საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.07.2026
საქმის ნომერი
2კ-178აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№178აპ-26 თბილისი

ჩ-ე მ. 178აპ-26 6 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 29 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ჩ-ეს ბრალად დაედო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 2 ეპიზოდი).

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 24 მარტს, დღის საათებში, მ. ჩ-ე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო – ეჭვიანობის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქ. ბ-ში, ზ. გ-ის ქუჩის N--ში მდებარე, თავის სახლში მყოფ გ. წ-ეს, რის გამოც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 7 აპრილს, დაახლოებით, 21:00 საათზე, მ. ჩ-ე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო – ეჭვიანობის ნიადაგზე, მობილური ტელეფონის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქ. ბ-ში, N-ში მდებარე, თავის სახლში მყოფ გ. წ-ეს, რის გამოც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით მ. ჩ-ე (პირადი №--), ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 29 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად. გამართლებულს განემარტა, რომ, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი დავით კირჩხელი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ზომის სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდასთან იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა მ. ჩ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია მ. ჩ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ. ჩ-ის მიერ გ. წ-ისადმი მუქარის ორ ეპიზოდს.

9. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. ამასთან, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, დაზარალებულმა რეალურად აღიქვა თუ არა მუქარა. შიშის განცდა სუბიექტური აღქმაა, თუმცა, შესაძლებელია, იგი დასტურდებოდეს სხვა ობიექტური გარემოებებით, ასევე – მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც მკაფიოდ მიუთითებენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის მსჯავრდებას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინება.

11. დაზარალებულად ცნობილმა გ. წ-ემ უარი განაცხადა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე იმ საფუძვლით, რომ ბრალდებული მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირია, ოჯახის წევრია, ცხოვრობენ ერთ ოჯახად, ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, შესაბამისად, არ მისცემს სასამართლოს ჩვენებას ახლო ნათესავის წინააღმდეგ. თავად ბრალდებულმა არ ისარგებლა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის უფლებით, ამასთან, განმარტა, რომ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებებს, ვინაიდან მისი მხრიდან გ. წ-ის მიმართ მუქარის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

12. არასრულწლოვან მ. ხ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ დედამისი, გ. წ-ე, და მ. ჩ-ე არიან ცოლ-ქმარი. მ-ს მხრიდან გ-ს მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება არასდროს შეუმჩნევია; თვითონაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მ-სთან. 2024 წლის 7 აპრილს დედასთან ერთად იმყოფებოდა სახლში – --ის ქუჩის N--ში, როდესაც ესტუმრათ მ-ს მეგობარი ზ. ზ-ე და გ-ს მისცა თავისი ტელეფონი მ-სთან სალაპარაკოდ. საუბრისთვის არ მოუსმენია, სხვა ოთახში გავიდა. არ ეთანხმება გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას, რომელიც მისი დაკითხვისას გამოაქვეყნა პროკურორმა და რომლის მიხედვით, თითქოს, ესმოდა დედამისის მისამართით მ-ს მუქარა, ასევე დედის სიტყვები – „ნუ მემუქრები, ნუ მაშინებ“. მსგავსი რამ გამომძიებლისთვის არ უთქვამს და რატომ ჩაწერეს გამოკითხვის ოქმში, არ იცის. ოქმს ხელი მოაწერა, მაგრამ მსგავსი ჩანაწერი თუ ფიგურირებდა მასში, არ ახსოვს. მ.სთან საუბრის შემდეგ დედა ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ზ. წავიდა, შემდეგ პოლიცია მოვიდა, პოლიციელები დედას გაესაუბრნენ, მაგრამ კარგად ახსოვს, რომ იმ დღეს განყოფილებაში გ. წ-ე არ გადაუყვანიათ.

13. მოწმე ზ. ზ-ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მ. ჩ-ე მისი მეგობარია, კარგად იცნობს გ. წ-ესაც. გ. და მ. 2018 წლიდან ერთ ოჯახად ცხოვრობენ. 2024 წლის 7 აპრილს მ-ს თხოვნით მივიდა გ-სთან სახლში, ---N-ში, რადგან, მ-ს თქმით, თვითონ ვერ უკავშირდებოდა წ-ეს და სთხოვა, თავისი ტელეფონით დაეკავშირებინა მასთან. გ. სახლში იმყოფებოდა, გადასცა მ-ს თხოვნა, მიაწოდა ტელეფონი, თვითონ კი სხვა ოთახში გავიდა. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ გ-მ ტელეფონი დაუბრუნა. საუბრის შინაარსი არ ესმოდა, მაგრამ, დაძაბული და ხმამაღალი საუბარი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გაიგონებდა. ზოგადად, არასდროს შესწრებია მათ კონფლიქტს, მათ შორის, არც გ-ს დაბადების დღეზე – 20-- წლის --ს, როდესაც მ-მ მისი ხელით გ-ს ვარდების თაიგული გაუგზავნა რესტორანში. ჩ-ე ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა ქალს. ეს უკანასკნელი ციხეშიც ნახულობდა მ. ჩ-ეს მისი დაკავების შემდეგ.

14. მოწმე ნ. წ-ემ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ გ. წ-ე მისი დაა. 6 წელია, იცნობს მ. ჩ-ეს. მას და გ-ს შეუყვარდათ ერთმანეთი და ყოველთვის ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა. მ. პატივს სცემდა გ-ს, საკუთარ ძმაზე მეტ პატივისცემასაც კი გამოხატავდა ქალის მიმართ. გ-ს არასდროს დაუჩივლია ძმასთან, რომ მ-მ აწყენინა და ცუდად ექცეოდა. ჩ-ის დაკავების შემდეგ, გ. ხშირად აკითხავდა მას პენიტენციურ დაწესებულებაში, თავადაც ახლდა ხოლმე დას ციხის პაემნებზე.

15. დაცვის მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილ, გ. წ-ის მ. ჩ-ისადმი პენიტენციურ დაწესებულებაში გაგზავნილ წერილებში არაფერია ნათქვამი ძალადობასა და მუქარაზე, ყველა მათგანი სასიყვარულო შინაარსისაა, თბილი ფრაზებით და სასიყვარულო ტექსტებით გაჯერებული.

16. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, მისი გაცემის საფუძველი გახდა გ. წ-ის განმარტება, რომელმაც სასამართლო განხილვისას უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, არ დაადასტურა შემაკავებელ ორდერში ასახული ფაქტები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორდერში დაფიქსირებული რამდენიმესიტყვიანი ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს ქმედების კონკრეტულ აღწერილობას, იმდენად მწირი და არაინფორმაციულია, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

17. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მ. ჩ-ის მიმართ წარდგენილ ბრალდების 2024 წლის 24 მარტის ეპიზოდის დასადასტურებლად, დაზარალებულ გ. წ-ის ჩვენების გარდა, ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე არ მოუპოვებია რაიმე სხვა მტკიცებულება. შესაბამისად, სასამართლო განხილვისას დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, აღარ რჩება რომელიმე მტკიცებულება საქმეში ბრალდების მითითებულ ეპიზოდთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, როდესაც დაზარალებული უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, თავად ბრალდებული კატეგორიულად გამორიცხავს მისი მხრიდან მუქარას დაზარალებულად ცნობილი პირის მიმართ, მოწმე პოლიციელების ჩვენებები ირიბი მტკიცებულებებია, რომლებიც დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გადმოსცემენ, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი ასევე მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას (რომელიც სასამართლოზე არც დაადასტურა და არც უარყო დაზარალებულმა) ასახავს, სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამორიცხავს ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებანი, რომელთა ერთობლიობაც უტყუარად დაადასტურებდა მ. ჩ-ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ფარგლებში კი შეუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, 2024 წლის 24 მარტს და იმავე წლის 7 აპრილს მ. ჩ-ე საერთოდ დაემუქრა თუ არა გ. წ-ეს, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი, რეალურად აღიქვა თუ არა იგი დაზარალებულმა და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ. ჩ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მ. ჩ-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

22. კასატორი საჩივარში უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მ. ჩ-ის მსჯავრდების საფუძველი.

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

24. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად და სრულყოფილად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

25. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. ფაფიაშვილი