დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 11.06.2012
საქმის ნომერი
ა-2330-შ-50-2012
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
11.06.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-2330-შ-50-2012 11 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ჯ. რ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება (ბრძანება)

დავის საგანი - სახელისა და გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით (ბრძანებით) გ. კ-ის სახელი და გვარი შეიცვალა ჯ. რ-ით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ჯ. რ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სარჩელი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, დაცულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, სახელისა და გვარის შესაცვლელად დასახელებული პირი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურისდიქციის ქვეშ არ იმყოფება, ასევე არ არის რეგისტრირებული სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლით, ამდენად, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით რაიმე წინააღმდეგობა არ არსებობს, ჯ. რ-მა ასევე წარმოადგინა საქართველოს მოქალაქე გ. კ-ის პასპორტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯ. რ-ის პასპორტის ასლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის განჩინებით ჯ. რ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ჯ. რ-ის შუამდგომლობა კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების (ბრძანების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, დაცულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სახელისა და გვარის შესაცვლელად. დასახელებული პირი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურისდიქციის ქვეშ არ იმყოფება, ასევე არ არის რეგისტრირებული სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლით, ამდენად, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით რაიმე წინააღმდეგობა არ არსებობს, შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებებით: საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ამერიკის მოქალაქის პასპორტის ასლებით, ერთი მხრივ, დასტურდება გადაწყვეტილების მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულების ფაქტი, რასაც შუამდგომლობის ავტორიც ადასტურებს და, მეორე მხრივ, ირკვევა, რომ მოცემული შუამდგომლობის განხილვაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია გააჩნია.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კი, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტორზეც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც ანალოგიურ შემთხვევასთან მიმართებით (სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ) საკასაციო პალატამ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა (იხ. სუსგ №ა-476-შ-22-09; 14 მაისი, 2009 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჯ. რ-ის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. რ-ის შუამდგომლობა კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების (ბრძანების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება (ბრძანება), რომლითაც გ. კ-ის სახელი და გვარი შეიცვალა ჯ. რ-ით.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.