დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w №ას-2-2-2012 15 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – პ. ლ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. ლ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ლ-ასა და ი. ა-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით პ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 22 სექტემბერს ჟ. ლ-ასა და ი. ა-ს შორის ქ.ქუთაისში, დეპოს ქუჩა №11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც გაასაჩივრეს ი. ა-მა და ჟ. ლ-ამ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, ჟ. ლ-ას და ი. ა-ს უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ჟ. ლ-ასა და ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წ ლის 17 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე პ. ლ-ას სარჩელზე შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
პ. ლ-ამ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჟ. ლ-ას და ი. ა-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ი. ა-ს ჩაბარდა 2011 წლის 9 აგვისტოს, თუმცა მოპასუხეებს სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ. 2011 წლის 17 აგვისტოს სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
2011 წლის 18 აგვისტოს ი. ა-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და განუმარტა, რომ შესაგებელს ვერ წარადგენდა საპატიო მიზეზით.
ჟ. ლ-ა არის მძიმე ავადმყოფი, არ შეუძლია გადაადგილება ამჟამად კი იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია და იგი უნდა გაუქმდეს, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარისათვის საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებაში.
ჟ. ლ-ა იყო მძიმედ ავად. შესაგებლის წარდგენისათვის განსაზღვრულ პერიოდში იგი უჩიოდა მხედველობის ძლიერ დაქვეითებას, დამოუკიდებლად ვერ ჭამდა, არ შეეძლო გადაადგილება, საჭიროებდა მომვლელსა და ექვსი თვის განმავლბაში იყო მწოლიარე ავადმყოფი.
პალატის მოსაზრებით, ეს გარემოება, უდავოდ შეუშლიდა ხელს ჟ. ლ-ას სარჩელზე შესაგებლის წარდგენაში.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ი. ა-ი და ჟ. ლ-ა ერთად ცხოვრობენ, იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა და იღებენ საარსებო შემწეობას. მათთან ერთად ცხოვრობენ 1949 წელს დაბადებული მაყვალა ლ-ა და 1985 წელს დაბადებული გოჩა ა-ი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან ჟ. ლ-ა საჭიროებდა მომვლელს, სავარაუდოა, რომ მას უვლიდა სწორედ ი. ა-ი, რასაც შეეძლო, ხელი შეეშალა მისთვის შესაგებლის დროულად წარდგენაში. აღნიშნულის თაობაზე 2011 წლის 18 აგვისტოს განცხადებაში მიუთითა კიდეც აპელანტმა. ამ დროს მას დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარებული არ ჰქონია და, შესაბამისად, მისი გამოტანის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა. რაც ნიშნავდა, რომ არსებითად აპელანტმა სასამართლოს სთხოვა საპროცესო ვადის აღდგენა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განჩინებით მოპასუხეებს შესაგებლის წარდგენისათვის განესაზღვრათ 5 დღე. ეს განჩინება ი. ა-მა ჩაიბარა 2011 წლის 9 აგვისტოს და იმის გათვალისწინებით, რომ 2011 წლის 14 აგვისტო იყო კვირა, მოპასუხეებს შესაგებლის სასამართლოსათვის წარდგენა შეეძლოთ 2011 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. ი. ა-მა სასამართლოს განცხადებით მიმართა 2011 წლის 18 აგვისტოს, საპროცესო ვადის გასვლიდან 3 დღეში. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შეეძლო, გამოეწვია საპროცესო ვადის ამგვარი დარღვევა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა დაარღვიეს საპატიო მიზეზით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება პ. ლ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოპასუხეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 78-ე მუხლების საფუძველზე ჩაბარდათ სარჩელი და განესაზღვრათ ვადა მასზე შესაგებლის წარმოდგენისათვის. დადასტურებულია ისიც, რომ აღნიშნულ ვადაში მხარეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ, არც მიუმართავთ სასამართლოსთვის შესაგებლის ვადის გაგრძელების ან საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის მოთხოვნით. ასევე დადასტურებულია ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უცნობი იყო შესაგებლის წარდგენისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობა, რადგან ასეთი მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ.
აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და 241-ე მუხლზე დაყრდნობით დასაბუთებულად მიიჩნია, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა, რომელმაც მხარეს ხელი შეუშალა საპროცესო მოქმედების შესრულებაში, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვტილება გაუქმდა.
ზემოაღნიშნულიდან ირკვევა, რომ სასამართლო, ერთი მხრივ, ადასტურებს მხარის მიერ დაუძლეველი ძალის ან სხვა ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ რაიმე მტკიცებულების წარდგენას, ხოლო იმავდროულად დაუსაბუთებლად აუქმებს კანონის დაცვით მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რადგან სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო ასეთი გარემოების შესახებ. მართალია, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ის, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების უკანონოდ გაუქმების საფუძველი გახდა.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია შესაგებლის წარდგენის დროს მოპასუხე ჟ. ლ-ა მძიმე ავადმყოფად, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნდა. პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ასაკის და ავადმყოფობის მიუხედავად, ჟ. ლ-ა საკმაოდ კარგად აზროვნებდა, რადგან დასაბუთებული და არგუმენტირებული წერილით მიმართა სასამართლოს დავის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. აღნიშნული კი, იმთავითვე გამორიცხავდა ჟ. ლ-ას პირველი ინსტანციაში საქმის გნხილვისას კომატოზურ მდგომარეობაში ყოფნისა და შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის ფაქტებს.
სააპელაციო სასამართლო ტენდენციურია ი. ა-ის მიმართ. საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა. ის გარემოება, რომ იგი ჟ. ლ-ასთან ერთად ცხოვრობდა, უვლიდა მოხუცებულს და სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებოდა, არ ადასტურებს შესაგებლის წარდგენაში ხელშეშლას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეებთან ერთად სახლში კიდევ ცხოვრობდა ორი სრულწლოვანი ადამიანი, რომელთაც ასევე შეეძლოთ მოხუცებულის მოვლა. ამდენად, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ი. ა-ს მოხუცებული ჟ. ლ-ას ერთადერთ მომვლელად.
სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია არც ერთი საპროცესო ნორმის დარღვევაზე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული გადაწყვეტილების მიღების დროს დაუშვა ან შეეძლო დაეშვა, რადგან ასეთი არ არსებობდა. გადაწყვეტილების მიღების დროს პალატა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დაეყრდნო მხოლოდ პირად მოსაზრებებს, რის გამოც გადაწყვეტილებაც დაუსაბუთებულია და მისი სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით პ. ლ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა პ. ლ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ პ. ლ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზ. და პ. ლ-ების მიერ გადახდილი 2250 ლარის 70% – 1575 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ პ. ლ-ას (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) 2012 წლის 18 იანვარს №4801088 სალაროს შემოსავლის ორდერითა და 2012 წლის 9 თებერვალს №4860621 სალაროს შემოსავლის ორდერით პ. და ზ. ლ-ების მიერ გადახდილი 2250 ლარის 70% – 1575 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.