საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100125011946885
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №313აპ-26 ქ. თბილისი
ყ. გ., 313აპ-26 23 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 13 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე – პროკურორ – იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ყ–ს, – პირადი ნომერი: ………, – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.1.1. გ. ყ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2025 წლის 10 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თ–ში, …. …ს …ჩიხში, კორპუსი .., ბინა ..-ში, გ. ყ–მა, მამას – თ. ყ–ს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთხელ ხელი დაარტყა მარცხენა კისერთან და მრავალჯერადად ფეხები დაარტყა ტანზე და ფეხებზე, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის განაჩენით გ. ყ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
2.1. გ. ყ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 10 ოქტომბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 13 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ - პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ გ. ყ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 32-ე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ და მოითხოვა გ. ყ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრება.
11. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
12. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
13. ამასთან, კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული, რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (მაგალითად, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).
13.1. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, ასევე - არ უთითებს რაიმე გარემოებაზე, რაც არ იქნა გათვალისწინებული ან/და არასწორად იყო შეფასებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და თავისთავად, ან საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიუთითებს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის უკანონობაზე ანდა უსამართლობაზე და რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.
13.2. კასატორი სასჯელის გამკაცრების მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს გ. ყ–ის პიროვნულ მახასიათებლებზე ( წარსულში მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ქცევის კონტროლის უუნარობა).
13.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით სააპელაციო სასამართლომ, დანაშაულის ხასიათის (ოჯახური დანაშაული) და კატეგორიის, ასევე – ძალადობის ხასიათისა და ინტენსივობის, დაზარალებულის პიროვნების გათვალისწინებით გ. ყ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
14. „აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
15. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
16. შესაბამისად, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე – პროკურორ – იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 13 მარტის განაჩენზე, გ. ყ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე