დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 19.12.2014
საქმის ნომერი
ას-1107-1056-2014
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.12.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1107-1056-2014 19 დეკემბერი, 2014 წელი,ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ზურაბ ძლიერიშვილი, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. ს-ა (მოპასუხე)

წარმომადგენელი - დ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე - იმა „გ-ი“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ბ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „გ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. ს-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 12050 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით იმა „გ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ს-ას მოსარჩელის სასარგებლოდ 12050 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიექცა აუქციონზე იძულებით სარეალიზაციოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინებით გ. ს-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს - 25 ივლისს ჩაიბარა, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყო და 8 აგვისტოს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 11 აგვისტოსაა შეტანილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დარღვეული არ ყოფილა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან დაიწყებოდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 11 აგვისტოსაა შეტანილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ. ს-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 4 ივლისს გამოცხადდა. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, ასევე ადასტურებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება 25 ივლისს ჩაიბარა, სააპელაციო საჩივარი კი, 11 აგვისტოს შეიტანა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

ზემოაღნიშნული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ს-ამ დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში - 25 ივლისს ჩაიბარა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61 მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 26 ივლისიდან დაიწყო და 8 აგვისტოს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი, 11 აგვისტოსაა შეტანილი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გ. ს-ას მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან დაიწყებოდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში ნათლადაა მითითებული, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ს-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ს-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ზ. ძლიერიშვილი

ლ. მურუსიძე