საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124010699052
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№333აპ-26 ქ. თბილისი
გ. გ., 333აპ-26 3 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო კოდონაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ-ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2024 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით, 20:36 საათზე, ... არსებული სახლის სადარბაზოსთან, გ. გ. აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ. ს-ს კუთვნილ 300 ლარს და მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიაყენა – 300 ლარის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. გ. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 ივლისის განაჩენით გ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიამ წულაიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნინო კოდონაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა მისი ბრალეულობა, კერძოდ, დაზარალებულ დ. ს-ს ჩვენება, რომ გ. გ-მ ხელიდან გასტაცა 300 ლარი და გაიქცა, დასტურდება ... არსებული ლომბარდის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, რომლებიც ცხადყოფს, როგორ მისდევს გ. გ-ს უკან სწრაფი ნაბიჯით დ. ს., რომელსაც ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი, გ. გ. კი გარბის, ხოლო დაზარალებული უკან მიჰყვება, სანამ იგი გზას არ გადაკვეთს. საბანკო დაწესებულებიდან გამოთხოვლი ინფორმაციით ასევე დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც გ. გ-მ წაართვა თანხა დ. ს-ს, რამდენიმე წუთში, 300 ლარი შეიტანა თავის ანგარიშზე და აქედან 170 ლარი გადაურიცხა ზ. კ-ს, რომელმაც აღნიშნული დაადასტურა სასამართლოში დაკითხვის დროს. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა გ. გ-ს ბავშვობის მეგობრის – დ. მ-ს, ისევე, როგორც მისი შეყვარებულის – თ. ჯ-ს მიკერძოებული ჩვენებებისა და მოწმე შ. ყ-ს უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმის შინაარსი, რომ გ. გ-მ დ. ს-საგან დაიბრუნა 300 ლარი, რომელიც დაზარალებულს მართებდა მისთვის. იმავდროულად, არ გამოკვეთილა რაიმე დამაჯერებელი მოტივი, რატომ უნდა დაებრალებინა დანაშაული დ. ს-ს გ. გ-სათვის, რომელიც, თავის მხრივ, წარსულშიც არაერთხელ არის ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულების ჩადენისათვის.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა ან დაუსაბუთებელი, რამეთუ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა გ. გ-ს ბრალეულობა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ: გ. გ-სა და დ. ს-ს ურთიერთგამომრიცხველი განმარტებების კვალდაკვალ, კასატორის მტკიცებით, სასამართლოში წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, თანხვდენილია და ადასტურებს დ. ს-ს მონათხრობს, რომ გ. გ-მ შეხვედრისას გასტაცა თანხა და გაიქცა, ის კი მისდევდა, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერების შინაარსი ასევე არ გამორიცხავს გ. გ-ს მონათხრობს, რომ დ. ს-ს ვალის გამოსართმევად მიაკითხა, გამოართვა 300 ლარი, თუმცა დაზარალებული იყო ნარკოდამოკიდებული, სთხოვდა „ამფეტამინის“ შოვნაში დახმარებას, რაზეც ძალიან გაბრაზდა და ვინაიდან დაზარალებული არაადეკვატურად იქცეოდა, გაერიდა მას. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების შინაარსთან მიმართებით, მხარეების ურთიერთგამომრიცხველი მტკიცებების კვალდაკვალ, გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა გ. გ-ს სასარგებლოდ. მით უფრო, როდესაც მისი ჩვენება, რომ დ. ს-ს ჰქონდა მისი ვალი, თანხვდენილია მოწმეების დ. მ-სა და თ. ჯ-ს ჩვენებებთან. მეტიც, დ. მ-მა დაადასტურა, რომ 2024 წლის 17 ნოემბერს, დაუკავშირდა გ. გ. და უთხრა, რომ ანგარიშზე მისი მოვალე – დ. ს., ჩაურიცხავდა 200 აშშ დოლარს, რასაც მთელ დღეს ელოდა, თუმცა – ამაოდ, ხოლო თ. ჯ-მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, გ. გ-მ სამსახრიდან წამოიყვანა და გზად უთხრა, რომ მიდიოდა დ. ს-თან, რომელმაც ვალის დასაბრუნებლად დაიბარა. მრავალდარგოვანი სამშენებლო-საწარმოო სააქციო საზოგადოება „...“ დადებული შრომითი ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გ. გ. 2024 წლის 2 ოქტომბრიდან იყო დასაქმებული ზემოაღნიშნულ კომპანიაში მძღოლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა – 2000 ლარს. შესაბამისად, გ. გ-ს მტკიცება, რომ ჰქონდა სტაბილური შემოსავალი ხელფასისა და საზღვარგარეთიდან ოჯახის წევრების ფულადი გზავნილების სახით, სარწმუნო და დამაჯერებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით უტყუარად ვერ დაადასტურა გ. გ.ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის – ძარცვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – ჩადენა.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო კოდონაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე