საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.07.2026
საქმის ნომერი
2კ-181აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №181აპ-26 14 ივლისი, 2026 წელი

მ. ს., №181აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ზედელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. მ-ას - ბრალად ედებოდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. ს. მ-ას ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 4 სექტემბერს, დღის საათებში, თ-ში, ს-ის ქუჩის №-, ს-ის ქუჩის №-, ს-ის ქუჩის №-, ს-ის ქუჩის №--ში არსებულ 103 კვ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა №--ის მიმდებარედ, ს. მ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟ. ა-ს, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა ფეხის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ს. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნინო ზედელაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ს. მ-ას ადვოკატმა – ნ. თ-ემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ზედელაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნინო ზედელაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. კასატორის მოსაზრებით, სასჯელის დანიშვნისას ქვედა ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ძალადობრივი ხასიათი და დაზარალებულის პოზიცია, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის მკაცრად დასჯას.

3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, ს. მ-ას ადვოკატმა – ნ. თ-ემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება მხოლოდ საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, სასჯელის დამძიმების მოთხოვნით. ამდენად, რამდენადაც მხარეთა შორის სადავო არ არის ს. მ-ას მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ ს. მ-ასთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობის საკითხზე.

4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის ს. მ-ას მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

4.5. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი დაედო ს. მ-ას, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით, ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

4.6. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ს. მ-ასთვის სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული გარემოებები, მათ შორის: დანაშაულის აღიარება, მონანიება და მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულების ხელშეწყობა. ამასთანავე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობაც და ს. მ-ას დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების შესაბამისი, სამართლიანი და პროპორციული სასჯელი.

4.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.8. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ზედელაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე