გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 06.03.2014
საქმის ნომერი
ას-131-124-2014
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-131-124-2014 6 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ფ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ფ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. მ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 3590 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. მ-ს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 590 აშშ დოლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით იყო შეტანილი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა აპელანტის (მოპასუხე) წარმომადგენელი ნათელა თოფურია. დასაბუთებული გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელს გადაეცა ხელზე 2013 წლის 5 დეკემბერს, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული განცხადება-ხელწერილით. მიუხედავად წარმომადგენლის მიერ გადაწყვეტილების ხელზე ჩაბარებისა, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მისი გამოცხადებიდან 30–ე დღეს - 2013 წლის 29 ნოემბრიდან და გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 12 დეკემბერს. დადგენილია, რომ მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩაბარდა 2013 წლის 13 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

აღნიშნული განჩინება მ. მ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 30 ოქტომბერს, შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარე 19-დან 29 ნოემბრამდე უნდა გამოცხადებულიყო. 2013 წლის 27 ნოემბერს მ. მ-ი სასამართლოში გამოცხადდა და დაწერა განცხადება გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ ჩააბარეს 5 დეკემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან უნდა დაიწყოს..

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.

იმ შემთხვევაში, თუ მხარე ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, აღნიშნული გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვერც გასაჩივრების ვადის 30-ე დღიდან ათვლას გამოიწვევს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარების მომენტიდან უნდა აითვალოს, ამასთან, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ სასამართლოსადმი გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვის ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2013 წლის 30 ოქტომბერს გამოცხადდა. სხდომას ესწრებოდა მ. მ-ის წარმომადგენელი ნ. თ-ა, შესაბამისად, გასაჩივრების მსურველი მხარე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო 19-დან 29 ნოემბრის ჩათვლით. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 28-ე დღეს - 2013 წლის 27 ნოემბერს მ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. თ-ამ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ განცხადებით მიმართა, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მას 5 დეკემბერს ჩაბარდა, ამდენად, მხარემ შეასრულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება და ამავე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში გამოცხადდა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით, გადაწყვეტილება 5 დეკემბრამდე ვერ ჩაბარდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან უნდა დაიწყოს და არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. მ. მ-ის წარმომადგენელს გადაწყვეტილება 2013 წლის 5 დეკემბერს ჩაბარდა, შესაბამისად, მას სააპელაციო საჩივრის შეტანა 19 დეკემბრის ჩათვლით შეეძლო. სააპელაციო საჩივარი 13 დეკემბერს, 14-დღიანი ვადის დაცვითაა შეტანილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინება და საქმე მ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე