საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100125010778688
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №294აპ-26 15 ივლისი, 2026 წელი
ხ–ი დ., 294აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. თ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ხ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 18,229-ე მუხლის პირველი ნაწილით (აფეთქების მომზადება, ე.ი. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის გადატანის, განთავსების და აფეთქების მომზადება მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. ს–ს .........თან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები, რამაც მიიღო სისტემატური ხასიათი.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეები სამართალდამცველების მიმართ უწყვეტად გამოხატავდნენ აგრესიას. აგრეთვე იარაღად სხვადასხვა საგნების, კერძოდ, ქვების, რკინის ნაჭრების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობების და სხვა საგნების, აგრეთვე პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებით, წინააღმდეგობას უწევდნენ და თავს ესხმოდნენ მათ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ სამართალდამცავებისა და იმავე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
აღნიშნულ პერიოდში, აქციის მონაწილემ დ. ხ–მა გადაწყვიტა დაემზადებინა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“, რომელსაც გამოიყენებდა ს.... ....ს მიმდებარედ, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანს და სხვა მძიმე შედეგს.
აღნიშნულის განსახორციელებლად, მოიძია ინფორმაცია თუ როგორ დაემზადებინა ზემოაღნიშნული მოწყობილობები, რის შემდეგ ქ. თბილისში დაამზადა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობები. დ. ხ–მა მის მიერ დამზადებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობები გადაიტანა ქ. თ–ში, თ–ს ქუჩაზე. მას შემდეგ, რაც დ. ხ–მა შექმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის განთავსების და აფეთქების პირობები, რაც გამოიწვევდა მძიმე შედეგს, აღნიშნული მოწყობილობები 2024 წლის 2 დეკემბერს აღმოჩენილი იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რითაც აღკვეთილ იქნა მძიმე დანაშაული.
ქიმიური და ფეთქებადსაშიში საგნების ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ. ხ–ისაგან ამოღებული მინის ბოთლებში არსებული მოყვითალო სითხე შეიცავს სახეშეცვლილ დიზელს და პარაფინის ნახშირწყალბადებს. მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება სახეშეცვლილი ნავთობპროდუქტების კვალი. მინის ბოთლები მათში მოთავსებული სითხით და ქსოვილის ნაჭრებით ერთობლიობაში არ წარმოადგენენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ქსოვილის ნაჭრების მინის ბოთლზე დამონტაჟებით მივიღებთ კუსტარული წესით დამზადებულ ცეცხლგამჩენ მოწყობილობას, სადაც ქსოვილის ნაჭერი იქნება ფითილი და ბოთლში მოთავსებული სითხე სწრაფად აალებადი საშუალება ცეცხლის გაჩენისათვის. აღნიშნული მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა, ასევე აალების შემდგომ წვად მასალაზე მოხვედრისას ხანძრის გაჩენა და ქონებრივი ზიანის გამოწვევა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ხ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 18,229-ე მუხლის პირველი ნაწილით (აფეთქების მომზადება, ე.ი. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის გადატანის, განთავსების და აფეთქების მომზადება მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:
დ. ხ–მა თ–ი, .....ს მიმდებარე ტერიტორიიდან თ–ს ქუჩაზე, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, გადაიტანა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობები, რითაც შეიქმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის განთავსების და აფეთქების პირობები, რაც გამოიწვევდა მძიმე შედეგს. აღნიშნული მოწყობილობები 2024 წლის 2 დეკემბერს აღმოჩენილი იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რითაც აღკვეთილ იქნა მძიმე დანაშაული. ქიმიური და ფეთქებადსაშიში საგნების ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ. ხ–ისაგან ამოღებული მინის ბოთლებში არსებული მოყვითალო სითხე შეიცავს სახეშეცვლილ დიზელს და პარაფინის ნახშირწყალბადებს. მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება სახეშეცვლილი ნავთობპროდუქტების კვალი. მინის ბოთლები მათში მოთავსებული სითხით და ქსოვილის ნაჭრებით ერთობლიობაში არ წარმოადგენენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ქსოვილის ნაჭრების მინის ბოთლზე დამონტაჟებით მივიღებთ კუსტარული წესით დამზადებულ ცეცხლგამჩენ მოწყობილობას, სადაც ქსოვილის ნაჭერი იქნება ფითილი და ბოთლში მოთავსებული სითხე სწრაფად აალებადი საშუალება ცეცხლის გაჩენისათვის. აღნიშნული მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა, ასევე აალების შემდგომ წვად მასალაზე მოხვედრისას ხანძრის გაჩენა და ქონებრივი ზიანის გამოწვევა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აგვისტოს განაჩენით, დ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,229-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 4 წლითა და 6 თვით.
2.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – შ. თ–ემ და რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ დ. ხ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2026 წლის 20 მარტს, მსჯავრდებულ დ. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. თ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. განაჩენი ეფუძნება საეჭვო მტკიცებულებებს, კერძოდ, ცრუმოწმე პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქმის შედეგით და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოკლებულია დამაჯერებლობას. ამასთან, გამოძიება ჩატარებულია მთელი რიგი დარღვევებით, კერძოდ: დ. ხ–ის პირადი გასინჯვა ჩატარებულია ორჯერ, ხოლო შედგენილია ერთი ოქმი, სადაც აღწერილია მხოლოდ ერთი პირადი გასინჯვის პროცესი. ადმინისტრაციული დაკავების ოქმში მე-8 და მე-15 გრაფებში, კანონსაწინააღმდეგო ნივთის შესახებ აშკარად მოგვიანებითაა ჩამატებული. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიმოიხილავს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მიუთითებს მისი პოზიციის მართებულობაზე. ამასთან, კასატორის პოზიციით პასუხგაუცემელი დარჩა შეკითხვა, ადმინისტარციული წესით გასინჯვამდე რატომ ვერ მოიწვევდა დ. ხ–ი დამსწრე პირს და რატომ თქვა მან უარი დამცველის ყოლაზე?! ცალსახაა, რომ მას უკვე ჩამორთმეული ჰქონდა მობილური ტელეფონი და რაიმე შეთავაზება არ მომხდარა. საგულისმოა, რომ დ. ხ–მა დამცველთან პირველივე შეხვედრისას, განაცხადა, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის შესახებ. დაცვის მხარე, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად უთითებს, 2025 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს სსკ-ის 347-ე მუხლსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, სასამართლოს უნდა მიეღო დ. ხ–ის სასარგებლო გადაწყვეტილება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებაზე, რაც მიუთითებს, ერთის მხრივ კანონის, სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და დადგენილი პრაქტიკის იგნორირებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აჩენს ეჭვს სასამართლოს კომპეტენციასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი დანიშნული ექსპერტიზები, რომლებიც დაადგენდა ბოთლებზე დ. ხ–ის დნმ-ის არსებობა/არარსებობას. მტკიცებულებათა სტანდარტზე საუბრისას კი, დაცვის მხარის პოზიციით გვერდი არ უნდა იქნეს ავლილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, თუ არსებობს ობიქტური შესაძლებლობა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება უნდა იქნეს ასახული ისეთი საშუალებით, რაც მანიპულაციის და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას შეამცირებს. განსახილველ საქმეზე აღნიშნული დათქმა სრულად იქნა იგნორირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ. ხ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.
5.4. დაცვის მხარის მითითებით, ბრალდების მხარემ დ. ხ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა მოწმე პოლიციელთა ჩვენებები, რომელთა სანდოობაც კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან არიან დაინტერესებული პირები, რის გამოც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დაეფუძნებინა აღნიშნულ მტკიცებულებებზე.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთ მოწმის ჩვენებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და მხოლოდ მოწმის სტატუსიდან და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენების უპირობოდ გაზიარება, ისე რომ არ მოხდეს საპირწონე არგუმენტების შეფასება – დაუშვებელია. ანალოგიურადაა დაუშვებელი მოწმე პოლიციელთა ჩვენებების გაუზიარებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს იმ მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, რომლებიც მსჯავრდებულის მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან.
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ყველა მოწმის ჩვენება იდენტური ვერ იქნება და გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით შესაძლოა არსებობდეს მცირე წინააღმდეგობები, თუმცა აღნიშნული არ უნდა იყოს არსებითი, რაც გონივრულ კითხვებს გააჩენს მტკიცების საგანთან მიმართებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N626აპ-17 განაჩენი). მოცემულ შემთხვევაში, მსგავსი სახის წინააღმდეგობები, რაც მტკიცების საგანთან მიმართებით გონივრულ კითხვებს გააჩენდა არ არსებობს.
5.7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებითა და ადმინისტრაციული დაკავების №...... ოქმით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ დ. ხ–ის პირადი გასინჯვის შედეგად ამოღებული იქნა მუქი ფერის ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ქუდი და ტაქტიკური ქუდი, მუქი ფერის წყვილი ხელთათმანები, ღია ფერის ბინოკლი, სასტვენი, ღია ფერის აირწინაღი, ღია ფერის დამტენი, მოთეთრო ფერის ყუთი, მასში მოთავსებული 5 აბით, წარწერით „....“ და სამი აბი წარწერით „დარნიცა“, სამი გასაღები და „ბრელოკი“, მუქი ფერის ყურსასმენები. ასევე, საფულე მასში მოთავსებული დ. ხ–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ს–ს ბანკის ორი ცალი მოწმობა, „....“-ს ბარათი და ორი ლარის ოდენობით ხურდა ფული. ასევე, ამოღებული იქნა ორი ერთეული მინის ბოთლი შემოჭერილი ნაჭრის ზონრებით. აღნიშნულ ბოთლებში მოთავსებული იყო სითხე, რომელსაც ჰქონდა ნავთობის სუნი და პლასტმასის ბოთლი, მასში მოთავსებული სითხით.
5.8. ქიმიური და ფეთქებადსაშიში საგნების ექსპერტიზის №....; ....-.... დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ მინის ბოთლებში არსებული მოყვითალო სითხე შეიცავს სახეშეცვლილ დიზელს და პარაფინის ნახშირწყალბადებს. მომწვანო ბოთლში არსებული სითხე წარმოადგენს წყალს. მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება სახეშეცვლილი ნავთობპროდუქტების კვალი. მინის ბოთლები, მათში მოთავსებული სითხით და ქსოვილის ნაჭრებით, ერთობლიობაში არ წარმოადგენენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ქსოვილის ნაჭრების მინის ბოთლზე დამონტაჟებით მივიღებთ კუსტარული წესით დამზადებულ ცეცხლგამჩენ მოწყობილობას, სადაც ქსოვილის ნაჭერი იქნება ფითილი და ბოთლში მოთავსებული სითხე სწრაფად აალებადი საშუალება ცეცხლის გაჩენისათვის. აღნიშნული მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა, ასევე, აალების შემდგომ წვად მასალაზე მოხვედრისას ხანძრის გაჩენა და ქონებრივი ზიანის გამოწვევა. პოლიმერული მასალის მომწვანო ბოთლი (მასში მოთავსებული სითხით) არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და არც სწრაფად აალებად ცეცხლგამჩენ საშუალებას.
5.9. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში. ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).
5.10. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ. ხ–ის ქმედებას. შესაბამისად, კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი, არ არსებობს. ამასთან, დ. ხ–ის ქმედება ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციულსამართალდარღვევად.
5.11. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის მე-2 წინადადების თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
5.12. ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კი, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
5.13. მოცემულ შემთხვევაში, 2025 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს სსკ-ის 347-ე მუხლსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებები ვერ მიიჩნევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად. შემდეგ გარემოებათა გამო:
5.14. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რისთვისაც დ. ხ–ს დაედო მსჯავრი, აქვს სპეციალური მიზანი. კონკრეტულ შემთხვევაში, დ. ხ–ს მსჯავრად შეერაცხა – მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით აფეთქების მომზადება. ხოლო დაცვის მხარის მიერ მითითებული – საქართველოს სსკ-ის 347-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლისა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი მიზანის არსებობას არ საჭიროებს და ხსენებული ნორმების დარღვევისათვის საკმარისია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების, ცივი იარაღის ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა.
5.15. ამასთან, ზემოხსენებული მუხლების შინაარსი უშუალოდ მიემართება შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესის დარღვევას, რა დროსაც განსაზღვრულია დარღვევის ადგილი. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დ. ხ–ს ბრალდება წარედგინა, როგორც ს.... ....ს მიმდებარე ტერიტორიაზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეს, რომელსაც მის მიერ დამზადებული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები უნდა გამოეყენებინა სწორედ ს.....ს ....ს მიდებარედ, თუმცა გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის, რომ დ. ხ–მა ქ. თ–ში .....ს მიმდებარე ტერიტორიიდან თ–ს ქუჩაზე, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანისა და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, გადაიტანა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობები, რითაც შეიქმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის განთავსებისა და აფეთქების პირობები, რაც გამოიწვევდა მძიმე შედეგს. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სახეზე არ არის ზოგად და სპეციალურ ნორმათა კონკურენცია. დ. ხ–ის ქმედება განხილულ იქნა არა როგორც კონკრეტულ გარემოებებში ჩადენილი, არამედ როგორც ზოგადი დარღვევა, რაც წარმოადგენს დანაშაულს იმის მიუხედავად, თუ სად გადაადგილდება პირი აკრძალული მოწყობილობით.
5.16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წამოდგენილი დანიშნული საექსპერტო კვლევების შედეგები და მიუთითებს, რომ „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. მხარეებს აქვთ თანასწორი შესაძლებლობა, მოეპოვონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან საკუთარი და გააქარწყლონ საპირისპირო მხარის მოსაზრებები, ჰქონდეთ პოზიციები როგორც თავისი, ისე – მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ სამხილებთან მიმართებით. დაცვის მხარეს აქვს ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად იზრუნოს სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე, ჩაატაროს სასურველი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები და არ იყოს საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №872აპ-24 განაჩენი). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ მოიპოვა საექსპერტო კვლევების შედეგები, რაც არ გადასცა მეორე მხარეს და არ წარუდგინა სასამართლოს – არ არის სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-2 წინადადების თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე.
5.17. რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №980აპ-22 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, „დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღების საკითხებს აწესრიგებს საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლი. ნებაყოფლობით ხელის აღების ნორმების გამოყენება და პირის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ დაცულია ნებაყოფლობით ხელის აღებისათვის წაყენებული წინაპირობები: ა) დანაშაულზე ხელის აღება აუცილებლად დამნაშავის ნებით უნდა ხორციელდებოდეს, ე.ი. ნებაყოფლობითი უნდა იყოს; ბ) დანაშაულზე ხელის აღება საბოლოო ხასიათს უნდა ატარებდეს; გ) დანაშაული ბოლომდე არ უნდა იყოს მიყვანილი, ე.ი. შედეგი არ უნდა განხორციელდეს ან საფრთხემ არ უნდა მიიღოს დასრულებული სახე; დ) დანაშაულზე ხელის აღება ობიექტურად უნდა არსებობდეს და ნებაყოფლობით ხელის აღებისათვის საკმარისი არ არის დამნაშავის წარმოდგენაში მისი არსებობა. დასახელებული ოთხი ძირითადი პირობა განსაზღვრავს დანაშაულზე ხელის აღების საკითხს, რაც იმას გულისხმობს, რომ სუბიექტი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ოთხივე პირობა კუმულაციურად არ იქნება წარმოდგენილი. ნებაყოფლობით ხელის აღების ფსიქოლოგიური შეფასების თანახმად, დანაშაულზე ხელის აღებას ნებაყოფლობითი ხასიათი გააჩნია მაშინ, როდესაც დამნაშავეს შინაგანად აღარ სურს დანაშაულის ჩადენა. მაშასადამე, დამნაშავე მოქმედებს ფსიქოლოგიური იძულების გარეშე. პირიქით, ნებაყოფლობითობა არ არსებობს მაშინ, როდესაც რაღაც გარემოებები დამნაშავეზე იმდენად ძლიერ სულიერ გავლენას ახდენს, რომ მას ისღა დარჩენია, შეწყვიტოს დანაშაულებრივი საქმიანობა. რაც შეეხება ნორმატიულ შეფასებას, იგი ნებაყოფლობით ხელის აღების მოტივებს არა მარტო ფსიქიკაზე, არამედ ასევე შეფასებაზე დაყრდნობით განიხილავს. ამდენად, ნებაყოფლობით ხელის აღების ნორმების გამოყენება და პირის გათავისუფლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დანაშაული არ დამთავრებულა არც მატერიალურად და არც ფორმალურად. დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე ნებაყოფლობით ხელის აღება არსებობს მაშინ, როცა შედეგის დადგომა თავიდან იქნება აცილებული.“ საკასაციო პალატა იზიარებს ზემოხსენებულ მსჯელობას, და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება დ. ხ–ის მხრიდან დანაშაულზე ნებაყოფლობის ხელის აღების ფაქტი.
5.18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: ,,ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა.... აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სამართალდამცავთა ცალსახა ვალდებულება, მოიპოვონ ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი მტკიცებულებები, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია ს.... ....ს წინააღმდეგ“, II-106). „ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“ (იქვე, II-108).
5.19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როცა სახეზეა დანაშაულზე წასწრების შემთხვევა და, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არ მოხდა ერთგვარი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა და ღონისძიების დაგეგმვა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, დაცვის მხარის პოზიცია – სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ნეიტრალური მტკიცებილების მოპოვების სავალდებულოობასთან დაკავშირებით საფუძველსაა მოკლებული.
5.20. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.
5.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
5.22. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. თ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე