა, კერძოდ, მოწმეები არ გამორიცხავენ ქმედების იმპულსურ და შემთხვევით ხასიათს. დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის პიროვნულ მდგომარეობაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული ჩართული იყო მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში, რაც გავლენას ახდენს მისი ქცევის კონტროლზე, ზრდის იმპულსირობის ხარისხს და ამცირებს წინასწარ გააზრებული, მიზანმიმართული ქმედების ჩადენის შესაძლებლობას. კასატორის განმარტებით, სამართლებრივად დაუშვებელია შედეგის გაიგივება განზრახვასთან, ის გარემოება, რომ დაზიანება შეფასებულია, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, არ ადასტურებს მკვლელობის განზრახვას. ადვოკატი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად საკასაციო საჩივარში ასევე მიმოიხილავს ცალკეულ მოწმეთა ჩვენებებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს 2024 წლის 1 მაისს, დაახლოებით 10:45 საათზე, თ-ში, წ-ის გამზირის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანნაქონი დანისმაგვარი საგანის გამოყენებით, გ. ა-ის მიერ მ. ჭ-ისათვის სხეულის სხვადასხვა ადგილას სამი, მათ შორის, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობის მიყენება. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქმედების ჩადენისას გ. ა-ის განზრახვის მიზანმიმართულობა, კერძოდ, მისი განზრახვა მოიცავდა დაზარალებულის მკვლელობას თუ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო შეაფასებს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობას.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ა-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი გ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.4. რაც შეეხება გ. ა-ის განზრახვას, უზენაესი სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის №142აპ-13 განაჩენი).
5.5. ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენი).
5.6. უზენაესი სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით ქმედების კვალიფიკაციისას, სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენი).
5.7. განზრახვის დასადგენად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 11 ივნისის სამედიცინო ექსპერიტიზის N- დასკვნას, რომლის თანახმად, აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის N- სამედიცინო ბარათისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე მ. ჭ-ეს, 2024 წლის 1 მაისს, აღენიშნებოდა: მუცლის წინა კედელზე 2 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი სისხლმდენი ჭრილობა: 1) მახვილისებური მორჩის ქვემოთ, პარასტერნალურ ხაზზე მარცხნივ, არხი სიგრძით 5-6 სმ. მიემართება ზემოდან ქვემოთ, გარედან შიგნით, მარცხნიდან მარჯვნივ და ებჯინება მახვილისებურ მორჩს; 2) ლავიწშუა ხაზზე მარცხნივ, ნეკნთა რკალის დონეზე, არხი სიგრძით 6-7 სმ, მიემართება ზემოდან ქვემოთ, გარედან შიგნით, მარცხნიდან მარჯვნივ, შედის მუცლის ღრუში და აზიანებს ღვიძლს. გულმკერდის უკანა ზედაპირზე ზომიერად სისხლმდენი არაშემავალი ნაკვეთი ჭრილობა, მარჯვენა ბეჭის ძვლის მედიალურ ქვედა კიდესთან, პარავერტებრალურ ხაზზე მარჯვნივ, არხის სიგრძით 4-5 სმ. მიემართება მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში ასევე მითითებულია სხეულზე ექსკორიაციები. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. შემავალი ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, სხვა ჭრილობები როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ექსკორიაციები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე – იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებული, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტებში ექსკორიაციების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა კონსტანტინე ცქიტიშვილმა და დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა სამი ჭრილობა, საიდანაც ერთ-ერთი არის სიცოცხლისათვის სახიფათო. ნებისმიერ ჭრილობა მუცლის ღრუში შეღწევით, ორგანოს დაზიანების გარეშეც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებას.
5.8. გარდა ამისა, გ. ა-ის ქმედების მიზანმიმართულობისა და განზრახვის დასადგენად, განსაკუთრებით საყურადღებოა მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დგინდება მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული ურთიერთობა როგორც უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის პროცესში, ისე – მანამდე. გამოკვლეული მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით) დადგენილია, რომ გ. ა-ს დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ მ. ჭ-ესთან, არა მხოლოდ შემთხვევის დღეს, არამედ – წინა დღეებშიც. ასევე დასტურდება, რომ დაზარალებულმა გ. ა-ს შეაგინა დედის მისამართით და ჰკრა ხელი, ხოლო გ. ა-ი შეგინებაზე გაღიზიანდა და რამდენჯერმე დაარტყა დანა დაზარალებულს, რასაც თავადაც არ უარყოფს. დაზარალებულის განმარტებით, გ. ა-ი აგინებდა და ეუბნებოდა, რომ მომკვდარიყო. ამასთან, გ. ა-ს დაზარალებულისათვის კვლავ დარტყმის საშუალება შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა არ მისცეს, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა გაიყვანეს.
5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ, დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობას (დაზარალებულს მიყენებული აქვს სამი ჭრილობა), მათ ლოკალიზაციასა (ჭრილობა მიყენებულია სიცოცხლისათვის საშიშ ადგილას) და სიმძიმეს (განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ამასთან, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აზიანებს ღვიძლს), დანაშაულის საგანს (ჭრილობები მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით), აგრეთვე, ითვალისწინებს დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის არსებულ წინარე კონფლიქტურ ურთიერთობას, მსჯავრდებულის ქცევას და დადასტურებულად მიაჩნია გ. ა-ის განზრახი ქმედება მ. ჭ-ის მოკვლის მიზნით, რისი სისრულეში მოყვანაც ვერ შეძლო.
5.10. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილ არგუმენტებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების კონფლიქტის ნიადაგზე, სპონტანურად, წინასწარი დაგეგმვის გარეშე ჩადენა არ გამორიცხავს მკვლელობის განზრახვის არსებობას, რადგან ქმედების განზრახ მკვლელობით ან მისი მცდელობით კვალიფიკაციის მიზნებისათვის, არ არის აუცილებელი განზრახვის აღმოცენება დროის ხანგრძლივი პერიოდით უსწრებდეს ქმედებას. კონკრეტული შედეგის დადგომისაკენ მიმართული ქმედება, შესაძლოა, სწორედ განზრახვის აღმოცენებიდან უმალვე, მყისიერად ან მის თანადროულად განხორციელდეს. მკვლელობის სურვილი და განზრახვა შესაძლებელია, წარმოიშვას იმწუთიერად, იმ მომენტისათვის წარმოქმნილი საბაბის/მოტივის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია ადვოკატის აპელირება მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მსჯავრდებულის ჩართულობის შესახებ. ამ უკანასკნელ გარემოებაზე მითითებით კასატორი ცდილობს დადასტურებულად წარმოაჩინოს მსჯავრდებულის იმპულსურობა, მისი მხრიდან გააზრებული და მიზანმიმართული ქმედების ჩადენის უნარის შემცირება, თუმცა, გაუგებარია, რის საფუძველზე ასკვნის დაცვის მხარე, რომ თუნდაც, იმპულსურად და სპონტანურად განხორციელბული ქმედება არ შეიძლება იყოს მიზანმიმართული. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ დაზარალებულის ნოტარიულად დადასტურებულ განცხადებას, რომ თითქოს, მსჯავრდებულს მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, სასამართლო ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმეში არსებული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლელული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულ მ. ჭ-ის ჩვენებით, რომლითაც სრულიად საპირისპირო დასტურდება.
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები: დაზარალებულთათვის მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობა, დაზიანებათა ლოკალიზაცია, სიმძიმე, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს მსჯავრდებულის ქცევა ნათლად წარმოაჩენს მისი ქმედების მიზანმიმართულობას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებასა და განზრახვას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის ეჭვს არ იწვევს გ. ა-ის მხრიდან დაზარალებულის მკვლელობის განზრახვის არსებობა.
5.12. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ა-ისათვის შეფარებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები – ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, მისი ჩადენის ხერხი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება – დანაშაულის რეციდივი, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ა-ს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციის შესაბამისი სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარეც არ უთითებს სასჯელის უსამართლობის დამადასტურებელ კონკრეტულ გარემოებებზე. რაც შეეხება დაზარალებულის განცხადებას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიის არქონისა და მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე