საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.09.2026
საქმის ნომერი
2კ-361აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100125011397311

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №361აპ-26 ქ. თბილისი

ჯ. ჯ. 361აპ-26 8 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ჯ. ჯ–ს, – პირადი ნომრით: ..........., – ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი პირის მიმართ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

ჯ. ჯ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2025 წლის 13 მარტს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, წ–ს ქუჩის შესახვევის №..–ში, №..–- ბინაში, ჯ. ჯ–მა კონკრეტული მიზეზის გარეშე, არასრულწლოვანი შვილის, 2022 წელს დაბადებული ვ. ჯ–ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – მ. ჩ–ის მიმართ, ასევე, შვილის, ვ. ჯ–ის, მიმართ, კერძოდ, ტელეფონი ესროლა ვ. ჯ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაუზიანდა თავის არე. ჯ. ჯ–მა, ასევე, დაარტყა მ. ჩ–ეს გაშლილი ხელი სახის არეში, მოქაჩა თმები, დააგდო ძირს და ამგვარად მიათრევდა საძინებელ ოთახში, დაარტყა ფეხები და ხელები სახისა და ტანის არეში არაერთხელ, რის შედეგადაც მ. ჩ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები.

1.2. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.

ჯ. ჯ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2025 წლის 13 მარტს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, წ–ს ქუჩის შესახვევის №..–ში, №..– ბინაში, ჯ. ჯ–ი კონკრეტული მიზეზის გარეშე, არასრულწლოვანი შვილის, 2022 წელს დაბადებული ვ. ჯ–ის თანდასწრებით, მეუღლეს - მ. ჩ–ეს და გ. გ–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა საოჯახო მეურნეობას, არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა მ. ჩ–ემ და გ. გ–მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრის განაჩენით:

2.1. ჯ. ჯ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.2. ჯ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი და 6 თვე;

2.3. მსჯავრდებულ ჯ. ჯ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2025 წლის 13 მარტიდან 2025 წლის 1 მაისის ჩათვლით;

2.4. მსჯავრდებულ ჯ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამთა გახარიამ. აპელანტი ითხოვდა ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში და ჯ. ჯ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 მარტის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამთა გახარიამ. კასატორი ითხოვს ჯ. ჯ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

8.1. კასატორი ითხოვს ჯ. ჯ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8.2. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ჯ. ჯ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

8.2.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის გამო სასამართლო სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას გადასინჯოს გასაჩივრებული განაჩენი ჯ. ჯ–ის მიერ ფიზიკური ძალადობის არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ორი პირის მიმართ ჩადენის ნაწილში.

9. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ჯ. ჯ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „მუქარის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუქარა სახეზეა, როდესაც კუმულატიურად არსებობს ორი სავალდებულო პირობა, კერძოდ: მოქმედება (მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით) და აღნიშნულით, მუქარის ადრესატში, ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა/გაჩენა. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმის გარეშე. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ობიექტური ან/და სუბიექტური სტანდარტით დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულმა რეალურად აღიქვა მუქარის შინაარსი და გაუჩნდა მისი განხორციელების/აღსრულების საფუძვლიანი შიში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება N 992პ-22).

11. N....... შემაკავებელი ორდერის ოქმით დგინდება, რომ 2025 წლის 13 მარტს ჯ. ჯ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ჩ–ეს, რაც აღიქვა რეალურად; N...... შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, ჯ. ჯ–ი გ. გ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურად.

12. მუქარის საფუძვლიანობის და რეალურობის დაზარალებულის მიერ აღქმის საკითხის შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულთა ჩვენებებს, მოვლენათა განვითარებას, მუქარის მიზანმიმართულობას, აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულთა ქცევას.

12.1. დაზარალებული მ. ჩ–ის ჩვენებით დგინდება, რომ ჯ. ჯ–ის მიერ ფიზიკური ძალადობის ჩადენისას (რისთვისაც მსჯავრდებულია ჯ. ჯ–ი) მსჯავრდებული დაემუქრა თუ არა მას ან გ. გ–ს სიცოცხლის მოსპობით, არ ახსოვს. აღნიშნული არ ახსოვდა გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემის დროსაც.

12.2. დაზარალებულმა გ. გ–მა განმარტა, რომ ჯ. ჯ–ი მას დაემუქრა, რომ პოლიციაში დარეკვის შემთხვევაში ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა, თუმცა ამ სიტყვების არ შეშინებია, რადგან რომ შეშინებოდა არც დარეკავდა. შესაბამისად, მ. ჩ–ის მიმართ ჯ. ჯ–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის დანახვისას გავიდა მეზობელთან და დარეკა პოლიციაში.

12.3. ამდენად, დაზარალებულთა ჩვენებებით არ დგინდება მათ მიერ ჯ. ჯ–ის მუქარის რეალურად აღქმა/საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.

13. ჯ. ჯ–ის მხრიდან მუქარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩადენას წინ უსწრებდა მ. ჩ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, შესაბამისად, მოწმეთა (დ. მ–ს, დ. ხ–ს, მ. ჯ–ს, ვ. ფ–ს) მიერ მითითებული დაზარალებულთა ემოციური მდგომარეობა გამოწვეული იყო მუქარით თუ ძალადობით სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ამავე მოწმეთა შესაბამისი უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმებითა და ჩვენებით, – ვერ დგინდება.

14. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილს. ჯ. ჯ–ის აღიარების, დაზარალებულთა ჩვენებების, მუქარის საგნის და მუქარის შემდეგ დაზარალებულთა ქმედებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ჯ. ჯ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

15. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

16.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ჯ. ჯ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჯ. ჯ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ჯ. ჯ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ნაწილი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

18. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).

18.1. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნა მკაცრი სასჯელის განსაზღვრის ნაწილში დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორი ზოგადად მსჯელობს სასჯელის დანიშვნის წესზე, აბსტრაქტულად უთითებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების დანაწესზე, მაგრამ არც ერთი მტკიცებულებით/ობიექტური გარემოებით/არგუმენტით არ ასაბუთებს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის უკანონობას, რაში გამოიხატება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 მარტის განაჩენით ჯ. ჯ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის შეუსაბამობა სასჯელის კერძო ან ზოგადი პრევენციის ან/და რესოციალიზაციის მიზნებთან. ამასთან, კასატორი არ უთითებს არც ერთ არგუმენტს, რომელიც არ იყო ან არასწორად იყო შეფასებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და თავისთავად, ან სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მიუთითებდა სასჯელის უკანონობაზე.

18.2. სასამართლო კვალავაც აღნიშნავს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).

18.3. შესაბამისად, კასატორის საჩივარი, გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის გამკაცრების შესახებ, აბსტრაქტულ მსჯელობაზე დაფუძნებული, კონკრეტიზაციის, დასაბუთებულობის და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების კრიტიკული სამართლებრივი ანალიზის გარეშე, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის მოთხოვნას. შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს ვერც საქართველოს სსსკ-ით 303-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

19.1. არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში არასრულწლოვანი დაზარალებულის (ვ. ჯ–ი, იხ.: დაზარალებულად ცნობის დადგენილება ტ.1, ს.ფ. 117-118) კანონიერი წარმომადგენლისათვის განმარტებული არ არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

19.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლი იმპერატიული ნორმაა, რომელიც ცალსახად ადგენს სასამართლოს ვალდებულებას განაჩენის გამოცხადების შემდეგ არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების/კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

20. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 მარტის განაჩენზე ჯ. ჯ–ის მიმართ;

2. არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს განემარტოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე