საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100125011871804
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №297აპ-26 თბილისი გ-ძე თ, 297აპ-26 22 სექტემბერი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან თალაკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:
თ. გ-ძე, დაბადებული ... წლის ... მარტს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, თ. გ-ს – 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2025 წლის 7 ივლისს, დაახლოებით, 09:40 საათზე, ზ-ში, დ. ა-ის ქუჩაზე, თ. გ-მ ,,ოპელის’’ მოდელის ავტომობილით, სახელმწიფო ნომერი – ,,...,” მოძრაობის დროს დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, რომ ,,სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს.’’ იგი შეეჯახა ქვეითს – ნ. ბ-ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ნ. ბ-მ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან თალაკვაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – ქეთევან თალაკვაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებასა და თ. გ-ის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას, კანონის შესაბამისად.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმის მასალებით, დაზარალებული მსჯავრდებულთან შერიგებული არ არის. დაზარალებულს მეტყველება და მოძრაობა აღარ შეუძლია. მას პრეტენზია აქვს მსჯავრდებულთან. ასევე თ. გ-ს მართვის უფლება ჩამოერთვა საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე მითითებით, მაშინ როდესაც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია ასევე ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას.
5. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ ბრალდების მხარე (სასჯელის ნაწილში). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განსახილველ საქმეში შეაფასებს თ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის სამართლიანობას.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე – შემამსუბუქებელ გარემოებებს.
10. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით – სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით – სამ წლამდე ან უამისოდ.
11. განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენით, თ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი; საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, თ. გ-ს – 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
12. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა თ. გ-მ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენისას იგი არ იყო ნასამართლევი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება (რაც კასატორის უმთავრესი არგუმენტია) წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი). მით უმეტეს, უდავოდ ცნობილი თ. გ-ის გამოკითხვის ოქმით, არ იკვეთება რომ იგი ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით, უარზეა. თ. გ-ძე გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, რომ ისინი ვერ შერიგდნენ, რადგან შეთავაზებული თანხა დაზარალებულისთვის იყო მიზერული. ამასთან, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი ვერ გახდება სასჯელის დამძიმებისათვის გადამწყვეტი არგუმენტი იმ პირობებში, რომ დაზარალებულ მხარეს ზიანის ანაზღაურების მოტივით შეუძლია სასამართლოს მიმართოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ანაზღაურებული ზიანი შესაძლებელია, გახდეს მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების წინაპირობა, თუმცა დამძიმებისათვის უპირობო არგუმენტად ვერ განიხილება (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №143აპ-22 გადაწყვეტილება).
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეესაბამება კანონს და არის სამართლიანი.
14. საკასაციო პალატა აგრეთვე მიუთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიუთითა: ,,იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა, ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (Tortladze v. Georgia, ,,თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ N42371/08, 18/03/2021, §77).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან თალაკვაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე