კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#as-660-619-2010 ას-986-1020-2011 2 აპრილი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ლ. ბ-ე, მ. ე-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ლ. ბ-ემ და მ. ე-ემ მოპასუხე ქ. ქ-ის, მესამე პირის _ გ. ქ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ.თბილისში, რ-ის დაღმართის №4-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კუთვნილი 25/64 ნაწილის გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონების მათთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა (ტომი I, ს.ფ. 1-9, 24-32).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ისა და მ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, რ-ის დაღმართის №4-ში მდებარე უძრავი ქონების 25/64 ნაწილი გამოთხოვილ იქნა ქ. ქ-ის უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცათ მესაკუთრეებს _ ლ. ბ-ეს და მ. ე-ეს (ტომი I, ს.ფ. 64-65).
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 79-87).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო. მორიგების პირობების თანახმად, ქ. ქ-ი მ. ე-ეს და ლ. ბ-ეს საკუთრების უფლებით გადასცემს საცხოვრებელ ბინას, რომელსაც წარმოადგენს თბილისში, დიღმის მე-6 კვარტლის მე-13 კორპუსში მდებარე ბინა 36. დასახელებული ბინის მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში აღირიცხებიან ლ. ბ-ე და მ. ე-ე; ლ. ბ-ე და მ. ე-ე ქ. ქ-ს საკუთრების უფლებით გადასცემენ თბილისში, რ-ის დაღმართის №4-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 25/64 ნაწილს. დასახელებული ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხება ქ. ქ-ი; ქ. ქ-ი საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე, მ. ე-ეს გადასცემს 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს (ტომი II, ს.ფ. 57-60).
2011 წლის 14 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ქ. ქ-მა, რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლის განმარტებით, მორიგების აქტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამონაწერის აღების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბინა, რომელიც უფლებრივად უნაკლო ბინაში გაუცვალა ლ. ბ-ესა და მ. ე-ეს, დატვირთული ყოფილა იპოთეკით ს. მ-ას სასარგებლოდ. განმცხადებელმა მანამდე არ იცოდა ბინის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებასა და მორიგების აქტში არ არის ნახსენები ს. მ-ას იპოთეკის უფლების შესახებ, სასამართლომ მორიგება დაამტკიცა რამდენიმე თვის წინ აღებული საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე. სასამართლომ არ მოითხოვა მორიგების საგანზე (ბინაზე) ამონაწერი, სასამართლო პროცესზე შედგენილ მორიგების აქტს დაეყრდნო dა დაამტკიცა. მორიგების აქტით ქ. ქ-ი მოტყუებული დარჩა (ტომი III, ს.ფ. 4-12).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით ქ. ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინება და საქმეზე განახლდა წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველ ნაწილის „ვ¬ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მითითებულ იქნა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. კერძოდ, ქ. ქ-ისათვის მორიგების აქტის შედგენის დროს ცნობილი არ იყო იპოთეკის ჩანაწერის არსებობის თაობაზე, რაც გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ თბილისში, რ-ის დაღმართის №4-ში მდებარე უძრავ ქონებაზე გარკვეული დროის განმავლობაში საჯარო რეესტრის ჩანაწერში გაუქმებული იყო ს. მ-ას იპოთეკა, რომელიც აღდგენილ იქნა სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 12 ოქტომბრის №260608 გადაწყვეტილებით, უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2010 წლის 29 ოქტომბერი.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მორიგების აქტი სასამართლოში წარდგენილ და დამტკიცებულ იქნა 2010 წლის 3 ნოემბერს. შესაბამისად, იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან, მორიგების აქტის დამტკიცებამდე გასულმა დროის მცირე ინტერვალმა სასამართლოს შეუქმნა შინაგანი რწმენა იმისა, რომ ქ. ქ-ისათვის ცნობილი არ იყო თბილისში, რ-ის დაღმართის №4-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს. მ-ას იპოთეკის არსებობის თაობაზე. აღნიშნული გარემოება დადასტურდა იმ მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მორიგების პროცესში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ქ-ის განცხადება საქმეზე წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (ტომი III, ს.ფ. 140-142).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ლ. ბ-ემ და მ. ე-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქ. ქ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კერძო საჩივრის თანახმად, ინიციატივა მორიგების შესახებ მოდიოდა ქ. ქ-ისგან. მას შეეძლო და ეკისრებოდა კიდეც მოვალეობა, წარედგინა სასამართლოსათვის ინფორმაცია უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ, რაც არ განუხორციელებია. ქ. ქ-მა არ მოიპოვა არანაირი მტკიცებულება უძრავი ნივთის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, მით უფრო იმ დროს, როდესაც ს. მ-ა მას დაჟინებით სთხოვდა არა სესხის ძირითად თანხას (10000 აშშ დოლარს), არამედ 22000 აშშ დოლარს იპოთეკის გაუქმების პერიოდშიც. შესაბამისად, უძრავ ნივთზე ინფორმაციის მოპოვება უნდა ყოფილიყო ქ. ქ-ის ინტერესებში.
კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, ქ. ქ-ს სადავოდ არ გაუხდია 2010 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, რისი უფლებაც ჰქონდა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას შეეძლო სადავოდ გაეხადა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, ქ. ქ-ი დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას.
კერძო საჩივრის ავტორები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, რადგან საჯარო რეესტრში ცვლილება განხორციელდა მორიგების აქტის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამიტომ ქ. ქ-მა იპოთეკის შესახებ არ იცოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც საქმის წარმოების დასრულებამდე მხარეს შეეძლო მოეპოვებინა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი (ტომი III, ს.ფ. 153-154).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ისა და მ. ე-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში.
აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის ’’ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ზემოაღნიშნული ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და, მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად და, შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს იმას, რომ მორიგების აქტის დამტკიცების დროს მისთვის ცნობილი არ იყო მორიგების აქტით გადაცემულ ქონებაზე ს. მ-ას იპოთეკის არსებობის თაობაზე და მხოლოდ მორიგების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს გაიგო აღნიშნულის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმცხადებლის მოსაზრებას საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობის თაობაზე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, იგი ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს (მორიგების აქტის დამტკიცებისას) თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი თავად განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის გადამოწმების ვალდებულება ორივე მხარეს ჰქონდა და ორივე მხარის ბრალია, რომ ეს ინფორმაცია არ გადამოწმდა. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ იგი ენდო მოწინააღმდეგე მხარეს და არ გადაამოწმა რეესტრის ჩანაწერი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 3, ს.ფ. 84-85, 89). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების აქტით გადასაცემი უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის საჯარო რეესტრში გადამოწმების ვალდებულება განმცხადებელს გააჩნდა, ვინაიდან იგი დაინტერესებული იყო ამ ქონების მისთვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემით. შესაბამისად, განმცხადებელს უნდა გამოეჩინა წინდახედულება და მორიგების აქტის დამტკიცებამდე შეემოწმებინა რეესტრის ჩანაწერი. გადამოწმების შემთხვევაში იგი ადვილად დარწმუნდებოდა მისთვის გადასაცემი ქონების უფლებრივი ნაკლის არსებობაში და არ დათანხმებოდა მორიგების აქტს ან დათანხმებოდა სხვა პირობებით. რაც შეეხება საჯარო რეესტრში იპოთეკის აღდგენის მომენტიდან (2010 წლის 29 ოქტომბერი) გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე (2010 წლის 3 ნოემბერი) გასული დროის სიმცირეს, ამ უკანასკნელს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან განმცხადებელს შეეძლო არ დათანხმებოდა მორიგების აქტს, ვიდრე არ გადაამოწმებდა მისთვის გადასაცემი უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობას საჯარო რეესტრში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც ამ განჩინების გაუქმების საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ’’ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებისათვის, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ისა და მ. ე-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ქ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. ქ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო მ. ე-ის და ლ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ტომი 3, ს.ფ. 25-29). გარდა ამისა, ამავე სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განჩინებით ქ. ქ-ის შუამდგომლობის საფუძველზე შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინების აღსრულება (ტომი 3, ს.ფ. 66-70).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა ქ. ქ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, ამიტომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ბ-ისა და მ. ე-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინება;
3. ქ. ქ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ. ე-ის (პირადი #...) და ლ. ბ-ის (პირადი #...) სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, რომლის მახასიათებლებია: ზონა თბილისი, სექტორი დ., კვარტალი 03, ნაკვეთი 033/006, კოდი 01/036, ქალაქი თბილისი, მასივი დ-ი, კვარტალი VI, კორპუსი 13, ბინა 36, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...);
5. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინების აღსრულება;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.