საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124010708152
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №21აპ-26 ქ. თბილისი
მ. ა. 21აპ-26 3 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. თ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ა. მ–ეს – პირადი ნომერი: ................, – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.1.1. ა. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა. მ–ემ 2024 წლის 13 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. თ–ში, .... ქუჩის N....-ში მდებარე, ბებიის – ზ. მ–ის საცხოვრებელ ბინაში, საკუთარ ქალიშვილს - მ. მ–ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, მ. მ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2.1. ა. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 20 ოქტომბრიდან 2024 წლის 13 ნოემბრამდე დროის შუალედში, ქ. თ–ში, .... ქუჩის N....-ში მდებარე, ბებიის – ზ. მ–ის, საცხოვრებელ სახლში, ა. მ–ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა ბებიას - ზ. მ–ეს, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.
1.3.1. 2024 წლის 13 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. თ–ში, .... ქუჩის N....ში მდებარე, ბებიის – ზ. მ–ის საცხოვრებელ ბინაში, ა. მ–ემ სანთებელას დემონსტრირებით სცადა მაგიდის გადასაფარებლისა და ფარდისათვის ცეცხლის წაკიდება, რითაც დაემუქრა ზ. და მ. მ–ეებს სახლის დაწვით. აღნიშნული მუქარა მათ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მ. მ–ემ გაუწია წინააღმდეგობა და ჩააქრობინა სანთებელა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენით:
2.1. ა. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 20 ოქტომბრიდან 2024 წლის 13 ნოემბრამდე დროის შუალედში სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
2.2. ა. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 13 ნოემბერს, ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, ა. მ–ეს 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები – აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება;
2.4. ა. მ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 20 ნოემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალინა კუკავამ მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენში, ა. მ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის სასჯელის სახედ და ზომად – თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით განსაზღვრა, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 13 ნოემბრის ძალადობის ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილშიც;
3.2. მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. თ–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად – სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა;
3.3. მსჯავრდებულმა ა. მ–ემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩაუდენია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. თ–მა. კასატორი ითხოვს ა. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ა. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ მ. მ–ის, მოწმეების: თ. ფ–ს, ა. ჯ–ს, თ. ჭ–ს, ს. გ–ს და ნ. ქ–ს ჩვენებები, N...... შემაკავებელ ორდერი/შემაკავებელი ორდერის ოქმი, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პაციენტის N.. სამედიცინო ბარათი, სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ა. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. მ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. დაზარალებულმა მ. მ–ემ ლოგიკურად და დამაჯერებლად აღწერა მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის დეტალები. დაზარალებულის განმარტებით, 2024 წლის 13 ნოემბერს, დილას, ხმაურზე გაეღვიძა, მამა ბებიას უყვიროდა და სთხოვდა, ფულისთვის დედამისთან დაერეკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა სახლის დაწვით, ცდილობდა ფარდის და მაგიდის გადასაფარებლისთვის ცეცხლის მოკიდებას, რაც თავად ჩააქრო. მას შეეშინდა მამამისს სახლი მართლაც არ დაეწვა, ბებიაც შეშინებული და განერვიულებული იყო. ამის შემდეგ ა. მ–ემ კედლიდან ჩამოხსნა ორი ტელევიზორი და გარეთ გაიტანა, როდესაც მესამე ტელევიზორის ჩამოსახსნელად მიბრუნდა, ბებია პოლიციაში რეკავდა. მამამისი გახდა აგრესიული, ბებიასკენ გაიწია, თავად შუაში ჩაუდგა, რა დროსაც, ა. მ–ემ ხელი მარჯვენა ლოყაში გაარტყა, რაც ეტკინა. მათი ჩხუბის ხმაზე შევიდა მეზობელი ნ–ა, რომელმაც დამალა საპირფარეშოში, საიდანაც აპლიკაცია “Messenger”-ით დაურეკა დედას და სთხოვა პოლიციაში დარეკვა, ასევე უთხრა, რომ მამამისი იყო მთვრალი, დაარტყა და ეჩხუბებოდა.
11. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ ა. მ–ის მსჯავრდება ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
11.1. დაზარალებულ მ. მ–ის დედის - თ. ფ–ის ჩვენების ნაწილი, რომელიც ეხება მის მიერ უშუალოდ ნ–ხს, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. კერძოდ, თ. ფ–ს ჩვენებაში მითითებული ინფორმაცია პირდაპირია იმ ნაწილში, რომელიც ეხება დაზარალებულ მ. მ–ის მდგომარეობას შემთხვევიდან მალევე მასთან შეხვედრისას. მოწმემ აღწერა მ. მ–ის ვიზუალური მდგომარეობა ადგილზე მისვლისას და მიუთითა, რომ მ–ს სახის მარჯვენა მხარეს ჰქონდა დარტყმული, თითები ემჩნეოდა და სტკიოდა.
11.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. მ–ემ დასახმარებლად მიმართა დედას, ვიდეოზარით დაურეკა “Messenger”-ის საშუალებით, ტიროდა და კანკალებდა. მოწმე თ. ფ–ის ჩვენებით დგინდება, რომ აღნიშნული საუბრისას მან თავადაც გაიგონა ა. მ–ის ლანძღვა-გინება და მოკვლის მუქარა. მან სასწრაფოდ დატოვა სამსახური და წავიდა ზ. მ–ის სახლისაკენ, გზიდან პოლიციაში დარეკა და დახმარება ითხოვა (რაც დასტურდება თ. ფ–ის N........ შეტყობინებით), ვინაიდან შეეშინდა ა. მ–ეს მ–ისთვის რაიმე არ დაეშავებინა.
11.2. დაცვის მხარის მსჯელობაზე, რომ თ. ფ–ი გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას არ უთითებდა ა. მ–ის მიერ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებაზე, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილს, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ არასწორია კასატორის მტკიცება, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი თ. ფ–ის გამოკითხვის ოქმით (2024 წლის 13 ნოემბრის) დგინდება, რომ მოწმემ მიუთითა მ–ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მამამ სახის არეში ერთხელ დაარტყა (იხ.: ტ.1, ს.ფ. 32-35).
11.3. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის განმარტება, თითქოსდა თ. ფ–მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ როდესაც მ–მა “Messenger”-ით დაურეკა შენიშნა სიწითლე, ვინაიდან მოწმემ განმარტა, რომ როდესაც მ–მა ვიდეოზარით დაურეკა “Messenger”-ში კანკალებდა და ტიროდა, უთხრა მამის მხრიდან ჩადენილი ძალადობის შესახებ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის სხდომის ოქმი 15:54:20-15:55:10), მოწმეს არ მიუთითებია, რომ ვიდეოზარით კომუნიკაციისას დაინახა სიწითლე, მოწმემ მ–ის სახეზე სიწითლის არსებობაზე მიუთითა მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე მისულმა ნახა მ–ი.
12. მ. მ–ის მიერ სასამართლოში დაკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია ა. მ–ის მიერ მისთვის ხელის სახეში დარტყმისა და განცდილი ფიზიკური ტკივილის შესახებ, თანხვდენილია შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ინფორმაციასთან (შემაკავებელი ორდერის ოქმი ხელმოწერილია დაზარალებულ მ. მ–ის მიერ იხ.: ტ. 1, ს.ფ. 193-202), ასევე სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან“ გამოთხოვილ შეტყობინების აუდიოჩანაწერთან და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის - ზ. კ–ის სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერთანაც (რომელშიც გარკვევით ჩანს რომ მ. მ–ე შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს უთითებს ა. მ–ის მიერ მისთვის ხელის დარტყმის ფაქტზე).
13. მოწმეთა: ა. ა-ს, ზ. კ–ის, ა. ჯ–ის და თ. ჭ–ს (სსიპ ....... ცენტრში“ უფროსი ექიმი) ჩვენებებითაც დასტურდება, რომ დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე. დაზარალებულ მ. მ–ის სახეზე დარტმის შედეგად მარჯვენა ყვრიმალის არეში არსებული მცირე ჰიპერემიის შესახებ მითითებულია N.... სამედიცინო ბარათშიც.
13.1. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ დაზარალებულ მ. მ–ის მარჯვენა ყვრიმალის არეში არსებული სიწითლე შესაძლოა ყოფილიყო ალერგია ან ემოციური ფონი, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა დაზარალებულ მ. მ–ისა და თ. ფ–ის ჩვენებების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის სამართლებრივ საფუძველს.
14. უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის პოზიციას, რომ ორი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მტკიცებულებების ხელოვნურად შესაქმნელად, ამასთან რატომღაც 2024 წლის 24 დეკემბერს დაზარალებულმა მ. მ–ემ უკეთ აღიდგინა მოვლენები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი უფრო მოცულობითია. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2024 წლის 24 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული არ არის რაიმე ახალი გარემოება, რომელზეც დაზარალებული მანამდე გამოკითხვისას ან/და 2024 წლის 13 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს არ უთითებდა. 2024 წლის 24 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაზარალებულმა დამატებით კონკრეტულად მიუთითა მხოლოდ იმ ადგილებზე სადაც მოხდა ფიზიკური ძალადობა, ცეცხლის წაკიდების მცდელობა და – სადაც ეკიდა ტელევიზორი, რომელიც მსჯავრდებულმა ჩამოხსნა (იხ.: ტ.2, ს.ფ. 121-124).
14.1. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის მსჯავრდებისთვის დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი არ გამოიყენება დამოუკიდებელ მამხილებელ მტკიცებულებად. მყარად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სასამართლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და დაზარალებულის ჩვენებას არ განიხილავს ორ დამოუკიდებელ მტკიცებულებად. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2020 წლის 7 ივლისის №315აპ-20; 2020 წლის 1 ივნისის №49აპ-20; 2021 წლის 14 სექტემბრის №442აპ-21). შესაბამისად, ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და მოწმის/დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებებია მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: მაგალითისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23 და 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23). მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება.
14.2. შესაბამისად, კასატორის მტკიცება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით მამხილებელი მტკიცებულებების „გაბევრების“ შესახებ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
14.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად. საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის (იხ.: საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლი).
15. დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მითითება, რომ სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ ოთხი შეტყობინება წარმოდგენილია მტკიცებულებათა ხელოვნურად შესაქმნელად და მ. მ–ის ზარის გარდა, არცერთი შეტყობინება არ შეიცავდა მითითებას ფიზიკურ ძალადობაზე.
15.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2024 წლის 13 ნოემბერს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ დაუკავშირდა როგორც ზ. მ–ე, ასევე თ. ფ–ი და მ. მ–ე. ზ. მ–ემ ითხოვა პოლიციის დახმარება, რადგან მისი შვილიშვილი, რომელიც ალკოჰოლით მთვრალია ამტვრევდა ნივთებს, ოპერატორის კითხვაზე: ფიზიკური შეურაცხყოფა ხომ არ მოუყენებია? ზ. მ–ე პასუხობს „ხო, ხო“, ხოლო „112-ში“ მეორედ დარეკვისას ინტერესდება რატომ არ მიდის შემთხვევის ადგილზე პოლიცია, რომელიც გამოძახებული ჰყავს. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „112-ის“ შეტყობინებებში როგორც მ. მ–ემ, ასევე თ. ფ–მაც მიუთითეს ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე. ამასთან, მ. მ–ის მიერ სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ განხორციელებული შეტყობინების შინაარსიდან ირკვევა რომ პოლიცია უკვე მისულია შემთხვევის ადგილზე და ის რეკავს სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზნით, რადგან დარტმის შედეგად აწუხებს თავის ტკივილი (იხ.: ტ.2, ს.ფ. 64-65).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერის N..... ოქმის გრაფაში – სავარაუდო ძალადობა განხორციელდა მოწმეების თანდასწრებით? – ასევე მითითებულია მეზობელი ნ– (ნ. ქ–ა), თუმცა აღნიშნული ვერ გახდება დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან, როგორც დაზარალებულმა მ. მ–ემ, ასევე თავად ნ. ქ–ამ თანხვდენილად მიუთითეს ნ. ქ–ას შემთხვევის ადგილზე მისვლის გარემოებები. კერძოდ, როგორც დაზარალებული, ასევე მოწმე უთითებენ, რომ ნ. ქ–ას შემთხვევის ადგილზე მისვლისას მ–ი და ა– ჩხუბობდნენ, მოწმემ გაარიდა მ–ი და ჩაკეტა საპირფარეშოში. დაზარალებულ მ. მ–ეს ჩვენების მიცემისას არ მიუთითებია, რომ ა. მ–ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი იყო ნ. ქ–ა.
17. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
18. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. თ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე