საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.06.2026
საქმის ნომერი
2კ-273აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №273აპ-26 11 ივნისი, 2026 წელი

ლ-ე რ., №273აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 18 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. ლ-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 2 ივნისს, დილის საათებში, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე რ. ლ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რ. ლ-ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი თოფიდან გასროლებით, ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა ოჯახის წევრს – ძმას, რ. ლ-ეს, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენით, რ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ლ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ა-ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა რ. ლ-ის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 18 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 18 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ლ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ა-ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა რ. ლ-ის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ადვოკატის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა. სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ. ლ-ის მიერ ოჯახის წევრის მკვლელობას, ხოლო მოწმეთა ჩვენებები, აგრეთვე გამოკითხვის ოქმები ირიბია, რის გამოც, ისინი საფუძვალდ ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. ლ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი რ. ლ-ის საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.3. მოწმე მ. ლ-ის (მსჯავრდებულის ბიძაშვილი) ჩვენებით, 2023 წლის 2 ივნისს, დილით, აივანზე ყოფნისას შემოესმა თოფის გასროლის ხმა, ხოლო, დაახლოებით 10-15 წამში, მეორე გასროლის ხმაც გაიგო. იმავდროულად, გაიგო ბიცოლას – ლ. ს-ის კივილი: „დამეხმარეთ“. გადავიდა ბიძამისის სახლში. მისასვლელად მაქსიმუმ ერთი წუთი დასჭირდა. გასროლების ხმა მან გაიგო სწორედ ბიძამისის სახლის მხრიდან. როდესაც მივიდა ბიძამისის სახლში, გარდაცვლილი რ. ლ-ე უკვე მიწაზე იყო. იგი მივიდა მასთან და შეუმოწმა პულსი. ამ დროს, რ.იც იქვე იყო, ძალიან განერვიულებული. მოწმემ, ბრალდებულს უთხრა შემდეგი სიტყვები: „ეს რა გააკეთე, ეხლა ადექი და წადი აქედან, სადაც უნდა მიხვიდე, კი იცი“, ამ სიტყვებში მოწმე გულისხმობდა, რომ ბრალდებული უნდა ჩაბარებოდა პოლიციას. ბრალდებულს მოწმისთვის არაფერი უპასუხია. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის გარდა, იქ, ადგილზე არავინ დახვედრია და სწორედ ამიტომ მიმართა მოწმემ აღნიშნული სიტყვებით რ. ლ-ეს. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მსჯავრდებულის ბიძამ – თ. ლ-ემ.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ხსენებული მოწმეები არიან ის პირები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ დაუყოვნებლივ, თოფის გასროლის ხმისა და ყვირილის გაგონებისთანავე, ხოლო ადგილზე დახვდათ გარდაცვლილი რ. ლ-ე და იქვე იდგა რ. ლ-ე, რომელიც იყო განერვიულებული და არაფერს ამბობდა, იმავდროულად, შემთხვევის ადგილზე, მის გარდა, სხვა არავინ იმყოფებოდა.

5.5. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ ადგილზე მყოფი რ. ლ-ე მალევე მანქანით სადღაც წავიდა და დაბრუნდა, დაახლოებით, ნახევარ საათში, იყო აღელვებული და ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით ჩაბარდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია. საგულისხმოა ასევე მსჯავრდებულის მეუღლის – ი. დ-ს გამოკითხვის ოქმიც (უდავო მტკიცებულება), რომლითაც დასტურდება, რომ 2023 წლის 2 ივნისს, დილით, რ. ლ-ე სახლში მივიდა ძლიერ აღელვებული, ვერ იაზრებდა რას აკეთებდა, მან მეუღლეს უთხრა, რომ ძმასთან მოუვიდა ჩხუბი, ხელები უკანკალებდა, შემდეგ, დაუბარა, რომ ბავშვებისთვის მიეხედა და წავიდა სახლიდან. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ რ. ლ-ესა და რ. ლ-ეს ჰქონდათ კონფლიქტი, რაც უკავშირდებოდა გარდაცვლილის სასიყვარულო ურთიერთობას ქალთან, რომელიც ოჯახისათვის, მათ შორის, რ. ლ-ისათვის კატეგორიულად მიუღებელი იყო.

5.6. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N- დასკვნის თანახმად, რ. ლ-ის სიკვდილი მიზეზი გახდა ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული გულმკერდისა და მუცლის ღრუს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად დაზიანებული გულის, მარცხენა ფილტვის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების მთლიანობის დარღვევით განვითარებული სისხლდენით. დაზიანებები გამჭოლი ჭრილობების სახით გულმკერდის, მუცლისა და მარცხენა წინამხრის არეში განვითარებული იყო რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან/იარაღებიდან/ჭურვების გასროლის შედეგად. იყო სიცოცხლისდროინდელი, სიკვდილამდე ახლო დროის მონაკვეთში განვითარებული და მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან /სიკვდილთან/. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს.

5.7. შსს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, რ. ლ-ის სახელზე რეგისტრირებულია ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის, ბიოლოგიურ (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული უცხო სხეულები – რუხი მეტალის დეფორმირებული საგანი და ლურჯი პლასმასის საგანი, დაზიანებამდე წარმოადგენდნენ სტანდარტულ, 16 კალიბრის, სანადირო გლუვლულიანი იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელ კომპონენტს, ე.წ. „ფოსტერის“ ტიპის (კონსტრუქციის) ტყვიას და მის კომპონენტს – სტაბილიზატორს, რომლებზეც აღინიშნება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის, საიდენტიფიკაციოდ უვარგისი ნიშანთა კვლები. ამასთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი თოფიდან: N-- იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, რუსულ („იჟევსკის“ საიარაღო ქარხნის მიერ დამზადებულ), ორლულიან ფარულჩახმახიან, გლუვლულიან, სანადირო დანიშნულების, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, 16 კალიბრიან (ამჟამად, ანუ 2008წ. შემდეგ – „MP-43“) მოდელის თოფს, რომელიც გამართულია და ვარგისია გასროლების საწარმოებლად. მისგან გასროლა სასხლეტზე დაჭერის გარეშე არ ხორციელდება. იარაღის ორივე ლულიდან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ. N-- იარაღი წარმოადგენს სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებულ (თურქული ფორმის „ARMSAN SILAH A.S“-ის მიერ დამზადებულ) გლუვლულიან, კონსტრუქციულად მრავალმუხტიან, (5+1 ვაზნის ტევადობის) სანადირო, ცეცხლსასროლ თარაღთა კატეგორიაში შემავალ, თვითდამტენ (ანუ ნახევრად ავტომატურ) 12 კალიბრის თოფს, რომელიც გამართულია და ვარგისია გასროლების საწარმოებლად. მისგან გასროლა სასხლეტზე დაჭერის გარეშე არ ხორციელდება. იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლის ნიშნები არ დაფიქსორებულა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ვაზნები წარმოადგენს სანადირო დანიშნულების გლუვლულიანი, 12 და 16 კალიბრიანი იარაღისათვის (წარმოდგენილ ორი ერთეული იარაღის ჩათვლით) განკუთვნილ, სანადირო დანიშნულების საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ ვაზნებს. გამოსაკვლევად წარდგენილი, რ. ლ-ის ტანსაცმლიდან, მხოლოდ მომწვანო ფერის მოკლესახელოებიან მაისურზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მიდამოებში არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და სავარაუდოდ, განვითარებულია სანადირო ჭურვის მოქმედებით, რაც თავის მხრივ, არ გამორიცხავს მათი განვითარების შესაძლებლობას შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მეტალის დეფორმირებალი ობიექტით (ტყვიით), არა ახლო მანძილიდან სროლით.

5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულება, ფაქტი ან მონაცემი, რომელიც შეიძლება საფუძველი გახდეს გონივრული ეჭვისთვის, რომ დაზარალებულს შესაძლოა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები/ცეცხლნასროლი ჭრილობები მიეღო სრულიად სხვა ვითარებაში, სხვა დროს, სხვა პირისაგან და არა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად.

5.9. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, იარაღის გამოყენებით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, რა დროსაც, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რ. ლ-ეს დანაშაული ჩადენილი აქვს იარაღის გამოყენებით, თუმცა, მას სასჯელად შეეფარდა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის გამო, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობას საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ა-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე