დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-471 13 ოქტომბერი 2000 წელი, ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. წიქვაძე
მოსამართლეები: დ. ხელაია, მ. გოგიშვილი
განიხილა შპს ,,უ-ს” კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 15 მაისის და 19 ინისის განჩინებაზე, საქმეზე სს ,,.. ..-ის” განცხადების გამო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1996 წლის 6 მაისს სს ,,.. ..-სა” და შპს ,,ქ-ს” შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,ქ-მა” ,,.. ..-დან” კრედიტის სახით მიიღო 320000 ამერიკული დოლარი. საკრედიტო დავალიანება და მასზე რიცხული პროცენტები შპს ,,ქ-ს” უნდა დაეფარა 1999 წლის 6 აგვისტომდე. კრედიტის მოთხოვნის უზურუნველსაყოფად სს ,,.. ..-სა” და შპს ,,უ-ს” შორის 1999 წლის 6 მაისს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,უ-ს” უძრავი ქონება. შპს ,,ქ-მა” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც 1999 წლის 14 სექტემბერს სს ,,.. ..-ს” წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა 1999 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანების – 365 389.99 აშშ დოლარის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 1999 წლის 15 ნოემბერს დაამტკიცა მხარეთა მორიგება, რომლითაც შპს ,,ქ-ს” ,,.. ..-ს” სასარგებლოდ დააკისრა განაწილვადებით 343 354.72 დოლარი დავალიანების და 53087.07 დოლარი საურავის გადახდა. ამასთან სს ,,.. ..” სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა.
შპს ,,ქ-მა” დაარღვია სასამართლო კოლეგიის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები, რის გამოც კრედიტორმა განცხადებით მიმართა იმავე სასამართლოს და მოითხოვა აღსრულების საშუალების და წესის შეცვლა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2000 წლის 15 მაისის განჩინებით დააკმაყოფილა სს ,,.. ..” განცხადება შეცვალა ამავე სასამართლოს 1999 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი აღსრულების საშუალება და წესი და დაადგინა: ,,აღსრულება მიექცეს 1999 წლის 6 მაისის იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ ქონებაზე – მდებარე ...¹44/35-ში, არასაცხოვრებელი ფართი 95კვ.მ; ... ¹70-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 67/1838 და 55/18386 წილი, ...Q. ¹2-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 149 კვ.მ …... ქ. ¹7-ში მდებარე 18 000 კვ.მ მიწის ფართობი, 149 კვ.მ. …...Qქ. ¹7-ში მდებარე 18 000 კვ.მ. მიწი ფართობი, ნივთების ღირებულება იპოთეკის ხელშეკრულებით შეადგენს 320 000 დოლარს.”
მითითებული განჩინების გაუქმების თაობაზე შპს ,,უ-მა” იმავე სასამართლოს მიმართა კერძო საჩივრით, რომელმაც 2000 წლის 19 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა საჩივარი და საქმე გადმოგზავნა უზენაეს სასამართლოში.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის ზემოთ აღნიშნული განჩინება, რომლითაც შეიცვალა აღსრულების საშუალება და წესი უკანონოა და მოითხოვს მის გაუქმებას შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: შპს ,,ქ-სა” და სს ,,.. ..” შორის დადებული საკრედიტო ხელსეკრულების 1.1 მუხლის თანახმად კრედიტორი გასცემს მსესხებელზე 200000 ამერიკულ დოლარს, რაზედაც შპს ,,უ.” დაუდგა თავდებად შპს ქ-ს. სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის შესაბამისად თავდების ვალდებულებისათვის განსაზღვრულია შესაბამისი ძირითადი ვალდებულებების არსებობა. შპს ,,უ.” არ არის პასუხისმგებელი იმ ვალდებულებებზე, რომელიც შპს ,,ქ-მა” იკისრა სს ,,.. ..-სთან” გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით. სასამართლომ კი მოვალის მიერ აღებულ კრედიტზე მთლიანად პასუხისმგებლობა დააკისრა თავმდებს, რითაც დაარღვია 893-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის სამართლებრივ საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტება და თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 15 მაისისა და 19 ივნისის განჩინებები უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შპს ,,ქ-სა” და სს,,.. ..-ს” შორის 1999 წლის 6 მაისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით კრედიტორმა სს ,,.. ..-მ” შპს ,,ქ-ს” კრედიტის სახით მისცა 200.000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნვლესაყოფად შპს ,,უ-მ” იპოთეკით დატვირთა თავისი ქონება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 320.000 აშშ დოლარს, რის შესახებაც გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება სს,,.. ..-ს” და შპს ,,უ-ს” შორის.
დადგენილია, რომ შპს ,,ქ-სა” და სს ,,.. ..” შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება უზურნველყოფილი იქნა სს,,.. ..-სა” და შპს ,,უ-ს” შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით. მითითებული იპოთეკა, თავისი შინაარსით, არაა საგარანტიო იპოთეკა, რადგანაც იგი მკაცრად აქცესუალურ ხასიათს არ ატარებდა. ამასთან კრედიტორის უფლება მესაკუთრის მიმართ მხოლოდ მოთხოვნის შინაარსით არ განისაზღვრებოდა და მოთხოვნის ოდენობა, რომლის უზურნველსაყოფადაც დადგინდა იპოთეკა, უზურნველყოფის სავარაუდო და მაქსიმალურ ფარგლებს კი არ განსაზღვრავდა, არამედ განსაზღვრავდა პასუხისმგებლობის ფარგლებს კრედიტის ოდენობის ფარგლებში. ამასთან საჯარო რეესტრში მითითებული არ იყო, რომ აღნიშნული იპოთეკა იყო საგარანტიო, რის გამოც იგი ვერანაირად ვერ მიიჩნეოდა საგარანტიო იპოთეკად და ატარებდა ჩვეულებრივი იპოთეკის ხასიათს.
აქედან გამომდინარე, მითითებულ რეესტრში შეტანილი იპოთეკით დატვირთული ქონების მაქსიმალური ღირებულებით კი არ მოხდებოდა ვალდებულების უზრუნველყოფა არამედ იმ ფარგლებში, რომლის უზრუნველყოფის გამოც დაიდო იგი მხარეებს შორის. ე.ი სახეზე იყო ჩვეულებრივი იპოთეკა. ამასთან საგარანტიო იპოთეკისგან განსხვავებით მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით.
ჩვეულებრივი იპოთეკის დროს უპირატესობა ენიჭება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იპოთეკას და მოთხოვნის შემძენის უფლებები ამ რესტრის მიხედვით განისაზღვრება.
სამოქალაქო კოდექსის 293-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად იპოთეკის ფარგლებს წარმოადგენს მოთხოვნა (ანუ ვალი) და მისი პროცენტები სასამართლო ხარჯების ჩათვლით. მოთხოვნა, თუ კი იგი იპოთეკით არ არის უზრუნველყოფილი, ან იპოთეკის რეგისტრაცია ბათილია, ვალდებულებას არ წარმოშობს. სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის შესაბამისად თუ მოვალე გააჭიანურებს იმ მოთხოვნის დკმაყოფილებას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც იპოთეკაა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც სს ,,.. ..” და შპს ,,უ-ს” შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით უზურნველყოფილი იყო სს,,.. ..” მიერ შპს ,,ქ-ზე” გაცემული კრედიტი 200.000 აშშ დოლარის ფარგლებში, მოვალემ შპს ,,ქ-მა” გააჭიანურა ვალის დაბრუნება. იპოთეკარს, ამავე დროს კრედიტორს, ანუ სს ,,.. ..” შეეძლო მესაკუთრისაგან მოეთხოვა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია იმ თანხის (პროცენტების და სასამართლო ხარჯების ჩათვლით) ფარგლებში, რომლის უზურნველსაყოფადაც გაფორმდა მითითებული იპოთეკის ხელშეკრულება. საოლქო სასამართლოს არ შეეძლო გაცდენოდა იპოთეკის ფარგლებს და შპს ,,უ-სათვის” დაეკისრებინა პასუხისმგებლობა შპს ,,ქ-ის” სხვა ვალებზე, რომელიც უზურნველყოფილი არ იყო იპოთეკით და არც რაიმე ვალდებულება უკისრია ან გარანტია მიუცია მის გადახდაზე შპს ,,უ-ს”
საოლქო სასამართლომ როცა შპს ქ-სათვის” გადასახდელად დაკისრებული 388 441.79 დოლარის გადახდაზე მთლიანი პასუხისმგებლობა დააკისრა შპს ,,უ-ს”, დაარღვია სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის წამომადგენლის შეპასუხებას მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების მომენტში მოქმედი ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 17.4 მუხლის მოთხოვნებს, რომლითაც თუ ერთი საწარმოს ხელში აღმოჩნდება საქართველოში მდებარე სხვა საწარმოს წილთა სულ ცოტა სამოცდათხუთმეტ პროცენტზე მეტი, ძირითადი საწარმო პასუხს აგებს არაძირითადი საწარმოს ან მესამე პირთა წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც გამოწვეულია გარიგებით ან სხვა ღონისძიებებით, სასამართლო კოლეგიის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს კანონის შეფარდების საკითხი გადაწყდება იმ კანონით, რომელიც მოქმედებს, ამათუ იმ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის გადაწყვეტის დროს. ,,მეწამრეთა შესახებ” კანონის მოქმედების უკუქცევითი ძალის გამოყენების თუ აკრძალვის შესახებ, ამიტომ საკითხი უნდა გადაწყდეს დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად. ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 17.4 მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება. დღეს მოქმედი 17.4 მუხლის თანახმად ,,თუ ერთი საწარმოს ხელში აღმოჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვა საწარმოში ხმის უფლების მქონე წილთა 75%-ზე მეტი, ძირითადი საწარმო პასუხს აგებს არაძირითადი საწარმოს წინაშე მათ შორის დადებული გარიგებებით განზრახ მიყენებული ზიანისათვის.
მართალია შპს ,,უ.” შპს ,,ქ-ის” წილის 100%-ის მესაკუთრეა, მაგრამ იგი არ აგებს პასუხს შპს ,,ქ-ის” იმ ვალებზე, რომელიც არ არის გამოწვეული მათ შორის დადებული გარიგებით განზრახ მიყენებული ზიანისათვის. განზრახ ზიანის მიყენება კი საოლქო სასამართლო დასაბუთებული არ აქვს.
საკასაციო კოლეგია თვლის, რომ საოლქო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტის დროს უნდა გამოიყენოს საქმის განხილვის მომენტისათვის არსებული ნორმა.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,უ-ს” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 15 მაისის და 19 ივნისის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.