დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ ას-776-737-2013 9 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ლ-ის და სსიპ შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 აპრილის №007-2812 ბრძანების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახდო საქმეთა ოფიცრის ნ. დ-ის მიერ 2012 წლის 21 ივნისს შედგენილი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული, მოსარჩელე მ. ლ-ის კუთვნილი შემდეგი ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლება: ა) პატარა მაგიდა გრძელი ფეხით; ბ) ღამის ნათურა; გ) 4 ერთეული ხის სკამი წითელი ზედაპირით; დ) კომპიუტერის მაგიდა; ე) საკერავი მანქანა ”ლუჟნიკი”; ვ) მისაღების სამეული; ზ) კედლის საათი; თ) ტელეფონის დასადგამი მაღალ ფეხზე; ი) გაზქურა 4 კამფორით; კ) მუსიკალური ცენტრი ”ელსეი”; ლ) მიკროტალღური ღუმელი; მ) მეორე კედლის საათი; ნ) გათბობის ქვაბი; ო) ხის დიდი მაგიდა; პ) 4 ერთეული ჭაღი; რ) სამსანათურიანი მისაღების ჭაღი; ს) კედლის ბრა (მოისმინეთ 2012 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, იხ. ს.ფ. 110, 136-140).
მოპასუხეთაგან მოვალე მ. ლ-ემ სარჩელი ცნო. სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან განთავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 აპრილის N007-2812 ბრძანების საფუძველზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახდო საქმეთა ოფიცრის ნ. დ-ის მიერ 2012 წლის 21 ივნისს შედგენილი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული, მოსარჩელე მ. ლ-ის კუთვნილი შემდეგი ნივთები: ა) პატარა მაგიდა გრძელი ფეხით; ბ) ღამის ნათურა; გ) 4 ერთეული ხის სკამი წითელი ზედაპირით; დ) კომპიუტერის მაგიდა; ე) საკერავი მანქანა ”ლუჟნიკი”; ვ) მისაღების სამეული; ზ) კედლის საათი; თ) ტელეფონის დასადგამი მაღალ ფეხზე; ი) გაზქურა 4 კამფორით; კ) მუსიკალური ცენტრი ”ელსეი”; ლ) მიკროტალღური ღუმელი; მ) მეორე კედლის საათი; ნ) გათბობის ქვაბი; ო) ხის დიდი მაგიდა; პ) 4 ერთეული ჭაღი; რ) სამსანათურიანი მისაღების ჭაღი; ს) კედლის ბრა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვრა სსიპ სემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვტეილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება ქ. თბილისში, ვ-ის პირველ მიკრორაიონში, კორპუსი N15 მისამართზე მდებარე N83 ბინაში განთავსებული ნივთების მოვალე მ. ლ-ის კუთვნილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვით ,,თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ)’’. მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავი ეხება მოწმეთა ჩვენებებს, როგორც მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს 2012 წლის 21 ივნისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებულ მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების ფაქტი. კერძოდ, მოწმეებმა: ლია წკრიალაშვილმა და ნანული ზარიამ დაადასტურეს, რომ დაყადაღებული ნივთები იყო მხოლოდ მ. ლ-ის საკუთრება და მ. ლ-ე მხოლოდ დროებით ცხოვრობდა დის - მ. ლ-ის კუთვნილ ბინაში.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დასტურდებოდა სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება. ასეთ პირობებში საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურზე, რომელმაც მათ მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება დაუპირისპირა და თავისი იმ პოზიციის დასადასტურებლად, რომ სადავო ნივთები არ ეკუთვნოდა მოსარჩელეს, სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება. ასეთ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მხარეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი აპელანტმა ვერ განახორციელა – მოსარჩელეს მტკიცებულებებს საწინააღმდეგო მტკიცებულებები ვერ დაუპირისპირა.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158.1-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელე მ. ლ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მათზე მფლობელობას წლების განმავლობაში ახორციელებდა მოსარჩელე, რაც ზემოთ მითითებულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, პალატას საფუძველს აძლევს დასკვნისათვის, რომ ეს ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და მარტო ის ფაქტი, რომ ნივთები დაყადაღებულია მოვალის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს იმ გარემოებას, რომ ისინი მიჩნეულ იქნეს მოვალის საკუთრებად.
ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ვ-ის პირველ მიკრორაიონში, კორპუსი N15 მისამართზე მდებარე N83 ბინაში არსებული დაყადაღებული მოძრავი ნივთები მ. ლ-ის საკუთრებაა.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების შესახებ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე მითითებით, ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სარჩელი მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები მ. ლ-ის საკუთრებას წარმოადგენდა, რის გამოც არსებობდა მოსარჩელის კუთვნილი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლების საფუძველი, რაც კასატორის აზრით, არასწორია, ვინაიდან არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო წესით განხილვის სტადიაზე, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთებზე მ. ლ-ის საკუთრების უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებული სახლემწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე