საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.07.2026
საქმის ნომერი
2კ-117აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080100123007601814

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №117აპ-26 ქ. თბილისი

პ. ც. 117აპ-26 30 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ც. პ–ას, – პირადი ნომერი: .........., – ბრალად ედებოდა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.1.ც. პ–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით, 23:00 საათზე, ქ–ში, ქ–ს ქუჩის N..-ში, ც. პ–ამ, ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. კ–ას, კერძოდ, ხელკეტი დაარტყა ზურგში, გულმკერში, ხელებსა და ფეხებზე, რის გამოც, ნ. კ–ამ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენით ც. პ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან უზნაძემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა ც. პ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან უზნაძემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა ც. პ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ამ მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის შეფარდება.

6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/წინაპირობების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სისხლის სამართლის საქმეში არსებული, მათ შორის, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, დასტურდება 2023 წლის 25 თებერვალს, ნ. კ–ასა და ც. პ–ას შორის კონფლიქტის არსებობა, თუმცა, კონფლიქტის შემსწრე არც ერთი ნეიტრალური მოწმე არ ადასტურებს ც. პ–ას მიერ ნ. კ–ას ცემას, ხოლო კონფლიქტის უშუალო მონაწილე პირთა და მათი ოჯახის წევრთა ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას, კერძოდ:

9. დაზარალებულ ნ. კ–ას ჩვენებით, 2023 წლის 25 თებერვალს, აივანზე ყოფნისას ც. პ–ამ დედის მისამართით შეაგინა, რასაც თავადვე გინებით უპასუხა. აღნიშნულზე ც. პ–ა გამოიქცა მისკენ, თავად კი მეუღლის თხოვნით სახლში შევიდა, რათა კონფლიქტი აერიდებინა. ცოტა ხანში, ფანჯარაში რაღაც ხმა გაიგო, როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ ც–ს ხის მორი ეჭირა, რომელიც ფანჯარას ორჯერ ისე ძლიერად დაარტყა, რომ ხმამ ბავშვები შეუშინა. აღნიშნულზე გარეთ გავიდა, რის შემდეგ, ც–მ შეშის ნაჭერი მოუქნია, რაც მარცხენა ხელის ნეკა თითზე მოხვდა, ასევე შეშის ნაჭერი უკან, ნეკნების მხარეს ორჯერ დაარტყა, ასევე, დაატყა ფერდში, მისივე განმარტებით, გულისხმობს გულმკერდის არეს, რის გამოც, დაზიანებები მიიღო და ფიზიკური ტკივილი განიცადა. დარტყმის შედეგად ჩაიკეცა და ც–მ ფეხების არეში განაგრძო მისთვის დარტყმების მიყენება. ც–მ მისთვის ხის ნაჭრის თავში ჩარტყმაც სცადა, თუმცა მეუღლე გადაეფარა და დარტყმის საშუალება არ მისცა. დაზიანებების გამო სასწრაფოც გამოიძახა. მეორე დღეს, ტკივილები გაუმძაფრდა და ერთი კვირა ფეხზე ვერ დგებოდა. ც–ს მიმართ საპასუხო დარტყმა არ განუხორციელებია და აღნიშნულს აბრალებენ.

10. დაზარალებულის ჩვენება დაადასტურა მისმა მეუღლემ – მ. მ–ემ, რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ნ– გარეთ გავიდა, იგი კიბის შუა ნაწილში იმყოფებოდა, როდესაც ბრალდებულმა კიბის სახელურის გარე მხრიდან, მარჯვენა ფერდის არესა და ნეკნების მხარეს შეშის ნაპობი სამჯერ ჩაარტყა, რის გამოც, ნ– კიბეზე ჩაიკეცა. მოწმე მეუღლეს გადაეფარა, რათა ბრალდებულს მისთვის თავში არ ჩაერტყა. მ. მ–ის განმარტებით, ც–მ ნ–ს ფეხშიც ჩაარტყა, რაც ნაწილობრივ თავადაც მოხვდა.

11. ც. პ–ას მეუღლის – თ. კ–ს გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, 2023 წლის 25 თებერვალს, სახლში ყოფნისას, ეზოდან შემოესმა ნ. კ–ას ხმამაღალი გინება. მიხვდა, რომ ლანძღვა-გინება მისი და მეუღლის მიმართ იყო, თუმცა არ გაკვირვებია, რადგან მისი მხრიდან მსგავსი ფაქტები ხშირია, სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით მათ შორის არსებული კონფლიქტის გამო. მალევე, შემოესმა მეუღლის –ც–ს საუბრის ხმაც. ც. პ–ა სახლში შემოვიდა და მობილური ტელეფონით მეგობარს, მეზობლად მცხოვრებ გ. მ–ეს ურეკავდა, რათა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ. კ–ა გაერიდებინა და დაემშვიდებინა, თუმცა ტელეფონით კონტაქტზე ვერ გავიდა. ც. პ–ამ გადაწყვიტა დახმარების სათხოვნელად გ–სთან გასვლა. რამდენიმე წუთში, ც. პ–ასა და ნ. კ–ას შორის კამათის ხმა შემოესმა. სიტუაცია, რომ არ გართულებულიყო სახლიდან ეზოში გავიდა და ქუჩაში ანთებული ღამის განათების ფონზე, კარგად დააფიქსირა მომენტი, როდესაც ქუჩაში მყოფმა ნ. კ–ამ, ხელი მოუქნია მის მეუღლეს – ც. პ–ას და მოარტყა მარცხენა ბეჭის არეში, რის შედეგად, ც. პ–ა წაბარბაცდა და საჯდომით დაეცა მიწაზე. ნ. კ–ა, სავარაუდოდ, ც. პ–ასათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზნით, გაიწია მიწაზე წაქცეული ც. პ–ასაკენ, თუმცა, ც–მ იქვე დაგდებული ფიცრის ნატეხი მოიძია და იქნევდა ნ. კ–ას მიმართულებით, რათა ნ. კ–ა არ მიახლოვებოდა და კვლავ არ მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ. კ–ა ცდილობდა ც–სთან მიახლოვებას, მაგრამ სიმთვრალის გამო სწრაფად ვერ მოძრაობდა, თანაც, ირიდებდა ც. პ–ას ხელში არსებულ ფიცრის ნატეხს. ც. პ–ას მიერ მოქნეული ფიცრის ნატეხი მოხვდა თუ არა ნ. კ–ას, არ დაუნახავს.

12. ბრალდებულმა ც. პ–ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ ჯოხი არავისთვის დაურტყამს და თუ ჯოხი ხელში ეჭირა და ვინმეს მოხვდა – თავს იცავდა. ც. პ–ას განმარტებით, ნ. კ–ამ, როდესაც იგი გარეთ გამოვიდა და კიბეზე ჩავიდა, ხელი დაარტყა, რის შედეგადაც, წაიქცა. ვინაიდან კ. ფიზიკურად დიდი იყო, თავდაცვის მიზნით აიღო ჯოხი.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. წ-ი-ს გამოკითხვის ოქმით, თ. კ–ს და თავად ც. პ–ას ჩვენებებით დასტურდება ც. პ–ას მიერ ფიცრის ნატეხის ფლობა, თუმცა ამ გარემოებას თ. კ– და ც. პ–ა ნ. კ–ას მხრიდან მომდინარე თავდასხმის მოგერიებით ხსნიან, ხოლო დაზარალებული ნ. კ–ა და მისი მეუღლე – მ. მ–ე ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორად ც. პ–ას ასახელებენ და არ ადასტურებენ ნ. კ–ას მიერ ც. პ–ას ცემას, მოწმე ნ. წ. კი ადასტურებს ც. პ–ას მიერ ფიცრის ნატეხის მხოლოდ ფლობას, მაგრამ არ ადასტურებს მის გამოყენებას („არ დამინახავს ც–ს ეს ჯოხი ვინმესთვის რომ დაერტყა“, არ ადასტურებს მხარეებს შორის არც ფიზიკურ შეურაცხყოფას და უთითებს მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტზე. იხ. ტ.1.,ს.ფ. 67). მოწმეთა (მეზობლად მცხოვრები პირები) გამოკითხვის ოქმებით (უდავო მტკიცებულებები) არ დასტურდება ც. პ–ას მხრიდან ნ. კ–ას მიმართ ფიზიკური ძალადობა, ცემა. მოწმეები მიუთითებენ დაპირისპირებულ მხარეთა შორის მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ხოლო „ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენა“ (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 9 ივლისის N186აპ-25 და 2026 წლის 3 ივლისის N31აპ-26).

14. სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, ც. პ–ას სხეულზე არსებული დაზიანებები, ნაჭდევების სახით, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

15. სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნის თანახმად: სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ნ. კ–ას დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის ტრავმები/დაჟეჟილობა, ხოლო პირადი შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობა (ინექციის შემდგომი კვალი) და დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საგანი (ფიცრის ნატეხი) მიეკუთვნება მკვრივ-ბლაგვ საგანთა ჯგუფს.

16. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების, დაზარალებულისა და ც. პ–ას ფიზიკური დაზიანებების (შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების), დაპირისპირებულ მხარეებს შორის განსახილველ კონფლიქტამდე არსებული ურთიერთობის (მშენებლობასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ოჯახებს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა და არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება) გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, ვერ დგინდება კონფლიქტის/ფიზიკური დაპირისპირების დაწყებისა და განვითარების მიმდინარეობა, რის გამოც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები უკავშირდებოდა ც. პ–ას მხრიდან საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას წარმოქმნილი ეჭვი, გასაჩივრებული განაჩენით, სამართლიანად გადაწყდა ც. პ–ას სასარგებლოდ.

18. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ (Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018; იხ. Ruiz Torija v. Spain, no. 18390/91, par. 29, ECtHR, 9/12/1994; Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no.19867/12, par. 84, ECtHR,11/07/2017).

19. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

20. „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები" (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; ).

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე