დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.02.2013
საქმის ნომერი
ას-1471-1387-2012
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ ას-1471-1387-2012 1 თებერვალი 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჯ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. რ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჯ-ის მიმართ მართლსაწინააღმდეგო განზრახი ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის – 20000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

მოსარჩელეს დედოფლისწყაროს რაიონში საკუთრების უფლებით გააჩნია 396 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ნაკვეთზე საკუთრების უფლება აღრიცხულია საჯარო რეესტრში. მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ორი ფერმა და ორი საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან ერთი 1998 წლიდან ნაქირავები ჰქონდა მოპასუხეს, რომელმაც ქირის გადახდა შეწყვიტა 2008 წლიდან. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია, უკანონოდ ფლობდა ქონებას და არ აძლევდა მესაკუთრეს ნივთით სარგებლობის შესაძლებლობას. თ. ჯ-ემ მიმართა საგამოძიებო ორგანოს გ. რ-ის მიმართ საძოვრის შეძენის შესახებ დოკუმენტების სავარაუდო გაყალბების შესახებ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით. სიღნაღის რაიონული პროკურატურის მიერ 2011 წლის 22 მაისს შეწყდა წინასწარი გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. მოსარჩელემ კუთვნილი უძრავი ქონებიდან მოპასუხის გამოსახლება შეძლო მხოლოდ პოლიციის დახმარებით. გაფრთხილების მიუხედავად, იმავე ღამეს მოპასუხემ მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია მოსარჩელის კუთვნილ ფერმაში, ბინასა და საძოვარში, რითაც დაარღვია მესაკუთრის უფლებები და მიაყენა მატერიალური ზიანი. დანაშაულის ჩადენის გამო, მოპასუხე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. სისხლის სამართლის საქმეზე გ. რ-ი მიჩნეულ იქნა დაზარალებულად, ხოლო 2011 წლის 23 მაისს თ. ჯ-ესა და პროკურატურას შორის, მოსარჩელის თანხმობით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და თ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. განაჩენით დადგენილია, რომ მოპასუხემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დადგენილია მიზეზობრივი კავშირიც ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და თ.ჯ-ის ბრალეულობა. დადგენილია ასევე მოსარჩელისათვის ამ ქმედების შედეგად 20000 ლარის ოდენობის ზიანის მიყენება, რომლის ანაზღაურებაზეც, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებელია ქმდების ჩამდენი და ეს ზიანი მას ნებაყოფლობით არ აუნაზღაურებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითა შემდეგი გარემოებები:

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის განაჩენით არ არის დადგენილი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 20000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი და არც ის გარემოება, რომ თ. ჯ-ეს დაეკისრა სამოქალაქო წესით პასუხისმგებლობა, მოსარჩელეს არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოთხოვნილი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად, არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების წინაპირობები.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. ჯ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის განჩინებით თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინებით გ. რ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამქეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ჯ-ეს მოსარჩელე გ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 151 ლარის გადახდა, თ. ჯ-ეს მოსარჩელე გ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 14 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის განაჩენით თ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ასევე დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

ვინაიდან მოსარჩელე გ. რ-ისათვის მოპასუხე თ. ჯ-ის მიერ ზიანის მიყენების შესახებ ფაქტი დასტურდებოდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოება ზიანის მიყენების შესახებ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კვლევას არ საჭიროებდა.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოსარჩელე გ. რ-ი მოპასუხე თ. ჯ-ისაგან ითხოვდა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოთხოვნის სფეროა იყო არა სახელშეკრულებო ურთიერთობა, არამედ დელიქტური ურთიერთობა. ამდენად, სამართლებრივი საკითხები გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დამაწესიდან, რომლის თანახმად, ,,პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“.

ზემოთაღნიშნულიდან გამომიდინარე, პალატამ გაიზიარა შემდეგი: მოპასუხე თ. ჯ-ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა; მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი; მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. რაც შეხება ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ“. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სასამართლო ახდენს მტკიცებულებათა შეფასებას, რაც მოიცავს მტკიცებულებათა დასაშვებობისა და უტყუარობის შემოწმებას. აგრეთვე მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობას და მათ შეფასებას ერთობლიობაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლზე, რომლის თანახმად, ,,ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“. 30917 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ,,თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა“. ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ოდენობის დასადგენად დასაშვები მტკიცებულებაა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი. ამასთან, განაჩენი შესაძლებელია საკმარისი აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაში თუ, იგი შეიცავს შესაბამის გაანგარიშებას; ხოლო იმ შემთხვევაში თუ, განაჩენი ზოგადად ადგენს ზიანის მიყენების ფაქტს და არ შეიცავს მიყენებული ზიანის ოდენობის დასაბუთებას, ასეთ შემთხვევაში, საქმის განმხილველმა სასამართლომ 105-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა გამოიკვლიოს სადავო ფაქტობრივი გარემოება დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, პალატის მითითებით, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის განაჩენის შესაბამისად, ,,2011 წლის 28 მარტს, გ. რ-ის განცხადების საფუძველზე, შსს დედოფლისწყაროს რაიონის სამმართველოს მუშაკების მიერ თ. ჯ-ე გამოსახლებული იქნა გ. რ-ის ფერმის ტერიტორიიდან, კერძოდ, მწყემსების საცხოვრებელი სახლიდან და ჩაბარდა მესაკუთრე გ. რ-ს თავისი ქონება. გაფრთხილების მიუხედავად, იმ ღამეს თ. ჯ-ე ფერმასა და საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ შევიდა, რითაც დაარღვია ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა. დანაშაულებრივი ქმედებით თ. ჯ-ემ დაზარალებულ გ. რ-ს წლების განმავლობაში მიაყენა 20 000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.“ აღნიშნული განაჩენით თ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი განაჩენი, კერძოდ, განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი შეიცავდა თ. ჯ-ის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას შესაბამისი გაანგარიშების გარეშე, მხოლოდ მითითებას, რაც მოსარჩელისათვის 20 000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ შეფასდებოდა.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, 2011 წლის 14 ნოემბრის გ. რ-ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ წარმოადგინა მოპასუხის მიერ 2008 წლიდან საძოვრის ქირის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ოდენობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, პალატის მოსაზრებით, ის 2011 წლის 23 მაისის განაჩენში მითითებული ზიანის ოდენობის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან, განსახილველი სარჩელის საფუძველია დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო თ. ჯ-ის დანაშაულებრივი ქმედება 2011 წლის 23 მაისის განაჩენის თანახმად, გამოიხატა 2011 წლის 28 მარტს მოსარჩელის ფერმიდან გამოსახლების შემდგომ, იმავე ღამეს მოსარჩელის კუთვნილ ფერმაში და მწყემსების სახლში მართლსაწინააღმდეგო შესვლაში.

სააპელაციო პალატამ ამასთან ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში მხარეების მიერ მიცემულ შემდეგ განმარტებებზე: მოსარჩელე გ. რ-ის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ ,,2011 წლის 28 მარტიდან, კერძოდ თ. ჯ-ის შეჭრიდან, თ. ჯ-ე 2-3 დღე იმყოფებოდა ფარხეში და შემდეგ გამოასახლა პოლიციამ“, ხოლო რაც შეეხება ფერმაში ყოფნის დროს მიყენებული ზიანს, გ. რ-ის განმარტებით ირკვეოდა, რომ ,,თ. ჯ-ეს არაფერი მოუპარავს. უბრალოდ მან გატეხა ფარეხის კარებზე არსებული ბოქლომი და შეიჭრა ფარეხში“ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმის ჩანაწერი 17:17 საათი).

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა თ. ჯ-ის დანაშაულებრივი ქმედებით 20 000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება, ამასთან, სადავო არ გამხდარა დანაშაულის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი, გ. რ-ის სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა სისხლის სამართლის კოდექსით (177-ე მუხლის მე-3 ნაწილი) განსაზღვრული მნიშვნელოვანი ზიანის მინიმალური ოდენობა - 151 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასჩივრა გ. რ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება წინააღმდეგობრივი იყო ფაქტბრივ გარემოებებთა გამოტანილ დასკვნებსა და გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებასთან მიმართებაში. კასატორის აზრით, არ არის დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ ზიანის ოდენობად 151 ლარი, რომლის რაოდენობის განსაზღვრის მექანიზმი ვერ განმარტა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, არასწორად განმარტა „ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესის შესახებ“ კანონი, როდესაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა თ. ჯ-ის მხრიდან 20000 ლარის ზარალის ფაქტობრივი გარემოება, არ გამოიყენა 309-17 მუხლი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ზიანის განსაზღვრისათვის არასწორად გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავის შენიშვნა, რომ ამ თავში მოქცეული დანაშაულით მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანად ითვლება 150 ლარი, მაშინ როდესაც მისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით, რომელიც შედიოდა არა XXV, არამედ XXIII თავში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. რ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. რ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. რ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე