დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1306-1244-2014 19 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ყ-ა (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. გ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორის)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება (ძირითად სარჩელში), ბავშვის ნახვის წესის განსაზღვრა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ყ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. გ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების სარჩენად ალიმენტის, თითოეული ბავშვის სარჩენად ყოველთვიურად 1000 ლარის დაკისრების შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ... წლის ... იანვარს დაბადებული ე. გ-ი და ... წლის ... სექტემბერს დაბადებული დ. გ-ი. ამჟამად მხარეები ერთად არ ცხოვრობენ და ბავშვები მოსარჩელესთან იზრდებიან. მოპასუხე თავს არიდებს ბავშვების რჩენას. მოსარჩელ დროებით უმუშევარია. მისთვის ცნობილია, რომ მოპასუხე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ (ს.კ. .......), გარდა ამისა, ის საკუთრების უფლებით ფლობს ქ.თბილისში, ა. დ-ის №43 კორპუსის №35 ბინას, №18 ავტოფარეხს, რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალებას. ასევე მას იჯარით აღებული აქვს გარკვეული კომერციული ფართი, სავაჭრო მაღაზია შპს „ლ.-ში“.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ – თვეში 50-50 ლარის გადახდის ნაწილში ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა შვილების ნახვის დროის განსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ყ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა შვილების სარჩენად ყოველთვიურად 360 ლარის ანაზღაურება სარჩელის აღძვრის მომენტიდან შვილების სრულწლოვანებამდე, შეგებებული სარჩელი შვილების ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა შვილების სარჩენად ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურება სარჩელის აღძვრის მომენტიდან შვილების სრულწლოვანებამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რ. გ-სა და მ. ყ-ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – .... წლის ... სექტემბერს დაბადებული დ. გ-ი და .... წლის .. იანვარს დაბადებული ე. გ-ი. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ მ. ყ-ასთან, ამ უკანასკნელის მშობლების ბინაში. მოსარჩელე უმუშევარია.
მოპასუხე რ. გ-ს შპს „ლ.-ში“ იჯარით აღებული აქვს კომერციული ფართი. 2013 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით შემოსავალი არ უფიქსირდება. 2012 წლის მონაცემების თანახმად კი, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 370 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რ. გ-ის სახელზე საჯარო რეესტრში ირიცხება ქ.თბილისში, ა. დ-ის №.. კორპუსის №.. ბინა, №18 ავტოფარეხი, რ. გ-მა 2011 წლის 22 აგვისტოს შეიძინა და მის სახელზე რეგისტრირებულია „ბმვ X5“ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
2014 წლის 17 ივნისიდან რ. გ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ. ა-ასთან. .... წლის .... ივნისს რ. გ-ს მ. ა-ასთან შეეძინა შვილი – ი. გ-ი. აპელანტის მიერ 2014 წლის 22 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი რ. გ-ის 2013 წლის საშემოსავლო დეკლარაციით, რ. გ-ის 2013 წლის შემოსავალი თვეში შეადგენს 183 ლარს. ალიმენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის თანახმად, რ. გ-მა მ. ყ-ას თავისი არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის სახით ჩაურიცხა 500-500 ლარი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლზე, 1197-ე მუხლის პირველი წინადადებაზე, 1202-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად კი, მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება – უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის, 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ერთი მხრივ, გასათვალისწინებელია ბავშვების ასაკი, მათი მოთხოვნილებები, ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი დ. და ე. გ-ები ცხოვრობენ დედასთან – მ. ყ-ასთან, რომელიც უმუშევარია, ხოლო, მეორე მხრივ, რ. გ-ის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას (აპელანტს შექმნილი აქვს ახალი ოჯახი და ... წლის ... ივნისს შეეძინა შვილი – ი. გ-ი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა (თითოეულ ბავშვზე 180-180 ლარი) უნდა შემცირდეს 60 ლარით და საბოლოოდ, რ. გ-ს არასრულწლოვანი შვილების – .... წლის ... სექტემბერს დაბადებული დ. გ-ის და .... წლის ... იანვარს დაბადებული ე. გ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის სახით 300 ლარი (თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარი), რომლის გადახდევინება უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან – 2013 წლის 13 სექტემბრიდან და გაგრძელდეს ბავშვების სრულწლოვანებამდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის შემცირების ნაწილში მ. ყ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უნდა ეხელმძღვანელა შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებით, უმუშევარი დედისა და მცირეწლოვანი შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობით.
სააპელაციო პალატამ არასწორად შეუმცირა ბავშვებს ალიმენტის ოდენობა მაშინ, როდესაც რ. გ-ს იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი შპს „ლ.-ში“, საკუთრებაში აქვს სამოთახიანი ბინა, ავტოფარეხი, საკუთრებაში ჰყავს ძვირადღირებული ავტომანქანა „ბმვ X5“. ის სისტემატურად კვეთს საქართველოს საზღვრებს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს მის მყარ ფინანსურ მდგომარეობაზე. სააპელაციო სასამართლომ კი, მხოლოდ 2013 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით რ.გ-ს სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლის დაუფიქსირებლობის გამო, შეუმცირა გადასახდელი ალიმენტის ოდენობა. მართალია, ოფიციალურად არ დასტურდება, რომ გ-ს გააჩნია შემოსავალი, მაგრამ ფაქტობრივად შეუძლია, თავის მცირეწლოვან შვილებს გადაუხადოს თვეში 180-180 ლარი. შესაბამისად, მ. ყ-ამ მიიჩნია, რომ აპელანტი მალავდა თავის რეალურ შემოსავალს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მ. ყ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ყ-ა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რ. გ-სა და მ. ყ-ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – .... წლის .... სექტემბერს დაბადებული დ .გ-ი და ... წლის .. იანვარს დაბადებული ე. გ-ი. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ მ. ყ-ასთან, ამ უკანასკნელის მშობლების ბინაში. მოსარჩელე უმუშევარია.
მოპასუხე რ. გ-ს შპს „ლ.-ში“ იჯარით აღებული აქვს კომერციული ფართი. 2013 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით შემოსავალი არ უფიქსირდება. 2012 წლის მონაცემების თანახმად კი, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 370 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რ. გ-ის სახელზე საჯარო რეესტრში ირიცხება ქ.თბილისში, ა. დ-ის №... კორპუსის №... ბინა, №18 ავტოფარეხი, რ გ-მა 2011 წლის 22 აგვისტოს შეიძინა და მის სახელზე რეგისტრირებულია „ბმვ X5“ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
2014 წლის 17 ივნისიდან რ. გ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ. ა-ასთან. .... წლის ... ივნისს რ. გ-ს მ. ა-ასთან შეეძინა შვილი – ი. გ-ი. აპელანტის მიერ 2014 წლის 22 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი რ. გ-ის 2013 წლის საშემოსავლო დეკლარაციით, რ. გ-ის 2013 წლის შემოსავალი თვეში შეადგენს 183 ლარს. ალიმენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის თანახმად, რ. გ-მა მ. ყ-ას თავისი არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის სახით ჩაურიცხა 500-500 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მშობლების საალიმენტო ვალდებულებებთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2011 წლის 4 მარტის №ას-1356-1194-2010 განჩინება).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში მათ სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ.
ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ყ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე