საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124008703278
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №283აპ-26 13 ივლისი, 2026 წელი
მ. გ., №283აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 24 თებერვლის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. მ. (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 22 სექტემბრის 23:30 საათიდან 2023 წლის 23 სექტემბრის 00:15 საათამდე პერიოდში, ქ.თ–ში, ა–ს და ბ–ს ქუჩების კვეთაზე, გ. მ–ი მართავდა „ფორდ ისქეიფის“ მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით „.........“, რა დროსაც მანქანით მცირედით შეეხო ლ. ა–ის მართვის ქვეშ არსებულ „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით „......“, რომელიც გადაადგილდებოდა მეუღლე ს. გ–თან ერთად. აღნიშნულის საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. მ–მა ხელები დაარტყა ლ. ა–ეს სახის და ტანის არეში, ხოლო ს. გ–ს ხელი ჩაავლო მკლავში, მოუჭირა და ხელი ჰკრა. გ. მის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, ლ. ა–მ და ს. გ–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. მის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, გ. მ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. მ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 24 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2026 წლის 18 მარტს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 24 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ. მ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ: ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ასახული ფაქტები სრულად ადასტურებენ დაზარალებულების მიერ მიცემულ ჩვენებებს და სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ბრალდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რადგან ბრალდებული და დაზარალებული ლ. ა–ე იყვნენ ერთმანეთის პირისპირ, ამასთან, ბრალდებული არის დაზარალებულზე ბევრად უფრო ძლიერი, დიდი, რაც კამერებშიც კარგად არის ასახული. შესაბამისად, აღნიშნული კადრები და დაზარალებულების ჩვენებები საკმარისია, რომ გამოტანილი იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა გ. მ–ის მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულების ჩვენებებზე, კერძოდ, ს. გ–ის ჩვენების თანახმად, 2023 წლის 22 სექტემბერს, საღამოს საათებში, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა მ–ზე, რა დროსაც გადაწყვიტეს ჩასულიყვნენ ა–ს ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში. ავტომობილის დაყენების დროს ნახეს, რომ მათ უკან იდგა მანქანა. მისმა მეუღლემ შესთავაზა მძღოლს – გ. მ–ს, რომ, თუ რაიმე პრობლემას უქმნიდა მათი მანქანა, გაწევდა. თუმცა გ–მ გააგრძელა უკუსვლით მოძრაობა და გაუსვა მათ მანქანას, რაზეც, მისი მეუღლე გადმოვიდა მანქანიდან და დაინახა, რომ მის მანქანას მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. გ–მ კვლავ გააგრძელა უკუსვლა და მეორედ გაუსვა მათ მანქანას. ს. გ–ი მივიდა გ–ს მანქანასთან და ფანჯარაზე დაუკაკუნა, გ–მ ჩამოწია ფანჯარა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თვალებში შეასხა წიწაკის სპრეი და შეაგინა, რაზეც მისმა მეუღლემ უთხრა, თუ როგორ ესაუბრებოდა ქალს. გ–მ მეორედაც გაასხა წიწაკის სპრეი, რა დროსაც უფრო აეწვა თვალები, გაუჭირდა სუნთქვა, ჩავარდა შოკურ მდგომარეობაში და დაუწყო მანქანის კარებს ჯაჯგური, რომ ყურადღება მისკენ გადაეტანათ. მისთვის უცნობი პირები შეიკრიბნენ და უყურებდნენ მათ დაპირისპირებას. მხოლოდ ლ–ა და გ–ი ჩხუბობდნენ. გ–მ მკლავში მოუჭირა ხელი, რაც ძალიან ეტკინა, მოუქნია ხელი მაგრამ არ დაურტყამს. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას მეტალის საგანი არ სჭერია ხელში, მხოლოდ ტელეფონი ეკავა და რაიმე საგნით დაზიანებები არ მიუყენებია. აღნიშნულ ინციდენტზე მის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.
5.4. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა დაზარალებულმა ლ. ა–ემ, ამასთან დამატებით მიუთითა, რომ მასსა და გ. მ–ს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც გ. მმა ამოიღო წიწაკის სპრეი, შეასხა მასაც და მის მეუღლესაც. იგი ვეღარ ხედავდა ვერაფერს და თვალები ეწვოდა, ამ დროს გრძნობდა მუშტების დარტყმას თავისა და ტანის არეში. გ. მ–მა დააგდო ძირს, შემოეხა მაიკა, დაეცა მუხლებზე და განიცადა ფიზიკური ტკივილი ფეხებში. მას უცხო ხალხის ხმები ესმოდა, რომლებიც აშველებდნენ.
5.5. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კონფლიქტში მონაწილე პირთა მხრიდან მოვლენები აღწერილია იმგვარად, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს მიიჩნევენ მოძალადეებად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულებმა დაადასტურეს ბრალდებულის მიმართ ჯგუფური ძალადობა, რაც დადგენილია მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით. მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია, თავად გ. მის მხრიდან განხორციელდა თუ არა ძალადობა დაზარალებულების მიმართ. ბრალდებულმა დაადასტურა მის მიერ წიწაკის სპრეის გამოყენების ფაქტი, ვინაიდან სურდა თავდამსხმელების მოგერიება, რომლებიც აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სხვა ნეიტრალური პირის ჩვენება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.6. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს დათვალიერების ოქმს, რომლის შინაარსი ნამდვილად მიუთითებს მხარეების დაპირისპირებაზე, თუმცა ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება რომ აღნიშნულ ქმედებას ახორციელებდა გ. მ–ი. ხოლო მოწმე ა. ბ–ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები შეუძლებელია საკმარისად იქნეს მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5.7. საკასაციო პალატის მოსაზრებით ასევე ცალკე შეფასების საგანია სასამართლო სამედიცინო, ტრასოლოგიური, სასაქონლო და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები.
5.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ და მიაჩნია, რომ გ. მის მამხილებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებები, რაც წინააღმდეგობაშია 2023 წლის 26 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილ ფაქტებთან. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სახეზე არ არის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც სამართლიანად ქმნის გ. მ–ის გამართლების წინაპირობას.
5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე