საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.09.2026
საქმის ნომერი
2კ-212აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100124009961297

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №212აპ-26 ქ. თბილისი

ა. ა., 212აპ-26 15 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1. ა. ა–ას, – პირადი ნომერი: ........., – ბრალად ედებოდა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით;

1.2. ა. ა–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.2.1. 2015 წელს, ა. ა–ამ ტ. ა–ას შესთავაზა, რომ დაეხმარებოდა ქალაქ თ–ში, ჯ–ს ქუჩაზე არსებულ მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ბინის განვადებით ყიდვაში, ბინის გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტებს ტ. ა–ას სახელზე გააფორმებდა და ბინის მესაკუთრეც ტ. ა–ა გახდებოდა. ა. ა–ას და ტ. ა–ას შორის არსებული სიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ტ. ა–ას ეტაპობრივად უნდა გაეგზავნა ა. ა–ასთვის თ–ში, მ–ს ქუჩაზე არსებულ მშენებარე კორპუსში ბინის შეძენისათვის საჭირო ფული, რასაც ა. ა–ა, განვადებით ნაყიდი ბინის გრაფიკით დადგენილი გადასახდელებისათვის, შეიტანდა;

1.2.2. 2015 წლის 16 ოქტომბერს, ა. ა–ამ შპს დ. გ–ან“ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თ–ში, ჯ–ს N.-ში (დღევადელი მ–ს ქუჩა) მდებარე 55,30 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა;

1.2.3. 2019 წლის 17 ოქტომბერს ა. ა–ამ საკუთრებაში დაირეგისტრირა თ–ში, ....ს ქუჩა N..., ბლოკი N.., სართული N.., 55,30 მ2 ფართობის ბინა N.., საკადასტრო კოდით: ..............;

1.2.4. 2015 წლის ოქტომბრის თვიდან, 2018 წლის დეკემბრამდე დროის პერიოდში, ტ. ა–ამ ა. ა–ას, ბინის ღირებულების განვადებით, ეტაპობრივად გადაურიცხა 44 479 აშშ დოლარი;

1.2.5. ა. ა–ა მოტყუებით დაეუფლა ტ. ა–ას გადარიცხულ ფულს და ჩარიცხული ფულით ნაყიდი ბინა, – საჯარო რეესტრში თავის სახელზე გააფორმა. ა. ა–ამ უარი განაცხადა ტ. ა–ასთვის ბინის გადაფორმებაზე. ა. ა–ას ქმედების შედეგად, ტ. ა–ას მიადგა 44 479 აშშ დოლარის ექვივალენტი 118 465 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. ა. ა–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. ა–ას განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა ა. ა–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა. კასატორი ითხოვს ა. ა–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და მოითხოვა ა. ა–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

7. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ჩაიდინა თუ არა ა. ა–ამ თაღლითობა, – ა. ა–ასა და ტ. ა–ას შორის შეთანხმებით ვისი საკუთრება უნდა ყოფილიყო ტ. ა–ას მიერ ა. ა–ასათვის გაგზავნილი ფულადი თანხით შეძენილი ბინა.

8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).

8.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ა. ა–ას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. ა–ას წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

12.1. 2015 წლის 16 ოქტომბერს, ა. ა–ამ შპს დ. გ–ან“ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება (გადახდის განვადებით), რომლის ნასყიდობის საგანსაც წარმოადგენდა –თ–ში, ჯ–ს (დღევანდელი მ–ს ქუჩა) N..-ში მდებარე 55,30 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა (ტ. N1; ს.ფ.7-15);

12.2. 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის დეკემბრამდე დროის პერიოდში, ტ. ა–ამ ა. ა–ას, ბინის ღირებულების განვადებით, ეტაპობრივად გადაურიცხა 44 479 აშშ დოლარი (ტ. N1; ს.ფ. 19-24);

12.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2019 წლის 17 ოქტომბერს ა. ა–ას საკუთრებაში დარეგისტრირდა – თ–შია, ... მ–ს ქუჩა N.., ბლოკი N3, სართული N.., 55,30 მ2-ის ფართობის N.. ბინა, საკადასტრო კოდით: .............. (ტ. N1; ს.ფ. 17-18).

12.4. გამართლებულმა ა. ა–ამ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ბინის შეძენა გადაწყვიტა და ამის თაობაზე ესაუბრა ტ. ა–ას, ეს უკანასკნელი დაჰპირდა თანხის მიცემას. იმავდროულად, დაადასტურა, რომ სადავო ბინის შესაძენად თანხა სრულად მამამ – ტ. ა–ამ – გაუგზავნა. შესაბამისად, შეიძინა და თავის საკუთრებაში დაირეგისტრირა სადავო ბინა.

12.5. დაზარალებულმა ტ. ა–ამ განმარტა, რომ 2015 წელს დაუკავშირდა ქალიშვილი – ა. ა–ა, შესთავაზა 5 წლიანი განვადებით ბინის შეძენა. თანხის სრულად გადახდის შემდგომ ბინა უნდა ჩაბარებოდა შავი კარკასის მდგომარეობაში, რომელიც თ– ჩამოსვლისას გაფორმდებოდა მის (ტ. ა–ას) სახელზე. ფიქრობდა, რომ როგორც წესია, ბინის მის საკუთრებაში გაფორმებამდე, იქნებოდა სამშენებლო კომპანიის სახელზე, თუმცა, ბინა ა. ა–ამ დაირეგისტრირა საკუთრებაში და შემდეგ უარი განუცხადა ქონების გადაფორმებაზე, – 2019-2022 წლებში ა. ა–ას სახელზე უკანონოდ იქნა დარეგისტრირებული საკუთრებაში სადავო ქონება (13:47:36). ა. ა–ა არასწორად/უკანონოდ მოიქცა, ვინაიდან ინიციატივა გამოიჩინა, კერძოდ, ტ. ა–ას დაურეკა, დაარწმუნა ბინის შეძენაში, ხოლო საბოლოოდ არ გადაუფორმა. თავად ეჭვი არ შეუტანია და ენდო ქალიშვილის შეთავაზებას (13:44:40). მას შემდეგ, რაც 2022 წელს ჩამოვიდა საქართველოში, გაარემონტა სადავო ბინა. ა. ა–ა არ ჩართულა სარემონტო სამუშაოებში, არ შეურჩევია სარემონტო მასალა, არ დაინტერესებულა როგორ (მათ შორის, ხარისხი) კეთდებოდა და სხვა, რაც დაზარალებულის განმარტებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბინა არ იყო ა. ა–ასათვის შეძენილი (13:51:55).

12.5.1. დაზარალებულმა განმარტა, რომ თავდაპირველად არ აპირებდა სადავო ბინის გაყიდვას, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა გაეყიდა, უფრო მცირე ზომის ბინა ეყიდა და დარჩენილი თანხით რაიმე საქმე წამოეწყო. სწორედ ამ დროს (მას შემდეგ, რაც ბინა გაარემონტა და გადაწყვიტა გაყიდვა) გაიგო, რომ სადავო ბინა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ჰქონდა ა. ა–ას. შვილს მოსთხოვა მის საკუთრებაში გადაფორმება, თუმცა უარი მიიღო (13:54:21). რეალურად, ა. ა–ამ ბინა თავის სახელზე ისე გაიფორმა ანუ დაირეგისტრირა როგორც შემძენმა (მესაკუთრე), რომ ფული არ გადაუხდია (თავად უგზავნიდა), სინამდვილეში იგი მხოლოდ ბინის შეძენაში დაეხმარა და არ იყო მესაკუთრე (13:58:00).

12.5.2. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ა. ა–ას მის მაღაზიაში არ უმუშავია, ხოლო სალონში მუშაობის უფლება თავად ვერ მისცა, ვინაიდან გამართლებული არ იყო რ–ს რესპუბლიკის მოქალაქე და ამის უფლება არ ჰქონდა (14:06:10). შემდეგ, ა. ა–ამ თავად დაიწყო მუშაობა სალონში, თუმცა ,,კაპიკებზე“ (14:09:27). ტ. ა–ა პირველ მეუღლეს თავად უვლიდა და ა. ა–ას ჩართულობა ამ კუთხით არ უნახავს (14:19:42). ტ. ა–ა ა. ა–ას მატერიალურად ეხმარებოდა, კერძოდ, გარდა ბინის შესაძენი თანხისა, უგზავნიდა ფულს (13:56:50).

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (დაზარალებულ ტ. ა–ას, მოწმეების: ბ. კ–ას და თ. ა–ას ჩვენებები, ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გზავნილების შესახებ, ბუღალტრული ექსპერტიზის დასკვნა) საკმარისია ა. ა–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ვინაიდან მხოლოდ დაზარალებული უთითებს, რომ მამა-შვილს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, სადავო ბინა უნდა ყოფილიყო ტ. ა–ას და არა – ა. ა–ას საკუთრება, – აღნიშნული გარემოება არ დასტურდება არც ერთი სხვა, არც პირდაპირი და არც გარემოებითი, მტკიცებულებით.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულსა და გამართლებულს შორის შედგა ისეთი შეთანხმება, როგორც ამას წარმოაჩენს დაზარალებული. მათ შორის, მოწმე ბ. კ–ამ განმარტა, რომ მართალია იგი თავად შეესწრო ტ. ა–ასა და ა. ა–ას შორის ბინის შეძენასთან დაკავშირებულ საუბარს, თუმცა ვინაიდან ქართულ ენას არ ფლობს, ვერ გაიგო მისი შინაარსი (16:20:17). მოწმე თ. ა–ამ განაცხადა, რომ მამამისგან – ტ. ა–ასგან – შეიტყო, რომ ა. ა–ა დაუკავშირდა და შესთავაზა თ– მშენებარე კორპუსში განვადებით 45 000 აშშ დოლარად ბინის ყიდვა. ტ. ა–ა დასთანხმდა ა-ს შეთავაზებას, შეიძინა ბინა და სამ წელიწადში დაფარა ბინის განვადების საფასური, რომელსაც უგზავნიდა ა. ა–ას. პანდემიის დასრულების შემდგომ, ტ. ა–ა დაბრუნდა ს–ში. მას გადაწყვეტილი ჰქონდა შეძენილი ბინის გაყიდვა და შედარებით მცირე ფართის მქონე ბინის შეძენა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ტ. ა–ას მიერ შეძენილი უძრავი ქონება გაფორმებული ჰქონდა ა. ა–ას.

14.1. შესაბამისად, მოწმეები ბინის შეძენის პირობებთან დაკავშირებით ტ. ა–ასა და ა. ა–ას შორის შეთანხმების შემსწრენი არ არიან, შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);

15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

16. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ, ბრალდების დასადასტურებლად დაზარალებულის ჩვენების გარდა არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება/ები, რაც დაადასტურებდა, რომ მამა-შვილს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, სადავო ბინა უნდა ყოფილიყო ტ. ა–ას და არა – ა. ა–ას საკუთრება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს სადავო ბინის გარემონტების მიზეზთან/მოტივთან დაკავშირებით დაზარალებულის და მისი მეუღლის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობას, სადავო ბინის საფასურის გამართლებულისათვის გადახდის/გადარიცხვის დასრულებიდან ბინის მის სახელზე დარეგისტრირების მოთხოვნამდე გასულ დროის ხანგრძლივობას, აღნიშნულ პერიოდში ბინაზე საკუთრების საკითხთან დაკავშირებით დაზარალებულსა და გამართლებულს შორის შეთანხმების/უთანხმოების შესახებ რაიმე მტკიცებულების არარსებობას.

16.1. შესაბამისად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება (დაზარალებულის ჩვენება), რაც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ა. ა–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს გამართლებულის სასარგებლოდ.

17. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულს შესაძლო დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით/კერძოსამართლებრივი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში შეუძლია იდავოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

17.1. ისეთ შემთხვევებში ,,როდესაც მოპასუხის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან მოპასუხის მიმართ სახეზე არაა სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი შემაჯამებელი აქტი, აღნიშნული არ წარმოადგენს საერთო სასარჩელო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებას” (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის №ას-1122-2019 განჩინება).

18. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრის განაჩენზე, ა. ა–ას მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე