საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.07.2026
საქმის ნომერი
2კ-201აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100125011794469

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №201აპ-26 თბილისი

ა-ი ა, 201აპ-26 27 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა ლათიბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ა. ა-ს ბრალად დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2025 წლის 26 ივლისს, ღამით, თ-ში, ყ-ის ქუჩის №...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ა-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა. ჯ-ს, კერძოდ, დანის დემონსტრირებით უთხრა, რომ მოკლავდა და თავს გაუჩეჩქვავდა, რა დროსაც ა. ჯ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში;

1.2. 2025 წლის 26 ივლისს, ღამით, თ-ში, ყ-ის ქუჩის №..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ა-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ. ხ-ს, კერძოდ, დანის დემონსტრირებით უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა და თვალებს დასჩიჩქნიდა, რა დროსაც, გ. ხ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:

ა. ა-ი, დაბადებული ... წლის ... იანვარს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2025 წლის 26 ივლისის ა. ჯ-ის ეპიზოდი);

ა. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2025 წლის 26 ივლისის გ. ხ-ის ეპიზოდი);

ა. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა და იგი გათავისუფლდა საამართლო სხდომის დარბაზიდან;

საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. ა-ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. სასამართლომ დაადგინა:

3.1. ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ორ ეპიზოდად) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენით:

4.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნიკა ლათიბაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა ლათიბაშვილი – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებასა და ა. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდად);

5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, დაზარალებულთა ჩვენებები ერთმანეთსა და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან თანხვდენილია. დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ ა. ა-ი მათ დანისმაგვარი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადასტურებენ დაზარალებულთა მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის მართებულობას. მოწმე თ. რ-ძე მიუთითებს, რომ ქალბატონი, რომელიც იყო აგრესიული და იწყევლებოდა, ა. ა-ს ა. ჯ-ი ეგონა, რის გამოც, ყვირილით გაემართა მისკენ და გაჰყვა კოპუსამდე, მაგრამ რას ეუბნებოდა, ვერ გაიგო.

6. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ ბრალდების მხარე, რომელიც ითხოვს ა. ა-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ბრალდების შესახებ დადგენილებით წარდგენილ მუხლთა შესაბამისად.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო განსახილველ საქმეში შეაფასებს ა. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდად) გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლიანობას, კერძოდ:

11. დაზარალებულ ა. ჯ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2025 წლის 26 ივლისს, ღამით, როდესაც მათი საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს მდებარე სტადიონთან იჯდა, მასთან მივიდა ვიღაც უცნობი პიროვნება (ა. ა-ი), მან გვერდით გაიხედა და ჰკითხა, – ეს ქალბატონი არისო? – ამას ახლა დავჭრი, დავკუწავ, დავჩეხავო. როდესაც სახლისკენ გამოიქცა და უკან მიიხედა, ნახა, რომ მის უკან არავინ ჩანდა. ამ პიროვნებას ხელში ეჭირა დანისმაგვარი საგანი; ზუსტად ვერ ადასტურებს, დანა იყო თუ – არა.

12. დაზარალებულ გ. ხ-ის ჩვენების თანახმად, 2025 წლის 26 ივლისს, ღამით იმყოფებოდა სტადიონთან, იჯდა სკამზე, რა დროსაც მოესმა უცხო პიროვნების ხმა. მან დაინახა, რომ უკვე მასთან იყო მისული და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა (ხელს იშვერდა მისკენ). ამასთან, ჰკითხა, თუ ვინ იყო. როდესაც მიიჩნია, რომ არსებობდა გარკვეული საფრთხე, ვინაიდან დააკვირდა ხელებში და მას რაღაც ბასრი, დანისმაგვარი საგანი ეჭირა, დარეკა ,,112-ში“ და საქმის კურსში ჩააყენა ოპერატორი. გ. ხ-ი აღნიშნულ პიროვნებას ეუბნებოდა, რომ უკან დაეხია და გასცლოდა იქაურობას, რაც ,,112-ის” ოპერატორსაც ესმოდა, მაგრამ ის ემუქრებოდა და აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი ეუბნებოდა, რომ ყელს გამოსჭრიდა და თვალებს ამოსჩიჩქნიდა.

13. საკასაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულთა ჩვენებებით არ იკვეთება, რომ მათ როდესაც უშუალოდ მუქარისშემცველი ხმა გაიგეს, ისინი ერთად იმყოფებოდნენ და რომ ისინი მუქარის ფაქტის ერთობლივად თვითმხილველნი იყვნენ. როგორც დაზარალებულმა გ. ხ-მა მიუთითა, იგი უკან დაბრუნდა და სკამზე დაჯდა, რა დროსაც დედამისი იქ არ იყო. უცებ მოესმა უცხო პიროვნების ხმა; როდესაც გაიხედა დაინახა, რომ უკვე მასთან მისული იყო და სიტყვიერად შეურაცხყოფდა (ხელს იშვერდა მისკენ) და ამასთანავე, ეკითხებოდა თუ ვინ იყო. შეტყობინების რეგისტრაციის ბარათში მითითებულია, რომ პატრული-ინსპექტორი იმყოფებოდა მ-ის დასახლებაში, სადაც ინიციატორმა – გ. ხ-მა და მისმა დედამ, ა. ჯ-მა განუცხადეს, რომ მათთვის უცნობი პირი დანის საშუალებით დაემუქრა. იმ ღამესვე ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა. ა-ან საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანი ან ნივთიერება არ ამოღებულა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს, ისინი თავისი ბუნებით ირიბია, ვინაიდან ინფორმაციას ფლობენ უშუალოდ დაზარალებულებისგან. ბრალდების მხარე აგრეთვე აპელირებს მოწმე თ. რ-ის გამოკითხვის ოქმზეც, თუმცა, მოცემული მტკიცებულების თანახმად, ა. ა-ს ხელში ეკავა თუ არა რაიმე, ან ემუქრებოდა თუ არა იგი ანას, არ გაუგია. ამავე მოწმეს გ. ხ-ი და ა. ა-ი არ დაუნახავს.

14. მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში, გ. ხ-ის მუქარის ეპიზოდის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებულ გ. ხ-ის ჩვენება, ისევე როგორც ა. ჯ-ის მუქარის ეპიზოდის დამადასტურებელი მტკიცებულებაა მხოლოდ დაზარალებულ ა. ჯ-ის ჩვენება; მუქარის მოცემულ, ამ ორ ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ირიბია; თავად ბრალდებული უარყოფს წარდგენილ ბრალდებას. ამასთანავე, დაზარალებულის ჩვენებას ვერ ამყარებს/ვერ ავსებს საქმეში წარმოდგენილი სხვა რომელიმე მასალა და შესაბამისად, საკასაციო პალატას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიაჩნია დასაბუთებულად.

15. საკასაციო პალატა აგრეთვე მიუთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიუთითა: ,,იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა, ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (Tortladze v. Georgia, ,,თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ N42371/08, 18/03/2021, §77).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა ლათიბაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ნ. სანდოძე