საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.09.2026
საქმის ნომერი
2კ-238აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №120100125011822783

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №238აპ-26 ქ. თბილისი

გ–ი პ., 238აპ-26 25 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1. პ. გ–ს, – პირადი ნომერი: ........., – ბრალად ედებოდა:

1.1.1. პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

1.1.1.1.პ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2025 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით, 23:20 საათზე, ქ. ა–ში ...... ქუჩაზე მდებარე ცენტრალური პარკის, სასტუმრო „ლ–სა“ და „...“ აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცთა ჯგუფმა დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ადგილზე შეკრებილ პირებზე ძალადობით, ყვირილით, გინებითა და ლანძღვით საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა გამოიწვია, რა დროსაც, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ადგილზე მივიდნენ შსს ს...ს პოლიციის დეპარტამენტის ....ს რაიონული სამმართველოს დეტექტივები – გ. მ–ე და რ. ჩ–ი, მოუწოდეს წესრიგის დაცვისაკენ და მოსთხოვეს დაშლა, თუმცა, ადგილზე მყოფი პ. გ–ი თავს დაესხა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით მისულ პოლიციელ გ. მ–ეს, კერძოდ, ხელკეტი ჩაარტყა თავის არეში. იგი წაიქცა და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხოლო უკვე წაქცეულ გ. მ–ეს მუცლის არეში ფეხი რამდენჯერმე დაარტყა ბ. ხ–ემ. გ. მ–ის ჯანმრთელობის დაზიანების გამო, გ. მ–ემ და რ. ჩ–მა შეწყვიტეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. რ. ჩ–მა გ. მ–ე, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაიყვანა ქ. ა–ს საავადმყოფოში.

1.2. ბ. ხ–ეს, – პირადი ნომერი: ..........., – ბრალად ედებოდა:

1.2.1. პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2.1.1. ბ. ხ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2025 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით, 23:20 საათზე, ქ. ა–ში .... ქუჩაზე მდებარე ცენტრალური პარკის, სასტუმრო „ლ....სა“ და „...“ აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცთა ჯგუფმა დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ადგილზე შეკრებილ პირებზე ძალადობით, ყვირილით, გინებითა და ლანძღვით საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა გამოიწვია, რა დროსაც, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ადგილზე მივიდნენ შსს ... პოლიციის დეპარტამენტის ა...ს რაიონული სამმართველოს დეტექტივები – გ. მ–ე და რ. ჩ–ი, მოუწოდეს წესრიგის დაცვისაკენ და მოსთხოვეს დაშლა, თუმცა, ადგილზე მყოფი პ. გ–ი თავს დაესხა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით მისულ პოლიციელ გ. მ–ეს, კერძოდ, ხელკეტი ჩაარტყა თავის არეში. იგი წაიქცა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო უკვე წაქცეულ გ. მ–ეს, როგორც პოლიციელს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბ. ხ–ემ და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყა ფეხი. გ. მ–ის ჯანმრთელობის დაზიანების გამო, გ. მ–ემ და რ. ჩ–მა შეწყვიტეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. რ. ჩ–მა გ. მ–ე, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაიყვანა ქ. ა...ს საავადმყოფოში.

2. ა–ს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ბ. ხ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ბ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 14000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის (2025 წლის 5 აგვისტოდან 2025 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით – 100 დღე) ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შემცირდა და საბოლოოდ, ბ. ხ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 4000 ლარი.

2.3. პ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.4. პ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 15000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის (2025 წლის 5 აგვისტოდან 2025 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით – 100 დღე) ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შემცირდა და საბოლოოდ, პ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

3. ა–ს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – თამარ ზურაბაშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა პ. გ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ბ. ხ–ის – საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, აგრეთვე – კანონიერი, სამართლიანი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.1. დაცვის მხარემ შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ა–ს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – თამარ ზურაბაშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთათვის კანონიერი, სამართლიანი და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 4 მაისის განჩინებით, ბრალდების მხარეს საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 დღე.

5.2. 2026 წლის 8 მაისს წარმოდგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრით, ბარლდების მხარემ მოითხოვა: გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, პ. გ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ბ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

5.3. დაცვის მხარემ შესაგებლით მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში – საჩივრის არდაკმაყოფილება და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/წინაპირობების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს და საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს, შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების დროს, დაზარალებულ გ. მ–ის მიმართ განხორციელდა ძალადობა და მან მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. მსჯავრდებულების განმარტებით, ისინი არ უარყოფენ ხელკეტისა და ფეხის მოქნევის ფაქტებს, თუმცა, გამორიცხავენ ამგვარი ქმედებების პოლიციელთა მიმართ ჩადენას – შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების გამო, მათთვის არ იყო აღქმადი დაზარალებულის ვინაობა და ამის შესახებ მხოლოდ შემდგომ შეიტყვეს.

9. გ. მ–ისა და რ. ჩ–ის განმარტებით, შემთხვევის დროს, მათ ეცვათ სამსახურებრივი უნიფორმის შავი მაისური, ზურგზე ქართულ ენაზე შესრულებული თეთრი წარწერით: „პოლიცია“, გ. მ–ე ყვიროდა, რომ იყო პოლიციელი. მოწმეთა ჩვენებებით, პ. გ–მა და ბ. ხ–ემ გ. მ–ეს, როგორც პოლიციელს, შეაგინეს, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

10. საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება, მათ შორის, პოლიციელზე თავდასხმაში პოლიციელის, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე – მათ შორის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, პოლიციელის, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება კავშირში უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის – პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან. სუბიექტური მხრივ, აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე განხორციელებულ ხელყოფას შორის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის №1086აპ-23 განაჩენი).

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეში არსებულ, შემთხვევის ადგილის ამსახველ ვიდეოკამერების ჩანაწერებს. კერძოდ, ანდრანიკ არუთუნიანისგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2025 წლის 4 აგვისტოს, 23:27:00 საათიდან ვიდეოკადრში ჩნდება პ. გ–ი, რომელიც გადმოდის ტროტუარიდან და გარბის საავტომობილო გზაზე. მას მოსდევენ აგრესიულად განწყობილი, დაპირისპირებაში მყოფი პირები. პოლიციის თანამშრომელი გ. მ–ე, რომელიც სირბილით მიდის პ. გ–თან დაპირისპირებაში მყოფ მოქალაქეებთან და ცდილობს მათ შეკავებას. გ. მ–ეს აცვია მუქი ფერის პოლიციის მაისური, შესაბამისი წარწერით. ვიდეოკადრში ჩანს, რომ პ. გ–ის მარჯვენა ხელში უჭირავს მუქი ფერის ჯოხის მსგავსი ნივთი, იქვე იმყოფება ბ. ხ–ეც და ორივე მათგანი გადიან ვიდეოკამერის მხედველობის არედან. პოლიციის თანამშრომლელი გ. მ–ე კი ცდილობს აგრესული მოქალაქეები ერთმანეთს არ მიუახლოვდნენ, ცდილობს მათ გაშველებას, დაწყნარებას.

11.1. შპს „გ. რ-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერისა და მისი დათვალიერების ოქმის თანახმად, 23:27:47 საათზე, კადრში ჩნდება ბ. ხ–ე და პ. გ–ი, რომლებიც მოძრაობენ საავტომობილო გზაზე. 23:27:51 სთაათზე კი, ვიდეოკამერის მხედველობის არეალში შემოდიან პოლიციის თანამშრომლები რ. ჩ–ი და გ. მ–ე. გ. მ–ეს უჭირს გადაადგილება, ხოლო რ. ჩ–ი მკლავში ხელის მოკიდებით ეხმარება გადაადგილებაში. პოლიციელების წინ ფეხით მოძრაობს პ. გ–ი. აღნიშნულ დროს, საავტომობილო გზაზე ასევე ფეხით მოძრაობენ პ. გ–თან ფიზიკურ დაპირისპირებაში მყოფი პირები და სხვა მოქალაქეები.

11.2. ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც გ. მ–ემ მიიღო დაზიანება და ის რ. ჩ–ს გაჰყავდა შემთხვევის ადგილიდან, იქვე, ახლოს მყოფ მსჯავრდებულებს არ უცდიათ მათთვის არც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და პოლიციელთა მიმართ არც აგრესიას გამოხატავდნენ.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, მწვავე კონფლიქტურ სიტუაციას (აგრესიულად განწყობილი პირთა ჯგუფი დაუპირისპირდა პ. გ–სა და ბ. ხ–ეს და დაედევნა მათ, მსჯავრდებულები იყვნენ უმცირესობაში და მოწინააღმდეგე მხარე ცდილობდა მათ დაზიანებას, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობდა დაპირისპირება), ქმედების ჩადენის ვითარებას (პ. გ–მა და ბ. ხ–ემ დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინიეს სწორედ იმ დროს, როდესაც მსჯავრდებულებს დაედევნენ აგრესიულად განწყობილი პირები), ასევე – შემთხვევის ადგილას მყოფი/დაპირისპირებაში მონაწილე პირთა რაოდენობის მიუხედავად, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და პოლიციელზე თავდასხმის მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელების დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულების არარსებობას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რ. ჩ–ის განმარტებას (მას და გ. მ–ეს უშუალოდ მსჯავრდებულებისათვის არ უთქვამთ, რომ იყვნენ პოლიციელები და გაჩერებულიყვნენ), გ. მ–ის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების მიღების შემდეგ, მისი გაყვანისას, მსჯავრდებულებს მათთვის სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება პ. გ–ისა და ბ. ხ–ის მიერ დაზარალებულ გ. მ–ის მიმართ დაზიანებების მიყენება პოლიციელის სამსახურებივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

13. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). ბრალდების მხარე კასატორი მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაციის ფარგლებში სასჯელის გამკაცრების დასაბუთებისათვის არ უთითებს რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ან არასწორად იყო შეფასებული გასაჩივრებულ განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და მიუთითებს სასჯელის უკანონობაზე/უსამართლობაზე.

14. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედებების ხასიათი, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა, რის შედეგადაც, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

15. „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები" (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).

16. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე