დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ ას-1582-1485-2012 7 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე.კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე.კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: გაუქმდეს ე.კ-სა და ა.კ-ის საზიარო უფლება შემდეგ უძრავ ქონებებზე, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი დ-ი, ჩალიპირები, ფართი – 1700 კვ.მ (საკადასტრო კოდი: ...) და ქ. თბილისის, „ვ-ი 2-ის“, 1 მ/რ ტერიტორიაზე (ნაკვეთი №9), საკადასტრო კოდი ... შემდეგი საფუძველბით: მოსარჩელის განმარტებით, მხარეების სახელზე საჯარო რეეტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზემოაღნიშნული უძრავი ქონებების 1/2-1/2. მოპასუხესთან განქორწინებულია და წლებია მათ შორის კონფლიქტური ურთიერთობაა. იგი სამუშაოდ წასულია საზღვარგარეთ და არაერთხელ გამოაგზავნა თანხა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, თავისი ხარჯებით აშენებულია შენობა-ნაგებოები, რომლებიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და დაკანონებული, შესაბამისად, იგი ცხოვრობს სხვა მისამართზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მას და ა.კ-ეს შორის უძრავ ქონებებზე არსებული საზიარო უფლების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ე.კ-ის სარჩელი ა.კ-ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ე.კ-სა და ა.კ-ის საზიარო უფლება, ქ. თბილისი, „ვ-ი 2“-ის 1 მ/რ ტერიტორიაზე (ნაკვეთი N9), ფართი 603 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე უძრავ ქონებაზე; ქ. თბილისი, „ვ-ი 2“-ის I მ/რ ტერიტორიაზე (ნაკვეთი N9), ფართი 603 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე უძრავი ქონების გაყოფა განხორციელდებოდა საქმეში არსებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2011 წლის 18 ივლისის N5-013496-2011 დასკვნის შესაბამისად (დანართი N8), კერძოდ, ე.კ-ეს მიეკუთვნა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის (დანართი N8) თანახმად, 301,5-0 კვ.მ. (მწვანე ფერით დაშტრიხული), ხოლო ა.კ-ეს მიეკუთვნა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის (დანართი N8) თანახმად 301,5-0 კვ.მ. (ლურჯი ფერით დაშტრიხული); ე.კ-ის სარჩელი ქ. თბილისი, სოფ. დ-ი, ჩალიპირები, ფართი 1 700 კვ.მ, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი: ...) ნატურით გამიჯვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2011 წლის 18 ივლისის N5-013496-2011 დასკვნა წარმოადგენდა აღნიშნული გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ე.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, სოფ. დ-ი, ჩალიპირები, ფართი 1 700 კვ.მ ფართი, (საკადასტრო კოდი: ...) წარმოადგენს ე.კ-ის (1/2 წილი) და ა.კ-ის (1/2 წილი) თანასაკუთრებას.
უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, „ვ-ი 2“-ის I მ/რ ტერიტორიაზე (ნაკვეთი N9), საკადასტრო კოდი: .... წარმოადგენს ე.კ-ის (1/2 წილი) და ა.კ-ის (1/2 წილი) თანასაკუთრებას.
ქ. თბილისი, „ვ-ი 2“-ის I მ/რ ტერიტორიაზე (ნაკვეთი N9) მდებარე მიწის ნაკვეთის გამიჯვნა მხარეთა 1/2-1/2 წილების შესაბამისად, ღირებულების შემცირების გარეშე, შესაძლებელია.
უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, სოფ. დ-ი, ჩალიპირები, ფართი 1 700 კვ.მ., გამიჯვნა შეუძლებელია.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 173.1-ე, 961.1-ე, 963-ე მუხლებით და განმარტა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2011 წლის 18 ივლისის N5-013496-2011 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისი, სოფ. დ-ი, ჩალიპირებში მდებარე უძრავი ქონების ნატურით გაყოფა, მხარეების კუთვნილი ½ და ½ წილების გათვალისწინებით, ღირებულების შემცირების გარეშე - ისე, რომ არ დაირღვეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები - შეუძლებელია. ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია N4, N5, N6 და N7 დანართების შესაბამისად (ტ. I. 198-212, 239-240), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისი, სოფ. დ-ი, ჩალიპირებში მდებარე თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით და იგი მართებულად არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ე.კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ე.კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300) ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ე.კ-ეს დაუბრუნდეს თ. ბ-ის მიერ 2012 წლის 18 დეკემბერს №... სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300) ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე