საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.07.2026
საქმის ნომერი
2კ-160აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №160აპ-26 15 ივლისი, 2026 წელი

ქ-ა ლ., №160აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. ქ-ას --- ბრალად ედებოდა, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

1.2. დ. ქ-ას --- ბრალად ედებოდა, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

1.3. ლ. ქ-ას და დ. ქ-ას ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 2 სექტემბერს, საღამოს საათებში, ჯ-ში, მდინარე „მ-ს“ ხიდის მიმდებარედ, დ. ქ-ამ და ლ. ქ-ამ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბ. შ-ას, რა დროსაც ჯგუფურად სცემეს მას, კერძოდ, ლ. ქ-ამ ხელი ჰკრა და წააქცია იგი, ასევე რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სხეულის ზედა ნაწილში, მკერდის არეში, ხოლო დ. ქ-ამ რამდენჯერმე დაარტყა ქვა სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მხრებზე, ხელებსა და მკლავებზე, რის შემდეგ ორჯერ დაარტყა ქვა თავის არეში. ლ. ქ-ას და დ. ქ-ას მიერ მუშტისა და ქვის დარტყმის შედეგად, ბ. შ-ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:

ლ. ქ-ა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. სასამართლოს შეფასებით, ლ. ქ-ასთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურებულა.

დ. ქ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე. დ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით. დ. ქ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2024 წლის 3 სექტემბრიდან 2024 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით. დ. ქ-ა განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ილია ტორუამ, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ლ. ქ-ას და დ. ქ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო, მსჯავრდებულ დ. ქ-ას ადვოკატებმა – დ. ქ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი ლ. ქ-ას და დ. ქ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი, ლ. ქ-ას გამართლების ნაწილში, უკანონო და დაუსაბუთებელია. მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაუსაბუთებლად დაასკვნა, რომ ლ. ქ-ას მიერ ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა არ დადასტურდა. მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ლ. ქ-ა დ. ქ-ასთან ერთად მონაწილეობდა ბ. შ-ას მიმართ განხორციელებულ ძალადობაში. ამასთან, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია დ. ქ-ას მიერ ბ. შ-ას მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი, ლ. ქ-ას იმავე ქმედებაში დამნაშავედ ცნობა დაადასტურებს ძალადობის ჯგუფურად ჩადენის მაკვალიფიცირებელ ნიშანსაც. შესაბამისად, კასატორის პოზიციით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ორივე მსჯავრდებულის, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო საჩივარი წარდგენილია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ. პროკურორი ილია ტორუა ითხოვს ლ. ქ-ას და დ. ქ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საკასაციო პალატა არ იზიარებს აღნიშნულ მოთხოვნას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც ლ. ქ-ას მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის, ისე – დ. ქ-ას ქმედების კვალიფიკაციის ცვლილებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. მოცემულ შემთხვევაში, ლ. ქ-ას მიერ ბ. შ-ას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება – დაზარალებულ ბ. შ-ას ჩვენება. შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა რომელიმე თვითმხილველ მოწმეს არ დაუდასტურებია ლ. ქ-ას მხრიდან ბ. შ-ას მიმართ ფიზიკური ძალადობა, შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ირიბია და მათი გამოყენებაც, პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52). შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია ლ. ქ-ას მიმართ ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

4.4. დ. ქ-ასთვის წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მას ბრალი ედებოდა ბ. შ-ას ჯგუფურად ცემაში ლ. ქ-ასთან თანამონაწილეობით. რეალურად, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე ვერ დადგინდა, რომ ლ. ქ-ა მონაწილეობდა ბ. შ-ას მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა (მათ შორის, დაზარალებულისა და ფაქტის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტის ჩვენება) უტყუარად ადასტურებს, რომ დ. ქ-ამ ბ. შ-ას მიმართ ფიზიკურად იძალადა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი, გულისხმობს დანაშაულებრივ ქმედებაში არანაკლებ ორი პირის ერთობლივ მონაწილეობას. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით ძალადობრივ ქმედებაში ლ. ქ-ას მონაწილეობა არ დადასტურდა, დ. ქ-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1¹-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა დ. ქ-ას აღნიშნული კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობის შესახებ უსაფუძვლოა.

4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. სასამართლოს შეფასებით, დ. ქ-ას მსჯავრადშერაცხილი მუხლისთვის დანიშნული სასჯელი შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

4.6. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.8. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე