საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.09.2026
საქმის ნომერი
2კ-240აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100124009995718

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №240აპ-26 ქ. თბილისი

ა. გ. 240აპ-26 7 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ძ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1. გ. ა–ს, – პირადი ნომერი: ………., – ბრალად ედებოდა: ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

1.2. გ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.3. 2024 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 06:00 საათზე თ–ში, ვ–ი .., ლ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ,,ს–ს” აკადემიის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ა–მა გ. შ–ს ხელი დაარტყა შუბლის არეში, რის შემდეგაც ქურთუკის ჯიბიდან ამოაცალა 100 ლარად ღირებული ,,Samsung Galaxy A13” ფირმის მობილური ტელეფონი, რითაც აშკარად, ძალადობით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა გ. შ–ის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონი, რამაც 100 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის განაჩენით გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.1. გ. ა–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 25 ივლისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ძ–ემ. აპელანტმა მოითხოვა გ. ა–ის გამართლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ძ–მ. კასატორი ითხოვს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვლის განაჩენის გაუქმებას, საქმის ხელახლა განსახილველად გადაცემას ან გ. ა–ის გამართლებას.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

6.1. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა ჩაიდინა თუ არა გ. ა–მა მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – დანაშაული.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორია გ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი (და არა თავად მსჯავრდებული).

8. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში (საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი), საჩივარში კი აღნიშნული უნდა იყოს მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს აღნიშნულს (საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი), რაც გულისხმობს, რომ კასატორმა მხარემ სწორედ საკასაციო საჩივარში უნდა მიუთითოს კონკრეტული მოთხოვნაც და მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენატაცია. ამდენად, კასატორმა უშუალოდ საკასაციო საჩივარში მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის №493აპ-25 განჩინება).

9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ყოველგვარი მტკიცებულების/არგუმენტაციის/სამართლებრივი დასაბუთების და ფაქტობრივი ანალიზის გარეშე, ჩამონათვალის (მხოლოდ პუნქტებად) სახით ზოგადად უთითებს, რომ: არ იქნა სათანადოდ შეფასებული დაცვის მხარის პოზიცია; არ მოხდა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა; გადაწყვეტილება ემყარება ვარაუდებს და არა უტყუარ მტკიცებულებებს; არ შეფასდა ალტერნატიული ვერსიები; არ იქნა გათვალისწინებული მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობები; სასამართლომ მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე გადაიტანა; დაირღვა მტკიცებულებების დასაშვებობის სტანდარტი და დაცვის უფლებები; სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა სადავო ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით, მაშინ როცა, შესაძლებელი იყო სადავო ქმედების მსუბუქი მუხლით დაკვალიფიცირება ან ,,საერთოდ არარსებობა“; განაჩენი დაუსაბუთებელია და არ პასუხობს დაცვის მხარის არგუმენტებს. საბოლოოდ კი, დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემას ან გ. ა–ის გამართლებას.

9.1. საკასაციო საჩივრიდან გაუგებარია, რომელი მტკიცებულების დასაშვებობის სტანდარტის დარღვევაზე ან/და რომელი ალტერნატული ვერსიის/ების არშეფასებაზე საუბრობს ან/და დაცვის უფლების რა (რაში გამოიხატა) დარღვევას გულისხმობს კასატორი. საერთოდ გაუგებარია კასატორის პოზიცია, რომ შესაძლებელი იყო ,,განსახილველი ქმედების“ უფრო მსუბუქი მუხლით დაკვალიფიცირების ,,შესაძლებლობა“ ან ,,საერთოდ არარსებობა“, – გარდა იმისა, რომ კასატორი თავად ვერ ყალიბდება გ. ა–ისათვის ბრალადწარდგენილი ქმედება შეიცავდა საქართველოს სსკ-ის სხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, თუ საერთოდ არ წარმოადგენდა დანაშაულს, იმავდროულად, გაუგებარია რას გულისხმობს კასატორი ,,მსუბუქი მუხლით დაკვალიფიცირებაში“.

9.2. ამდენად, საკასაციო საჩივარი წარმოადგენს კასატორის მიერ პრობლემურად მიჩნეული საკითხების მექანიკურ ჩამონათვალს, რაიმე სახის/ხარისხის/მოცულობის სამართლებრივი არგუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე (აბსოლუტური არარსებობით).

9.3. შესაბამისად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ პასუხობს საქართველოს სსსკ-ით საკასაციო საჩივრის შინაარსისადმი დადგენილ მოთხოვნებს: საჩივარში არ არის წარმოდგენილი არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზი, ფაქტობრივი გარემოებების კრიტიკული შეფასება და მითითება იმაზე, რა არგუმენტებზე/კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს კასატორი, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

9.4. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, – სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ სასამართლოში ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20, 2021 წლის 4 იანვრის 925აპ-20, 2020 წლის 17 ივლისის 30აპ-20 განჩინებები). „შეჯიბრებითობის პრინციპის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს პროცესის მხარე შესაძლებლობით გაეცნოს, აზრი გამოთქვას და, თუ ეს მის ინტერესებშია, გააქარწყლოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე – დაარწმუნოს სასამართლო თავისი პოზიციის სისწორეში, წარუდგინოს მას შესაბამისი მტკიცებულებები და მოსაზრებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის N3/1/608,609 გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-18).

9.5. კასატორს საჩივარში არ აქვს წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციის საწინააღმდეგო არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც მიუთითებდა გასაჩივრებული განაჩენის უკანონობაზე (მათ შორის, მაგალითად, რაში გამოიხატა: მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა/ები, მტკიცების ტვირთის დაცვის მხარეზე გადატანა, მტკიცებულებების დასაშვებობის სტანდარტისა და დაცვის უფლებების დარღვევა და სხვა), არც ერთი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაამყარებდა მოთხოვნას განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლების შესახებ. კასატორი დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ისე, რომ არ უთითებს, მისი აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა გარემოებები ადასტურებს ამას, – რატომ არ ეთანხმება სასამართლოს მოტივაციას (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 23 თებერვლის №1045აპ-25, 2026 წლის 16 თებერვლის №1021აპ-25 განჩინებები).

9.6. იმავდროულად, სამართლებრივად მცდარია კასატორის მოთხოვნა საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ, ვინაიდან აღნიშნულს მოქმედი საქართველოს სსსკ-ი (ძველისგან – საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი – განსხვავებით) აღარ ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს; ბ) აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს; გ) ცვლილება შეაქვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში; დ) უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

9.7. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო სასამართლოს არ აძლევს, საქმის ხელახლა განხილვის მიზნით, ქვემდგომი სასამართლოსთვის დაბრუნების უფლებას. შესაბამისად, დაცვის მხარის მოთხოვნა საქმის ხელახლა განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).

10.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, ადვოკატის პროფესიული სტატუსი მას აკისრებს სასამართლოსთან კეთილსინდისიერი თანამშრომლობისა და პროფესიული წინდახედულების ვალდებულებას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, „მის მოვალეობას არ წარმოადგენს, დაკავდეს მთელი რიგი დაუსაბუთებელი და ჭირვეული პრეტენზიების ან განმცხადებლებისა თუ მათი ადვოკატების სხვამხრივ აშკარად შეუსაბამო ქმედებების განხილვით, რაც მას უქმნის კონვენციით დადგენილ მის ნამდვილ ფუნქციებთან შეუთავსებელ (იხ. Petrović v. Serbia (dec.), no. 56551/11, 18/10/2011; and The Georgian Labour Party v. Georgia (dec.), no. 9103/04, 22/05/2007) უზარმაზარ სამუშაოს“ (იხ.: Bekauri v. Georgia, no. 14102/02, par. 21, ECtHR, 10/07/2012). „ზოგადად, ადვოკატებს უნდა ესმოდეთ, რომ, ... ისინი უნდა ამჟღავნებდნენ პროფესიონალური წინდახედულობის მაღალ დონეს და უზრუნველყოფდნენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას სასამართლოსთან იმით, რომ სასამართლოს აარიდონ დაუსაბუთებელი განაცხადები და, სამართალწარმოების დაწყების შემდეგ, ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან პროცედურის ყველა შესაბამისი წესი და თავიანთ კლიენტებსაც იგივე მოსთხოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს რესურსების განზრახ ან გაუფრთხილებლობით არაჯეროვანმა გამოყენებამ, შესაძლებელია შეარყიოს სასამართლოს ნდობა ადვოკატების საქმიანობისადმი”(იხ.: Bekauri v. Georgia, no. 14102/02, par. 24, ECtHR, 10/07/2012)

13. აღნიშნული გულისხმობს, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის მე-300-303 მუხლებით დადგენილ საკასაციო საჩივრის დასაბუთების ვალდებულებასაც, – საჩივარი შეიცავდეს კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტაციას და მიუთითებდეს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე გავლენის მქონე კონკრეტულ ხარვეზზე.

14. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ გ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ძ–ის – მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი, in fine, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 95-ე, მე-300 და 303-ე მუხლებით დადგენილ საჩივრის დასაბუთების მინიმალურ სტანდარტს, იმავდროულად, სამართლებრივ საფუძველსაც მოკლებულია (ითხოვს საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის, რაც საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებული არ არის).

15. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ძ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე