შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-482-456-2014 8 დეკემბერი, 2014 წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. ქ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. კ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. ქ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხესთან დადებული უძავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა, გაუქმდა მასა და გ. ქ-ს შორის ქ. თბილისში, ა-ას N1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 2006 წლის 25 მაისს და 2010 წლის 30 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულებები.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ქ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით აპელანტ გ. ქ-ს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ და აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 18 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. ქ-მა, რომელმაც მიუთითა, რომ ლ. კ-ა გარდაიცვალა და მოითხოვა მოცემულ საქმეზე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმა. განცხადებას ერთვის ლ. კ-ას გარდაცვალების მოწმობა და მ. ქ-ის დაბადების მოწმობა, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ მ. ქ-ი ლ. კ-ას შვილია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება გ. ქ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება გ. ქ-ის კერძო საჩივარზე, საქმეზე - ლ. კ-ას სარჩელის გამო გ. ქ-ის მიმართ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე 3 თვით შეჩერდა ლ. კ-ას უფლებამონაცვლის დასადგენად.
2014 წლის 3 ოქტომბერს მ. ქ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა ნოტარიუს მ. დ-ის დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემის შეჩერების შესახებ. სანოტარო აქტიდან და თანდართული მასალებიდან უტყუარად ირკვევა, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით ნოტარიუსს ლ. კ-ას ორივე პირველი რიგის მემკვიდრემ მიმართა.
2014 წლის 8 დეკემბერს მ. ქ-მა წარმოადგინა მის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, ამასთან სანოტარო აქტით ირკვევა, რომ ლ. კ-ას ანდერძის საფუძველზე, სამკვიდრო გ. ქ-მა მიიღო, ხოლო მ. ქ-მა მიიღო სავალდებულო წილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საქმის წარმოება გ. ქ-ის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია გ. ქ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინებაზე. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელე იყო ლ. კ-ა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. ქ-მა, რომელმაც მიუთითა, რომ ლ. კ-ა გარდაიცვალა და მოითხოვა მოცემულ საქმეზე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმა. განცხადებას ერთვის ლ. კ-ას გარდაცვალების მოწმობა და მ. ქ-ის დაბადების მოწმობა, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ მ. ქ-ი ლ. კ-ას შვილია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება გ. ქ-ის კერძო საჩივარზე, საქმეზე - ლ. კ-ას სარჩელის გამო გ. ქ-ის მიმართ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე 3 თვით შეჩერდა ლ. კ-ას უფლებამონაცვლის დასადგენად.
2014 წლის 3 ოქტომბერს მ. ქ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა ნოტარიუს მ. დ-ის დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემის შეჩერების შესახებ. სანოტარო აქტიდან და თანდართული მასალებიდან უტყუარად ირკვევა, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით ნოტარიუსს ლ. კ-ას ორივე პირველი რიგის მემკვიდრემ მიმართა.
2014 წლის 8 დეკემბერს მ. ქ-მა წარმოადგინა მის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, ამასთან სანოტარო აქტით ირკვევა, რომ ლ. კ-ას ანდერძის საფუძველზე, სამკვიდრო გ. ქ-მა მიიღო, ხოლო მ. ქ-მა მიიღო სავალდებულო წილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281.(ა) მუხლის საფუძველზე, გარდაცვლილი მხარის უფლებამონაცვლე უნდა იყოს პირი, რომელმაც სამკვიდრო მიიღო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ლ. კ-ა იყო, ხოლო მოპასუხე - გ. ქ-ი.
საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტები ადასტურებს, რომ ლ. კ-ას სამკვიდრო მისმა ორმა პირველი რიგიც მემკვიდრემ მიიღო - გ. ქ-მა და მ. ქ-მა, ანუ, გ. ქ-ი, რომელიც მოცემულ საქმეში მოპასუხე იყო, მოსარჩელის უფლებამონაცვლეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის კერძო საჩივარზე დავის საგანი აღარ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ გარდაცვლილი ლ. კ-ა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას დასაჩუქრებულის უმადურობის გამო ითხოვდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა ნივთის გამჩუქებელს შეუძლია და არა მის მემკვიდრეებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება გ. ქ-ის კერძო საჩივარზე, საქმეზე - ლ. კ-ას სარჩელის გამო გ. ქ-ის მიმართ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე