საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.10.2026
საქმის ნომერი
2კ-461აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.10.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124010620067

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №461აპ-26 ქ. თბილისი

გ. ე., 461აპ-26 8 ოქტომბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი პროკურორის ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ე. გ–ს, - პირადი ნომრით: ........., - ბრალად ედებოდა, ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით .

ე. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. თ–ში, ..... გამზირზე N...-ში მდებარე ....ს ავტოსადგურის (....) ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. გ–მა, ტელეკომპანია „.........“ ეთერში გასული სიუჟეტის გამო, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ძალადობის გამოყენებით, განახორციელა ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ – შ. ს–ის და ოპერატორ – ბ. პ–ის დევნა. კერძოდ: ე. გ–მა, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შ. ს–ს და ბ. პ–ს. ცემის შედეგად შ. ს–მა და ბ. პ–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.2. თ. ლ–ეს, – პირადი ნომრით: .........., – ბრალად ედებოდა: ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით .

თ. ლ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. თ–ში, ........ გამზირზე N..-ში მდებარე დ...ს ავტოსადგურის (...) ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. ლ–ემ, ტელეკომპანია “.........“ ეთერში გასული სიუჟეტის გამო, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ძალადობის გამოყენებით, განახორციელა ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ – შ. ს–ის და ოპერატორ – ბ. პ–ის დევნა. კერძოდ: თ. ლ–ემ, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შ. ს–ს და ბ. პ–ს. განხორციელებული ცემის შედეგად შ. ს–მა და ბ. პ–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის განაჩენით:

2.1. თ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;

2.2. ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ჯემალ ლომსაძემ. აპელანტი ითხოვდა ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით და თ. ლ–ისა და ე. გ–ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ჯემალ ლომსაძემ. კასატორი ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით და თ. ლ–სა და ე. გ–ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრას.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

8.1. კასატორი ითხოვს ე. გ–ისა და თ. ლ–ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას.

9. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველჰყოფს დამნაშავეთა რესოციალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას. მსჯავრდებულებს არ გამოუხატავთ რეალური სინანული დაზარალებულთა მიმართ (არ მომხდარა შერიგება).

9.1. კასატორი სასჯელის უკანონობას და დანიშნული სასჯელის გამკაცრების მოთხოვნას უკავშირებს ქმედების ხასიათს, მის ჩადენას საჯარო სივრცეში, დაზარალებულთა პროფესიული საქმიანობის სახეს (ჟურნალისტები) და მათ პოზიციას (არ არიან შერიგებულები მსჯავრდებულებთან და ითხოვენ მათ მკაცრ დასჯას), ზიანის არ ანაზღაურებას.

10. საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

11. საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადამიანის დევნისათვის, მათ შორის, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებული გარემოებები (დაზარალებულთა საქმიანობის სახე, ძალადობის მიზეზი და მოტივი, დანაშაულის ჩადენის ხერხი) წარმოადგენს მსჯავრდებულებისათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის შემადგენლობით მოცულ გარემოებებს და ასახულია ე. გ–სა და თ. ლ–ის ქმედების კვალიფიკაციაში. იმავდროულად, სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ (გასაჩივრებული განაჩენით) გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნები და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, დანაშაულის ხასიათი (ძალადობრივი დანაშაული, ჩადენილი ორი პირის მიერ, მიმართული ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის წინააღმდეგ), დანაშაულის ჩადენის ხერხი (ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმა), ვითარება (ფიზიკური ძალადობა განხორციელდა საჯარო სივრცეში), დანაშაულის კატეგორია (განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული) და ე. გ–სა და თ. ლ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა.

11.1. ე. გ–ისა და თ. ლ–ის მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლისას, სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულების აღიარება და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა (რითიც ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას).

11.1.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის არსს, მისი დაწესების მიზანს და მისი დარღვევის სამართლებრივ შედეგებს.

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). პატიმრობის ultima racio ხასიათიდან ,,ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).

13. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება (რაზეც ასევე უთითებს კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში) წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22; 2024 წლის 10 ივლისის 36აპ-24; 2024 წლის 17 ივლისის N500აპ-22).

14. რაც შეეხება დაზარალებულთა პოზიციებს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).

16. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი არ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე/ინფორმაციაზე, რაც არ იყო შეფასებული/გათვალისწინებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის ზომის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან მის შეუსაბამობას.

17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი პროკურორის ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 მარტის განაჩენზე ე. გ–ისა და თ. ლ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე