დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/736 22 ნოემბერი 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ბ. კობერიძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროფკავშირული ორგანიზაციის წევრთა 1998 წლის 13 აპრილის კრების ოქმის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 18 მაისის ¹31 ბრძანებით, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მოქალაქეებისა და იმიგრაციიის დეპარტამენტის მრჩეველი ქ. ა-ა განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ქ. ა-ს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სასარჩელო განცხადება სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 იანვრის განჩინებით რიაონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
2000 წლის აპრილში ქ. ა-მ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროფკავშირული ორგანიზაციის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი პროფკავშირის წევრთა 1998 წლის 13 აპრილის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ არასწორად იქნა მიცემული თანხმობა სამუშაოდან მის გათავისუფლებაზე.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ა-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 9 აგვისტოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენელი ი. ნ-ი სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 255-ე მუხლები, ,,პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1998 წლის 18 მაისის ¹31 ბრძანებაში ქ. ა-ს სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლად არ არის მითითებული სამინისტროს პროფკავშირული ორგანიზაციის წევრთა 1998 წლის 13 აპრილის კრების ოქმზე. ოქმის ბათილად ცნობა ვერ მოახდენს რაიმე გავლენას სამუშაოდან განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტაზე, რის გამოც მოსარჩელეს არ შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ოქმის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების მოქმედებისა და გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო ასეთ მოქმედებას ან გადაწყვეტილებას აღიარებს არაკანონიერად, ავალებს შესაბამის ორგანოსა თუ თანამდებობის პირს დააკმაყოფილოს მოქალაქის მოთხოვნა, აუქმებს მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებას ან სხვა გზით აღადგენს მის დარღვეულ თუ სადავო უფლებასა და თავისუფლებას.
ქ. ა-ა სასარჩელო განცხადებაში არ მიუთითებს, რა გზით უნდა აღადგინოს სასამართლომ მისი დარღვეული თუ სადავო უფლება და თავისუფლება.
თუ ქ. ა-ა თვლიდა, რომ საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს პროფკავშირულმა ორგანიზაციამ დაარღვია მისი უფლებები, რასაც შედეგად მოჰყვა სამუშაოდან არაკანონიერად გათავისუფლება, ამის თაობაზე შეეძლო ედავა სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით სასარჩელო განცხადების განხილვის პროცესში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობდა ქ. ა-ს აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
საქმის გარემოებების სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სარეზოლუციო ნაწილი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროფკავშირული ორგანიზაციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 აგვისტოს განჩინება.
ქ. ა-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება