განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100124009068435
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №93აპ-26 ქ. თბილისი
მ-ა ი, 93აპ-26 8 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ბ. ყ-ა და ე. ლ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 6 ივნისის განაჩენით:
1.1. ი. მ-ა, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით შინაპატიმრობა და დაეკისრა დღე-ღამის განმავლობაში, 00:00 საათიდან 02:00 საათამდე და 05:00 საათიდან 24:00 საათამდე, თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საჯარო დაწესებულებებში საქმიანობისა და უფლებადამცავი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით.
1.2. გაუქმდა ი. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. ს. დ-მ, მეუღლე გ. ქ-ნ ერთად, უვადო მინდობილობის მის სასარგებლოდ მიცემაში დ. თ-ს დაყოლიების მიზნით, დახმარებისათვის მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ინგურ-ქაღალდ-კომბინატის პოლიციის განყოფილების დეტექტივ ი. მ-ს. ს. დ-სა და გ. ქ-ს თხოვნის შესაბამისად, 2024 წლის 13 თებერვალს, დილის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ი. მ-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და საამისოდ, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, მივიდა ქ. ზ-ი, ა. ი-ს ქუჩის N...-ში მდებარე დ. თ-ს საცხოვრებელ სახლთან. იქ საკუთარი ინიციატივით ესაუბრა დ. თ-ს პირადი ცხოვრების, ყოფილ მეუღლესა და შვილთან ურთიერთობის, შვილისათვის მინდობილობის ვადის გაზრდის საჭიროების საკითხებზე და ცდილობდა დაეყოლიებინა დ. თ. , შეესრულებინა ს. დ-ს სურვილი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ბ. ყ-ა და ე. ლ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ი. მ-ს გამართლება ან ალტერნატიული მოთხოვნის სასჯელის სახით 1 წლით შინაპატიმრობის შეფარდება, რომლის ფარგლებშიც ი. მ-ს დაეკისრება დღე-ღამის განმავლობაში 22 საათიდან 07 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ბ. ყ-ა და ე. ლ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია ი. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ. თ-სა და მოწმეების - ლ. გ-ს, გ. ქ-ს, ს. დ-ს, ნ. ც-ა და სხვათა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:
3. დაზარალებულ დ. თ-ს ჩვენებით, ყოფილი ცოლი ხან ზ. კ-ს უგზავნიდა, ხანაც - სხვებს, მინდობილობის გამო. ამ საქმეში ჩაერია ი. მ-ა. მოწმემ განმარტა, რომ უვადო მინდობილობის გაცემაზე უარს ამბობდა, რადგან ყოფილი მეუღლე ბავშვს არ ანახებდა და უნდოდა, ნოტარიუსთან მაინც ენახა ბავშვი დროდადრო. ყოფილმა მეუღლემ გალანძღა ამის გამო, უთხრა, ციხეში ჩაგალპობო, 5 წუთში მოდი და უვადოდ გაეცი მინდობილობა, თორემ მოვაკვლევინებ შენს თავს, ციხეში ჩაგსვამო. ამის შემდეგ მსჯავრდებული, სხვა პოლიციელთან ერთად, დილის 10 საათზე მივიდა ავტომანქანით მის ჭიშკართან, უთხრა, ჩამჯდარიყო ავტომანქანაში. მოწმე არ ჩაუჯდა. მსჯავრდებული გადავიდა, ემუქრებოდა, ნარკოტიკის, ნამდვილი იარაღის ჩადებით, მინდობილობას სთხოვდა, თ-ნ არის დარეკილიო. მოწმის ჩვენებით, მას შეეშინდა, რადგან მისთვის იარაღიც და ნარკოტიკიც ჩაუდიათ ადრე და სასჯელს იხდიდა. ეზოში იდგა. დედამისიც გამოვიდა. მსჯავრდებულს ცეცხლსასროლი იარაღი ეკეთა და ,,შსს“ წარწერა ჰქონდა ზევით შავ ფორმაზე. საუბრის შემდეგ მინდობილობის გაცემაზე თანხმობა განუცხადა. მსჯავრდებულმა უთხრა, ,,სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულას“ გაგიკეთებო და ამიტომ დათანხმდა. შემდეგ მსჯავრდებული ამოიცნო ფოტოსურათით და პოლიციის შენობაში გაიგო მისი ვინაობა.
4. მოწმე ლ. გ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ თებერვლის დასაწყისში დაზარალებულს დაურეკა ნ. ც-მ, რათა მას შვილის გამო მინდობილობა გაეცა. დაზარალებულმა მისცა 3-თვიანი მინდობილობა. ამის შემდეგ დარეკა ს-მ, როგორ გაბედე ვადიანი მინდობილობის მიცემაო. ეს საუბარი ესმოდა, ხალხი მყავს და ცუდ რამეს გიზამ, უვადო მინდობილობა რატომ არ დაწერეო, გაგაქრობ, უვადო თავისუფლების აღკვეთას მივაცემინებ შენთვისო. ერთ კვირაში, 13 თებერვალს, დილით, მივიდა ავტომანქანა, გადმოვიდა ორი პოლიციელი. დაზარალებული გავიდა, მივიდა ჭიშკართან, უთხრა, ჩემთან არიან პოლიციელები, უნდა გავიდეთო. ნაცრისფერი ჯიპი იდგა. მოწმემ გააფრთხილა დაზარალებული, მის გარეშე არ ჩაჯდომოდა ავტომობილში, უთხრა, რომ ისიც გამოდიოდა. ჩაფსკვნილი პოლიციელი ელაპარაკებოდა დაზარალებულს. ესმოდა მისი მუქარა, ვიცი შენი წარსული, ზემოდან არისო ჩემთვის დავალებული ეს საქმე, თუ უვადო მინდობილობას არ გასცემ, იარაღს, ნარკოტიკს ჩაგიდებ, სახლიდან რომ გამოხვალ, ვერ დაბრუნდებიო. ეს ყველაფერი ხდებოდა 9-10 საათზე. 20 წუთს გაგრძელდა საუბარი. ვინ იყვნენ, არ უთქვამთ. დაზარალებული დათანხმდა, რომ მისცემდა მინდობილობას.
5. მოწმე გ. ქ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა გასცა 3-თვიანი მინდობილობა. ხანგრძლივი მინდობილობა იყო საჭირო. რამდენიმე ადამიანს სთხოვეს დაზარალებულთან მისვლა ამ საკითხზე. ყველამ თავი აარიდა. მივიდა მსჯავრდებულთან, ჰკითხა, ხომ ვერ მივიდოდა დაზარალებულთან იმის სათქმელად, რომ მიეცა მინდობილობა. ი. მ-ა მივიდა დაზარალებულთან, დაელაპარაკა და უთხრა, მოვაგვარეო. მსჯავრდებული პოლიციელია და დაზარალებულის კატეგორიის ხალხთან საუბარი იცის.
6. მოწმე ს. დ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულს უვადო მინდობოლობა სთხოვეს. მან მხოლოდ 3 თვით გასცა მინდობილობა, რის გამოც გაბრაზდა. მსჯავრდებულს დაუკავშირდნენ დაზარალებულის დასაყოლიებლად. მანამდე ზ. კ. მიუგზავნეს, მაგრამ დაზარალებულმა უარი უთხრა უვადო მინდობილობის გაცემაზე. მსჯავრდებული დათანხმდა თხოვნის შესრულებაზე.
7. მოწმე ნ. ც. ჩვენებით, მას სთხოვეს, დაზარალებულისათვის აეხსნა, რომ მინდობილობა სჭირდებოდათ ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად. დაზარალებულმა უვადო მინდობილობაზე უარი განაცხადა, თქვა,რომ რა ვადითაც სჭირდებოდათ, იმ ვადით გასცემდა. ს. გაგიჟდა ამაზე. დაურეკა დაზარალებულს, რომელმაც აგინა. ამის მერე კ-ს სთხოვა დახმარება, მაგრამ მისგან მიიღო პასუხი, ვერ გავაგებინე, უნდა სცემო, რომ დათანხმდესო. ს-მ უთხრა, ახლობელი დაელაპარაკებაო. კ-მ თქვა, ნათესავი მივიდა და დაეთანხმაო, მიეცი საბუთები და მოაწერს დაზარალებული ხელსო.
8. მოწმე თ. ე-ს ჩვენებით, ი. მ-სთან ერთად იყო სამსახურში. მსჯავრდებულმა უთხრა, რომ ავტომანქანა ხელოსანთან უნდა წაეყვანა. გაყვა მსჯავრდებულს. იმ დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მივიდნენ დაზარალებულთან. ი-მ დაუძახა დაზარალებულს. თვითონ ავტომანქანაში იყო. დაზარალებული ეზოში იდგა, ბრალდებული - ჭიშკრის გარეთ. ი-ს მოშავო ჟილეტი ეცვა, თეთრი წარწერით ,,პოლიცია“. საუბრის დასრულების შემდეგ გაარძელეს სამსახურებრივი საქმიანობა. საუბრისას ქალი გამოვიდა სახლიდან და მალევე უკან დაბრუნდა მსჯავრდებული მუშაობს კომბინატის დასახლებაში, რომელშიც იმყოფებოდნენ. ის ადგილი მისი სამოქმედო ტერიტორიაა.
9. მსჯავრდებულ ი. მ-ს ჩვენებით, 2022 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა ენგურქარალდკომბინატის განყოფილების დეტექტივად. გ. ქ. 2024 წლის 8 თებერვალს მივიდა და უთხრა, რომ მის ცოლს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა სპორტსმენი ბიჭი, რომელიც საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას. მამა არ აძლევდა უვადო მინდობილობას და უთხრა მისი მისამართი, რომელიც მის სამოქმედო ტერიტორიაზე იყო. გაიგო, რომ ბავშვის მამა მრავალჯერ ნასამართლევი იყო და ის მისთვის ოპერატიულად საინტერესო პირი აღმოჩნდა. იმ დღეს იყო ოპერატიული მორიგე. 08:30 საათზე მივიდა სამმართველოში, სადაც ჩატარდა ოპერატიული თათბირი და 10 საათიდან 18 საათამდე გაანაწილეს ზ-ს ლ-ი ბანკის მოძრავ მანქანასთან. 10 საათამდე ნახა დაზარალებული. თან ახლდა თ. ე. დაზარალებული იდგა ეზოში. მშვიდად ისაუბრეს. მან უთხრა, რომ წარმატებული შვილი ჰყავდა. დაზარალებულმა ჰკითხა, ხომ არ იყო მისული მინდობილობის გამო, რაზეც მსჯავრდებულმა მიუგო, რომ ეს იყო სასაუბრო თემა; მას სთხოვეს და უთხრა, კარგი იქნებოდა თუ გასცემდა. დაზარალებულმა უთხრა, რომ ს-მ ამის გამო დედა აგინა. ამაზე მსჯავრდებულმა უპასუხა, ის ქალია, ეს შენი შვილია და ქალს არ მიაქციო ყურადღებაო. ასე დაასრულეს საუბარი და ჩამოართვა ხელი. უთხრა, რომ მომავალში შეხვდებოდნენ, ასევე, თუ რამე დასჭირდებოდა, მიემართა და დაეხმარებოდა. საუბრისას დაზარალებულის დედამ გამოიხედა და იკითხა, ხომ არ იყო რამე პრობლემა რაზეც შვილმა მიუგო რომ პრობლემა არ ჰქონდა. მას პოლიციის ფორმა ეცვა, შავი ქურთუკი, რომელსაც თეთრად აწერია ,,პოლიცია“. იარაღი ედო უკან. დაზარალებულთან მივიდა როგორც ადამიანი და არა - როგორც პოლიციელი. დაზარალებულს არ დამუქრებია. ჩხუბითა და ძალადობით კი არა, თხოვნით უნდოდა მისვლა.
10. ამდენად, მხარეთა შორის არ არის სადავო და უტყუარად დადგენილია, რომ ი. მ-ა იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ინგურ ქაღალდ-კომბინატის პოლიციის განყოფილების დეტექტივი, ესეიგი მოხელე. ი. მ-ს, როგორც პოლიციელს სამსახურებრივად შეეძლო მისულიყო დაზარალებულთან და გასაუბრებოდა მას სამსახურებრივი საჭიროების შესაბამის საკითხებზე, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. თ-სთან სწორედ ი. მ-ს მისვლისა და ბავშვთან დაკავშირებით უვადო მინდობილობაზე საუბრის მთავარი მიზანი იყო ი. მ-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების, ავტორიტეტის გამოყენებით/გავლენით ს. დ-ს უპირატესობის მიღება. ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად ი. მ-მ, როგორც პოლიციელმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა არამართლზომიერად, ანუ ბოროტად. მსჯავრდებული სწორედ ამ უფლებამოსილების გამოყენებით შეიჭრა დ. თ-ს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, იმ სფეროში, სადაც დაზარალებულს მოქმედების თავისუფლება ჰქონდა შვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის გარეშე, რის გამოც არსებითად დაირღვა დაზარალებულის კონსტიტუციური უფლებები, მისი კანონიერი ინტერესები.
12. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ მსჯავრდებული არ დამუქრებია დ. თ-ს და მხოლოდ თხოვნით შემოიფარგლა, რათა შვილთან დაკავშირებით უვადო მინდობილობა გაეცა, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიუთითებს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ი. მ-ს არ აქვს ბრალადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1 ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ამ ხერხებით ჩადენა (მუქარა/დაშინება); ბრალდება ედავება, რომ იგი ცდილობდა დაზარალებულის დაყოლიებას უვადო მინდობილობის გაცემაზე და ამ მიზნით საკუთარი ინიციატივით ესაუბრა მას. შესაბამისად, მუქარისა და დაშინების ფაქტის არარსებობაზე მითითება განსახილველ შემთხვევაში არარელევანტურია და არ უკავშირდება დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ი. მ-ა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციელის ტანსაცმლითა და იარაღით აღჭურვილი, მის სამოქმედო ტერიტორიაზე მივიდა დაზარალებულთან ს. დ-ს უპირატესობის მიღების - უვადო მინდობილობის მოპოვების მიზნით, სწორედ იმიტომ, რომ იყო პოლიციელი და იმედოვნებდა, რომ ამ უფლებამოსილების გამოყენებით მიაღწევდა შესაბამის მიზანს. მსჯავრდებულის აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა დ. თ-ს კონსტიტუციითა და საერთაშორის აქტებით აღიარებული უფლება - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და გამამტყუნებელ განაჩენს მხოლოდ დაინტერესებული დაზარალებულის ჩვენება დაუდო საფუძვლად, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია ი. მ-ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპირო მტკიცებაც არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც საქმის მასალებით დადგენილა და არც კასატორი აპელირებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც მიუთითებდა დაზარალებულის პირად ინტერესზე და ნათელს მოჰფენდა იმ გარემოებას, რატომ შეიძლება ემხილა მას ი. მ-ა ჩაუდენელ დანაშაულში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. მ-ს მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
14. დავის საგანია ასევე ი. მ-სათვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
17. საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
18. გასაჩივრებული განაჩენით სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის მიზანი (ახლობლისთვის გამორჩენის მოპოვება ახლობლის შვილის მომავლის განსაზღვრაში დაზარალებულის როლის გამორიცხვის სახით), მოტივი (ახლობლის თხოვნა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება (პირდაპირი განზრახვა), მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება არასამსახურებრივი, კერძო მიზნებისთვის), ქმედების განხორციელების სახე, ხერხი (დაზარალებულის სახლში მისვლა და პირადი ცხოვრების საკითხებზე საუბარი, პოზიციის შეცვლაზე დაყოლიება), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (დ. თ-ს კონსტიტუციური უფლების - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის არსებითი დარღვევა), მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება (ნასამართლობის არქონა, სამართალდამცავ ორგანოში საქმიანობა), ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ზ. კ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს.
19. კასატორი არ უთითებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე/მტკიცებულებაზე, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მიუთითებდა გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის სახის უკანონობაზე, ან არ იყო შეფასებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ სასჯელის ხანგრძლივობის განსაზღვრისას. შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება გასაჩივრებული განაჩენით ი. მ-სათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.
20. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, იმ გარემოებას, რომ „თუ სასჯელი დანაშაულთან მიმართებით არაპროპორციულია და არ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნებს, არ შეესაბამება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს, მაშინ მისი აღსრულებით გამოწვეული ტანჯვა თავისთავად იქნება დამატებითი, გაუმართლებელი დასჯა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-10).
21. ,,დანაშაულის ჩადენის პრევენცია.. ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის N 2/1/1434,1466 გადაწყვეტილება საქმეზე „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). ,,ახალი დანაშაულის თავიდან აცილება ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში. სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-50). რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
22. საქართველოს სსკ-ის 471-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისათვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას.
23. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 6 ივნისის განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენით) ი. მ-ს ძირითად სასჯელად განესაზღვრა შინაპატიმრობა 1 წლითა და 6 თვით საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულებით დღე-ღამის განმავლობაში 00:00 საათიდან 02:00 საათამდე და 05:00 საათიდან 24:00 საათამდე.
24. მოცემულ შემთხვევაში, ი. მ-ას მიმართ გასაჩივრებული განაჩენით გამოყენებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი, რომელიც არ უკავშირდება პირის თავისუფლების შეზღუდვას პენიტენციურ დაწესებულებაში.
25. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ი. მ-სათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის სახისა და ზომის შესახებ, თუმცა არ იზიარებს გასაჩივრებული განაჩენით საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დადგენას დღე-ღამის განმავლობაში 00:00 საათიდან 02:00 საათამდე და 05:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პრაქტიკულად, მსჯავრდებულს, პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროების უზრუნველსაყოფად, ღამის პერიოდში მოუწევს გარეთ გასვლა, რაც არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 მარტის განაჩენი N1135აპ-24) გათვალისწინებით, უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული განაჩენით ი. მ-სათვის განსაზღვრული საცხოვრებელ ადგილას ყოფნის პერიოდი და მას საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება უნდა განესაზღვროს 13:00 საათიდან 08:00 საათამდე.
26. შესაბამისად, ი. მ-ს სასჯელის სახით განსაზღვრული 1 წლითა და 6 თვით შინაპატიმრობა უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება მას უნდა დაეკისროს 13:00 საათიდან 08:00 საათამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ბ. ყ-ა და ე. ლ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ი. მ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 წლითა და 6 თვით შინაპატიმრობა;
4. ი. მ-ს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება განესაზღვროს 13:00 საათიდან 08:00 საათამდე;
5. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვროს საჯარო დაწესებულებებში საქმიანობისა და უფლებადამცავი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით;
6. ი. მ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში, ასევე საქმიანობის უფლების ჩამორთმევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ი. მ-სათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში;
8. ნივთმტკიცებები: დისკებზე დაცული ინფორმაციები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ნ. სანდოძე