საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100123007073125
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №498აპ-26 ქ. თბილისი
ა. ლ., 498აპ-26 7 ოქტომბერი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ – მთვარისა შველიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ა–ს, – პირადი ნომერი: N………, – ბრალად ედებოდა:
1.1. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.1.1. ლ. ა–ს მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლ. ა–, მ. ა–სთან და ლ. შ–ასთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ერთიანი მიზნითა და განზრახვით, 2021 წლის 8 თებერვალს, ქალაქ რ–ში, თ–ს ქუჩა N….-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, მოტყუებით დაეუფლა ნ. წ–ის კუთვნილ დიდი ოდენობით – 23904 ლარის – ფულად თანხას და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. კერძოდ, ლ. შ–ას ინიციატივით, ლ. ა–სა და ნ. წ–ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით და ნ. წ–ს 23904 ლარის სანაცვლოდ გადაეცა ლ. ა–ს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ზ–ს მუნიციპალიტეტში, სოფელი ჩ–ა, საკადასტრო კოდით: ………, დაზუსტებული ფართობი: 670 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N.., საერთო ფართით: 107,62 კვ.მ. გამოსყიდვის ვადად განისაზღვრა 6 თვე და თუ გამყიდველი, ლ. ა– ამ ვადაში არ ისარგებლებდა გამოსყიდვის უფლებით, მყიდველს, ნ. წ–ს ენიჭებოდა უფლება ცალმხრივი განცხადებით მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის და მოეთხოვა შეზღუდვის მოხსნა. გამყიდველების – ლ. ა–ს, ლ. შ–ას და მ. ა–ს განმარტებით, ნასყიდობის საგანი არ იყო სადავო და მესამე პირს არ შეიძლება რაიმე პრეტენზია ჰქონოდა ნასყიდობის საგანთან. ლ. ა–მ, ლ. შ–ამ და მ. ა–მ ნასყიდობის საგანთან მიმართებაში მოატყუეს ნ. წ–ი და ანახეს სხვა, უფრო ძვირადღირებული სახლის ფოტოები და ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმებინეს იმ უძრავ ქონებაზე, რომელის ღირებულებაც იყო უფრო ნაკლები, – 13 000 ლარი. ამავე დროს, დაუმალეს უძრავი ქონების უფლებრივი ნაკლი, – აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, წინა მესაკუთრეს, მ. ფ–ს ჰქონდა პრეტენზია. ლ. ა–მ არ ისარგებლა გამოსყიდვის უფლებით, რის გამოც ნ. წ–ს 23904 ლარის სანაცვლოდ საკუთრებაში დარჩა 13 000 ლარად შეფასებული სხვა უძრავი ქონება, რომელთან მიმართებაშიც, მესამე პირს აქვს პრეტენზია. ლ. ა–ს ქმედებით ნ. წ–ს მიადგა დიდი ოდენობით – 23904 ლარის – ქონებრივი ზიანი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ლ. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 2000 ლარი.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მთვარისა შველიძემ. აპელანტმა მოითხოვა ლ. ა–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 აპრილის განაჩენით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის – მთვარისა შველიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
4.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 დეკემბრის განაჩენში, მსჯავრდებულ ლ. ა–ს მიმართ, შევიდა ცვლილება:
4.1.1. ლ. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 2000 ლარი;
4.1.2. ცნობად იქნა მიღებული, რომ ლ. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმებული იყო. იმავდროულად, განისაზღვრა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
4.1.3. ლ. ა–ს საქართველოს სსსკ-ის 1657-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა საქართველოდან გასვლა.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მთვარისა შველიძემ. კასატორი ითხოვს ლ. ა–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 32-ე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში.
10.1. შესაბამისად, დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ ლ. ა–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.
12. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
13. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნის დასაბუთებისთვის კასატორი უთითებს მხოლოდ – ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე, ლ. ა–ს პიროვნებაზე და სამართალწარმოების მიმართ მის დამოკიდებულებაზე, ასევე – დაზარალებულის პრეტენზიაზე.
13.1. კასატორის აღნიშნული მითითება, დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ უთითებს კონკრეტულად რას გულისხმობს ლ. ა–ს ,,პიროვნებაში“, მის რომელ პიროვნულ მახასიათებელს ან/და მის მიერ ნაგულისხმევი მახასიათებელი, როგორ ადასტურებს დანიშნული სასჯელის უკანონობას. ანალოგიურად, გაუგებარია სამართალწარმოების მიმართ მსჯავრდებულის რომელ/როგორ დამოკიდებულებას გულისხმობს კასატორი და აღნიშნული რატომ ადასტურებს სასჯელის უკანონობას. კასატორი ასევე არ აზუსტებს რას გულისხმობს ,,ჩადენილი დანაშაულის ხასიათში“, რის საფუძველზე ითხოვს სასჯელის გამკაცრებას.
13.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს სწორედ მოტყუებით დაზარალებულის კუთვნილი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის ხასიათი და მიყენებული ზიანის ოდენობა უკვე მოცულია დანაშაულის შემადგენლობით.
14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული, რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (მაგალითად, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).
15. იმავდროულად, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება (რაზეც ასევე უთითებს კასატორი საკასაციო საჩივარში) წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22; 2024 წლის 10 ივლისის №36აპ-24, 2024 წლის 17 ივლისის №500აპ-22).
16. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლზე, თუმცა სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება/არგუმენტი, რომელიც არ იყო ანდა არასწორად იყო შეფასებული გასაჩივრებულ განაჩენში და თავისთავად ანდა საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მიუთითებს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის უკანონობაზე/უსამართლობაზე, მის შეუსაბამობაზე პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.
17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ა– აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, უდავო გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, ჯარიმა;
17.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – ჯარიმა – განსაზღვრა per se არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 14 აპრილის №1142აპ-25, 2025 წლის 1 აგვისტოს №383აპ-25 განჩინებები).
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება”. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ .... ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). „აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
19. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
20. იმავდროულად, გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულ საქართველოს სსსკ-ის 1657-ე მუხლის საფუძველზე ლ. ა–ს მიერ, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურებამდე, საქართველოდან გასვლის აკრძალვასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
20.1. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონის თანახმად, საჭირო აღარ არის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე მითითება. კერძოდ, აღნიშნული კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის სწრაფი და ეფექტური ანაზღაურებისთვის მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა ეკისრება „სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე“.
21. , წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
22. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ – მთვარისა შველიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 აპრილის განაჩენზე, ლ. ა–ს მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე