დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 11.11.2013
საქმის ნომერი
ას-619-589-2013
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ ას-619-589-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე ა. ყ-ის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის (2009-2010 წლები) – 1250 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 30 ოქტომბრის 3-563 ბრძანებით, ნ. გ-ე ჩაირიცხა სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ფინანსები და საბანკო საქმის სპეციალობაზე, მაგისტრატურის საგანმანათლებო პროგრამაზე. დადგენილია, რომ 2009 წლის 29 ოქტომბერს, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნ. გ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები; დასახელებული ხელშეკრულებით უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება ”მაგისტრანტის” ნ. გ-ის წინაშე უზრუნველეყო ის შესაბამისი საფეხურის ხარისხიანი უმაღლესი განათლებით, ხოლო მაგისტრანტმა აიღო ვალდებულია სწავლის საფასურის გადახდის შესახებ. ხელშეკრულების დადებისას სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენდა 5000 ლარს ორივე სასწავლო წლისათვის; მოცემული ხელშეკრულების თანახმად, დადგენილია, რომ ”მაგისტრანტს” სასწავლო წლის საფასურის გადახდა უნდა განეხორციელებინა სემესტრულად. ანუ შესაბამისი წლიური საფასურის ნახევარი უნდა გადაეხადა შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო დარჩენილი მეორე ნახევარი გაზაფხულის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში; მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2. მუხლით, დადგენილია, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა სწავლის ნებაყოფლობით მიტოვება. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით №3-9, 22.01.2010წ. სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 2009-2010 სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს, მათ შორის მაგისტრანტ ნ. გ-ეს. უნივერსიტეტის მხრიდან დავალიანება განისაზღვრა 1250 ლარით, ერთი სასწავლო სემესტრის საფასურის სახით. დადგენილია, რომ ნ. გ-ის მიერ არ არის გადახდილი სწავლის საფასური. ამასთან დადგენილია, რომ მას სასწავლო კურსი არ გაუვლია და შესაბამისად უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ მიუღია;

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ. გ-ემ სწავლა მიატოვა ნებაყოფლობით, ისე რომ მას არ მიუღია არანაირი მომსახურება, რაც მას ასევე არ ავალდებულებს სწავლის საფასურის გადახდას;

პალატამ მიუთითა ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქაქრთველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14 პუნქტზე და ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ 2009 წლის 30 ოქტომბერს, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა. ყ-ის შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები; მოცემული ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტი ყველა პირობას შექმნის სტუდენტის სწავლა აღზრდისათვის, შესაძლებლობის მიხედვით უზრუნველყოფს მას სწავლისათვის აუცილებელი დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ხარისხიანი განათლებით . . . , ხოლო ,,სტუდენტი’’ იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულებს უნივერისტეტის შინაგანაწესის მოთხოვნებს, უნივერისტეტის ადმინისტრაციის ბრძანებებს. ამავე ხელეკრულებით განისაზღვრა, რომ თუ სტუდენტი უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ გადაიხდიდა სწავლის საფასურს, ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან. სტუდენტი ასევე ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან სწავლის ნებაყოფლობით მიტოვების შემთხვევაშიც. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდგომ დგება წერილობითი გარიგება, ხელშეკრულება, სტუდენტსა და რექტორს შორის, სადაც გაწერილია ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლებზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ წერილობითი ხელშეკრულებაა ის კანონშესაბამისი მტკიცებულება, სადაც უნდა ასახულიყო მხარეთა ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, ასევე მათი უფლებები, მათ შორის კი უმთავრესი, სწავლის საფასურის ოდენობა, მისი გადახდის წესი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მისი შეწყვეტის საფუძვლები და ა.შ. 2009 წლის 30 ოქოტომბრის ხელშეკრულების თანახმად, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში სწავლის შესაბამისი საფასურის არ გადახდის შედეგი იყო ის, რომ სტუდენტი ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან (გაირიცხებოდა). ასევე სტუდენტის მიერ 2 თვეზე მეტი ვადით სწავლის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში სტუდენტი ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან (გაირიცხებოდა). ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქაქრთველოს კანონის 43-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრულია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის წესი, რომლის მე-4 მუხლის თანახმად: სტუდენტი ვალდებულია დადგენილი წესითა და ვადებში გადაიხადოს რსუ-ს მიერ დადგენილი სწავლის საფასური ან დაფაროს განსხვავება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასწავლო გრანტსა და რსუ-ს მიერ დადგენილ სწავლის საფასურს შორის. სტუდენტმა ყოველი სასწავლო წლისათვის სწავლის საფასური უნდა გადაიხადოს სემესტრულად, შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში სწავლის საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი 50% გაზაფხულის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში. ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად: რსუ-ს სტუდენტი (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის) თუკი შესაბამისი სწავლის საფეხურის ყოველი სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას - არ გადაიხდის სწავლის საფასურს სრულად, შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადახდამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ამ ვადის უშედეგოდ გავლის შემთხვევაში კი, შეუწყდება რსუ-ს სტუდენტის სტატუსი და სასწავლო ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის №126 დადგენილებით დადგენილია, რომ 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სააუდიტორო სამუშაოები მაგისტრანტებისათვის დაიწყო 2009 წლის 2 ნოემბერს და დამთავრდა 2010 წლის 22 იანვარს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სადაც განისაზღვრა ურთიერთვალდებულებები სწავლის საფასურის გადახდის წესთან დაკავშირებით მითითებულია, რომ მაგისტრანტი სწავლის საფასურს იხდის სემესტრულად, წლიური საფასურის ნახევარს შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში; დადგენილია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 30 ოქტომბერს, მაგისტრატურაში კი მოპასუხე უნივერსიტეტის ბრძანების თანახმად ჩაირიცხა 2009 წლის ასევე 30 ოქტომბერს, შესაბამისად, პირველი სასწავლო წლისათვის მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2009 წლის შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან ერთ თვეში, ანუ 2009 წლის 02 დეკემბრამდე. დადგენილია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით №3-9, 22.01.2010წ. სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 2009-2010 სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს, მათ შორის მაგისტრანტ ნ. გ-ეს. უნივერსიტეტის მხრიდან დავალიანება განისაზღვრა 1250 ლარით, ერთი სასწავლო სემესტრის საფასურის სახით. პალატამ მიუთითა, რომ იმ დროს, როცა ა. ყ-ის მიმართ მოხდა ბრძანების მიღება სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე, უკვე არსებობდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, მას 2 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული ჰქონდა სწავლა თვითნებურად, რაც უნივერსიტეტს არ განუხორციელებია. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სტუდენტი მხოლოდ მაშინაა ვალდებული გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ მას შესაძლებლობა ექნება მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან, ისწავლოს, ან მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი. დადგენილია, რომ მოპასუხეს უნივერსიტეტში მაგისტრატურის სასწავლო კურსი არ გაუვლია. ასეთი ფაქტობრივი და სამართლებრივი რეალობის პირობებში კი, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების რაიმე საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩვრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმეზე წარდგენილი ხელშეკრულება და არასწორად გაანაწილა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი და მხოლოდ მოსარჩელეს დააკისრა იგი. სასამართლომ არასწორად შეაფასა უნივერსიტეტის მიერ მითითებული ფაქტები და მტკიცებულებები, რაც საფუძვლად ჰქონდა დადებული მოთხოვნას, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება მთლიანად დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სტუდენტს მომსახურება არ მიუღია და, რომ თითქოს სტუდენტი მაშინ არის ვალდებული გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ მომსახურებას მიიღებს. აღნიშნული მტკიცება არ გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან და არც სწავლის საფასურის გადახდის წესის შინაარსიდან.

კასატორის აზრით, საამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უნივერსიტეტი მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, სტუდენტს ფინანსური დავალიანების გადაუხდელობის გამო, დადგენილი წესის შესაბამისად, არ დაარიცხოს სწავლის საფასური და შეუწყვიტოს ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალქო კოდექსის 361-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისისის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150ლარი) 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 10 ივნისს №733 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე